in

თანამედროვე ინტერიერი კლასიკური ელემენტებით საირმის ქუჩაზე — ნინი ელისაშვილის ნამუშევარი

საირმის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი ბინა, რომლის ფართობი 113 მ2-ია, დიზაინერ ნინი ელისაშვილის ნამუშევარია. სახლი ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლის მთავარი სურვილი ნათელი და თბილი გარემოს შექმნა იყო. საპროექტო დავალება გულისხმობდა თანამედროვე ინტერიერის მოწყობას, რომელიც მცირე რაოდენობის მოლდინგებითა და ხის ფაქტურით მოპირკეთდებოდა. ასევე, აუცილებელი იყო სამზარეულოსთვის დიდი ადგილის დათმობა და მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფა.

დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორმა დერეფანსა და მისაღებ ოთახში განათავსა მრგვალი მოლდინგები შეკრული დაბოლოებების გარეშე. კედლები სადა ქაღალდითა და ღია ფერის საღებავით გააფორმა. ხისა და ტილოს ფაქტურის ავეჯით კი ბინაში სიმშვიდე და სიმყუდროვე შეიტანა.

დიზაინერი აღნიშნავს, რომ პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა სივრცის სწორად და ფუნქციურად გადანაწილება გახდა, რადგან მისთვის ტიხრების დემონტაჟი და სივრცეების კომფორტულად მოწყობა საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმე აღმოჩნდა.

საცხოვრებელი მოიცავს დერეფანს, გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს, ორ საძინებელს, ორ სველ წერტილს და სამრეცხაო ოთახს. თავდაპირველ პროექტში სამზარეულო და მისაღები ერთმანეთისგან ტიხრებით იყო გამიჯნული, რის გამოც სივრცე იკარგებოდა. გეგმარებითი სამუშაოების შედეგად კი აღნიშნული ზონები გაერთიანდა და ფუნქციური თვალსაზრისით სამ ნაწილად — სამზარეულოდ, სასადილო და მოსასვენებელ კუთხეებად დაიყო. ხოლო მთავარ საძინებელში საგარდერობო და სველი წერტილი დაპროექტდა.

ღია გეგმარების მქონე გაერთიანებულ სივრცეში თბილი თეთრი ტონალობის კედლებს სასიამოვნოდ ერწყმის შედარებით მუქი ხის ტონალობის ლამინირებული იატაკი. მოსასვენებელ კუთხეში ტილოს ფაქტურის რბილი თეთრი ტახტი დგას, რომელიც ამავე ფერის ტელევიზორის კედელს უკავშირდება და მოლდინგებით მოპირკეთებულ კედელთან სინთეზით, სივრცის ერთიანობას უსვამს ხაზს.

საინტერესო დიზაინელემენტია ლითონის წიგნების თარო, რომელიც ინტერიერში კონტრასტულ აქცენტს ქმნის.

ყურადღებას იქცევს კერამოგრანიტის ფილით დამზადებული ყავის მაგიდა, რომელიც ამავე მასალის შემოსასვლელში მდგარ კონსოლსა და სამზარეულოს ავეჯს ეხმიანება და სივრცეებს ერთმანეთთან აკავშირებს.

სასადილო ზონა წერტილოვანი განათებითა და მუქი ტონალობის ავეჯით გამოიყოფა და ამგვარი გადაწყვეტით მოსასვენებელ კუთხეს ერთგვარად ემიჯნება.

ბინის გამორჩეული ადგილია საკმაოდ მოზრდილი სამზარეულო, რომლის კედელი, ზედაპირი და კუნძული კერამოგრანიტის ფილებით არის მოპირკეთებული. ღია ფერის კარადები კი შეღებილი და ხის ფაქტურის მქონე MDF-ით არის დამუშავებული. სათავსოების ორ კედელზე განაწილება, სივრცეს მაქსიმალურად ფუნქციურს, ტევადსა და კომფორტულს ხდის. ოთახს ესთეტიკურ მომხიბვლელობას კი კარადებსა და ჭერზე დამონტაჟებული განათება მატებს.

მთავარი საძინებელი სადა, თანამედროვე ინტერიერით და ღია გეგმარებით ხასიათდება. ნათელი პასტელური ფერები ოთახში სიმშვიდესა და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, ტილოს ფაქტურა და ნაზი ტექსტილი კი მას ჰაეროვნებასა და სიმსუბუქეს ანიჭებს. ყურადღებას იქცევს საწოლთან არსებული სფეროს ფორმის სანათები, რომლებიც გარდა მნიშვნელოვანი ფუნქციური დატვირთვისა, სივრცეს ვიზუალურად კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

სველი წერტილები დიდი ფორმატის კერამიკული ფილითა და ჩაშენებული ფურნიტურით არის მოპირკეთებული. ხოლო ინტერიერი თეთრ და ღია მწვანე ტონალობაშია გადაწყვეტილი, სადაც კონტრასტული აქცენტები საინტერესოდ შემოდის.

ნინი ელისაშვილის ახალი პროექტი მაცხოვრებლებზე მორგებული, თანამედროვე, ჰაეროვანი ინტერიერით გამოირჩევა, რომელშიც მცირე კლასიკური ელემენტებიც იჩენს თავს, რაც ბინის მრავალფეროვან ხასიათს განსაზღვრავს. პროექტის გეგმარება და სწორი ზონირება ბინას ფუნქციურსა და მოსახერხებელს ხდის. სადა ფერთა პალიტრა და ნაზი ტექსტურის ავეჯი კი სიმყუდროვესა და სასიამოვნო გარემოს უზრუნველყოფს.

პროექტის ავტორი: ნინი ელისაშვილი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Pheri_Interiors

სამზარეულოს ავეჯი: „კენჭო ჯგუფი“

გამოყენებული მასალები:

იატაკის საფარი: ლამინირებული იატაკი — „გერმანული სახლი“

აბაზანის ფილები: „ჯაოკენი“; „ნიუ დიზაინი“

შემრევები: „VitrA Georgia“; „ნიუ დიზაინი“

კედლის მოპირკეთება: „ნიუ დიზაინი“; „კაპაროლი“, “სტუდიო კასა”

განათება: „დილაითი“; „Brand R“

ავეჯი: „ფილოუ“; „სკალა ჰოუმი“, “შნო”, “ხის ანათალი”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

“მოცეკვავე სახლი” ჩეხეთში – ფრენკ გერისა და ვლადო მილუნიჩის პროექტი

4 ფერი სამზარეულოსთვის, რომლებიც არასდროს მოგბეზრდებათ