in

ნათელი სახლი ფერადი აქცენტებით – თამარა წითლიძეს პროექტი საირმის ქუჩაზე

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ თამარა წითლიძეს პროექტს, რომელიც საირმის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 80 მ²-ია.

ამ პროექტზე მუშაობისას დიზაინერის მთავარი ამოცანა თანამედროვე ინტერიერის შექმნა იყო.

ბინაში განთავსებულია სტუდიოს ტიპის მისაღები-სამზარეულო, ორი საძინებელი და ორი სველი წერტილი. მისაღები სივრცე შავი, თეთრისა და წითელი ფერის კონტრასტს წარმოადგენს. აქ შავ-თეთრი ტექსტურით გაფორმებული სავარძელი პირველივე შეხედვიდან იპყრობს ყურადღებას, ხოლო მის წინ წითელი ტელევიზორის მაგიდა სივრცეს დინამიკურობას მატებს. მუქი ნაცრისფერი დივანი ჰარმონიულად ეხამება შავ ყავის მაგიდას, რაც საბოლოო ჯამში, დახვეწილ ინტერიერს ქმნის. თეთრი კედლები სივრცეს სისუფთავესა და სინათლეს სძენს, ხოლო ლურჯ ფარდებს ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს. შავი კონდიციონერი დიზაინის დასრულებული შტრიხია, რომელიც მინიმალისტური აქცენტით ერწყმის საერთო კომპოზიციას.

სივრცის მეორე ნაწილში განთავსებულია შავი მაგიდა, რომელსაც ელეგანტურად ავსებს ნაცრისფერ-შავ დეტალებში გაწყობილი რბილი ტექსტურის სკამები. ტალღოვანი ფორმის ჭაღი მაგიდის თავზეა განთავსებული და საერთო ხედს უფრო მიმზიდველს ხდის. ყურადღებას ასევე იქცევს სარკე წითელი კანტებით, რომელიც ინტერიერს განუმეორებელ ხასიათსა და ენერგიას სძენს.

სამზარეულოს სივრცე მკვეთრად გაჯერებულია სიმსუბუქით და მასში თეთრი ფერი დომინირებს. კედლის მცირე მონაკვეთი და სამზარეულოს ზედაპირი თეთრი მარმარილოთია გაფორმებულია. ხის იატაკი კი ამ ერთფეროვან პალიტრას სითბოსა და ბუნებრივ შარმს მატებს, ქმნის ბალანსს ცივ ტონებსა და თბილ ელემენტებს შორის.

„ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ფერების არჩევის პროცესი. საკმაოდ თამამი და ლამაზი ფერები ავირჩიეთ. სამზარეულოზე გავაკეთეთ აქცენტი, რომ ის ყოფილიყო სახლის სილამაზის ცენტრი,“ – გვიამბობს ინტერიერის დიზაინერი თამარა წითლიძე.

საძინებელში მონოქრომული, თეთრი ფერი ჭარბობს, რასაც ხის იატაკი თბილ იერს მატებს. საწოლი თავისი ორიგინალური შავ-თეთრი ტექსტურით მიმზიდველ ვიზუალურ აქცენტს ქმნის. წითელი ტუმბოები, თეთრი მარმარილოს ზედაპირით კი ესთეტიკურად ეხამება სივრცეში განთავსებულ ავეჯს. აქვე მოთავსებული გრძელი სარკე ინტეგრირებული განათებით ოთახს სიმყუდროვეს მატებს.

რაც შეეხება სააბაზანოს, აქ გვხვდება მარტივი და გემოვნებით შერჩეული ფერების პალიტრა. თეთრი და შავი ფილები ერთმანეთს ეხამება და ქმნის ელეგანტურ სივრცეს, სადაც ყველა საჭირო ფუნქციური დანადგარია.

“ნათელი სახლი ფერადი აქცენტებით,” – ასე აღწერს პროექტის ავტორი ბინას. ბინა ნამდვილად ასახავს ნათელი სახლის კონცეფციას, სადაც თეთრი ტონები სივრცეს სინათლესა და სიმსუბუქეს მატებს, ხოლო ფერადი აქცენტები ენერგიასა და ხასიათს. დიზაინი ჰარმონიულად აერთიანებს სიმარტივეს, ელეგანტურობასა და კონტრასტულ დეტალებს, რაც სახლს ნამდვილად თანამედროვე და გამორჩეულ იერს აძლევს.

პროექტის ავტორი: თამარა წითლიძე

დიზაინ სტუდია: Design Studio Khazi By Tamara Tsitlidze

ბუნებასთან იდეალურად შერწყმული სახლი ლონგ აილენდზე