დღეს გაგაცნობთ ქეთი ჭიჭინაძის მორიგ პროექტს, რომელიც თბილისში, შარტავას ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 49,7 მ2-ია. ბინა თავდაპირველად ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში იყო, საპროექტო დავალება კი გულისხმობდა პერსონალური პროექტის განხორციელებას, რომელიც ხარისხიანი მასალებითა და ავეჯით იქნებოდა მოპირკეთებული და შემდგომში საინვესტიციოდ გამოდგებოდა.
პროექტზე მუშაობის მთავარი სირთულე დროის მცირე მონაკვეთი და დისტანციური მუშაობა გახდა, რადგან ქეთი ჭიჭინაძე ნიუ-იორკში მოღვაწეობს და ხშირად ონლაინ რეჟიმში კურირებდა სარემონტო სამუშაოებს.
როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, დიზაინ კონცეფცია ეკლექტური, თანამედროვე და მინიმალისტური ინტერიერს სინთეზით შეიქმნა, რომელშიც ვინტაჟური, არტ დეკოსა და ინდუსტრიული დიზაინის ელემენტები თვალსაჩინოდ იკითხება.
ინტერიერი საკმაოდ განსხვავებულია და გაბედული გადაწყვეტილებებით ხასიათდება. ბინას ინდუსტრიული დიზაინისთვის დამახასიათებელი ერთიანი გეგმარება აქვს, თუმცა ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში საძინებელიც მისაღებ ოთახთან ერთიანდება, რაც სივრცეს ერთ მთლიანობად წარმოადგენს.
ბინას სახასიათო იერს სძენს ე.წ. დედამიწის ტონებში გადაწყვეტილი ინტერიერი, რომელშიც არტ დეკოსთვის დამახასიათებელი მკვეთრი ფერები ბუნებრივად შემოდის. ხოლო ვინტაჟური განათება, რომელიც ბიბი ერისთავის შოურუმიდან “e-lement”-დან არის, მიმზიდველ და შთამბეჭდავ ეფექტს ქმნის.
კედლები და ჭერი ერთ ტონშია გალესილი, იატაკზე კი ბეტონის ფაქტურა გვხვდება. ერთიანობის შესანარჩუნებლად კარადისა და ოთახშორისი კარებიც კედლის ფერშია შეღებილი, რაც სივრცის მთლიანობის აღქმას ამძაფრებს.
ინტერიერში თითოეული ელემენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და სახლის გამორჩეულ სახეს ქმნის.
შემოსასვლელი სივრცე მცირე ზომის სამზარეულოსთან ერთიანდება, რომელსაც სახლის დიზაინ კონცეფციის შექმნაში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. ინდუსტრიული სტილის გამოსახატად, სივრცეში აქტიურადაა გამოყენებული მეტალი, ხე და ბუნებრივი ქსოვილები.
სამზარეულოს ავეჯი, რომელიც ინდივიდუალური შეკვეთით ავსტრიული MDF-ის მასალით არის დამზადებული, შინდისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც პროექტს სითამამეს ანიჭებს და არტ დეკოს ესთეტიკას უსვამს ხაზს. მნიშვნელოვანია უჟანგავი ფოლადის ფაქტურა, რომლითაც სამზარეულოს ზედაპირი და ღია თაროა დაფარული.
სამზარეულო მინიმალისტურად არის გაფორმებული, რათა სივრცის სისადავე და მინიმალიზმი არ დაირღვეს. აღსანიშნავია ვინტაჟური მამაკაცის ბიუსტი, რომელიც „Studio 995“-შია შეძენილი, ხოლო სამზარეულოს ვინტაჟური პრინტი საგანგებოდ ნიუ-იორკიდან არის ჩამოტანილი. ინტერიერში საინტერესოდ შემოდის შუშა, რომელიც სამზარეულოს კედელს სრულად ფარავს. აღსანიშნავია ისიც, რომ მინა ბლოკი საბჭოთა პერიოდს განეკუთვნება და ვინტაჟური შტრიხები შეაქვს ბინაში. აქვეა მცირე ზომის სასადილო მაგიდა, რომელიც მინისა და მეტალის მასალით არის შესრულებული.
ინდივიდუალიზმითა და ორიგინალურობით გამოირჩევა მისაღები ზონაც. სასადილო მაგიდის მსგავსი მოდელი გვხვდება ამ კუთხეშიც, რომელსაც ხის საინტერესო დიზაინის სკამები ამშვენებს. საოცრად მომხიბვლელია ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ტახტის ღია ცისფერი ტექსტილი, რომელსაც სიმსუბუქე და ჰაეროვნება შემოაქვს სივრცეში.
ინტერიერის თითოეულ ფუნქციურ დეტალს ესთეტიკური დატვირთვა აქვს და დეკორატიულ როლს ასრულებს. მაგალითად, ყურადღებას იქცევს „crater ceramic“-ის მიერ ხელით დამზადებული კერამიკული ყურძნის ფორმის სასანთლე, რომელიც სივრცეს ალამაზებს, ხოლო მაროკოში დამზადებული ხალიჩები სითბოსა და სიმყუდროვეს სძენს სივრცეს. ინტერიერში ასევე გამოყენებულია პრინტები „Stamba Books“-დან და საკოლექციო წიგნები, რომლებიც ვინტაჟურ ატმოსფეროს ქმნის.
საძინებლის ზონა შინდისფერი მკვეთრი ტექსტილით ორგანულად ეხმიანება სამზარეულოს. საწოლის დიზაინი და მინიმალისტური ტუმბოები სპეციალურად ამ პროექტისთვის, ინდივიდუალური დიზაინით შეიქმნა. ბინის ამ ნაწილში ინტიმური, მშვიდი და მყუდრო ატმოსფერო იგრძნობა, რაც დეკორატიული განათებით და სანთლებით მიიღწევა. ინტერიერის მნიშვნელოვანი დეტალია საწოლის თავზე დამონტაჟებული კაკლის ხის ფაქტურის სანათები (ბიბი ერისთავის შოურუმიდან – “e-lement”), რომლებიც გერმანიიდან არის ჩამოტანილი და სავარაუდოდ, 1950-იანი წლებით თარიღდება. სანათებს შორის კი „holeonthewall“-ის უმშვენიერესი ქართული თექის ხელით ნაქარგი გობელენია მოთავსებული.
სააბაზანო აგურისფერი ფილებითაა მოპირკეთებული, რომელსაც იდეალურად ეხამება გამყოფი კედლის მინის ფაქტურა. მსგავსად ბინის სხვა ზონებისა, ეს სივრცეც დახვეწილი დიზაინით ხასიათდება და მკვეთრი ფერთა პალიტრით მრავალფეროვნება შეაქვს სივრცეში.
ქეთი ჭიჭინაძის მიერ შექმნილი მომაჯადოებელი ინტერიერი უცხო დიზაინით, ინდივიდუალური სტილითა და თამამი გადაწყვეტებით გამოირჩევა. საცხოვრებელი სივრცე, რომელიც არტ დეკოს ელემენტებით, ვინტაჟური დეტალებითა და ინდუსტრიული დიზაინისთვის დამახასიათებელი შტრიხებით არის გაფორმებული, საოცარ ატმოსფეროს ქმნის და მაცხოვრებლებისთვის ელეგანტურ და მშვიდ გარემოს აყალიბებს.
პროექტს ავტორი: ქეთი ჭიჭინაძე
ფინანსური დირექტორი: დავით ლომთაძე
პროექტის მენეჯერი: თინათინ გამყრელიძე
ფოტოგრაფი: ლაშა გიგაური
სახლს დეკორი: J’AMIERI (ქეთი ჭიჭინაძის მიერ დაფუძნებული პლატფორმა ნიუ-იორკში).
გამოყენებული მასალები: „CAPAROL“; „IDEAL“; „MAXTHERM“
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2