ეს ბინა, რომელიც ძველ თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარეობს, ელენე სეხნიაშვილს და მის მეუღლეს ეკუთვნით. ელენე წლებია, რაც მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს და მას ინტერიერის დიზაინთან პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა როდესაც საქმე საკუთარი ბინის მოწყობაზე მიდგა, მან ამ საქმეს იდეალურად გაართვა თავი.
“დიზაინთან შეხება პროფესიული თვალსაზრისით არ მაქვს, მაგრამ წლების განმავლობაში ჩემი უდიდესი სურვილია, რაიმე სახით მას დავუკავშირო ჩემი ცხოვრება. მუდმივად ვათვალიერებ სხვადასხვა სახლის ინტერიერებს, თუ რაიმე მომეწონება ვინახავ, სულ ვცდილობ, არ გამომრჩეს რა არის ამ წელს ტრენდული. თუ სადმე რაიმე ადგილს ვსტუმრობ, დეტალურად ვათვალიერებ როგორი ინტერიერია, როგორი ავეჯი დგას, როგორია განათება და ა.შ. სამომავლოდ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ვფიქრობ, ინტერიერის დიზაინზე მუშაობა აუცილებლად დაიკავებს დიდ ადგილს,”- გვიამბობს ელენე.
ბინა, რომლის ფართობი სულ რაღაც 40 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ელენეს საკუთარი ოჯახისგან საჩუქრად ერგო და თავდაპირველად ის ე.წ. “შავი კარკასის” მდგომარეობაში იყო. ელენე და მისი მეუღლე ძალიან აქტიურად ჩაერთნენ სარემონტო საქმიანობაში და პროცესებს პირადად აკონტროლებდნენ.
“იქიდან გამომდინარე, რომ სახლი ძალიან ძველია და ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, ეს ყველაფერი დამატებით სირთულეებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რემონტის პერიოდი, ზოგადად, საკმაოდ დამღლელია, მე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა თავად პროცესი. მე და ჩემი მეუღლე თავიდან ბოლომდე ჩართული ვიყავით ყველაფერში, ფაქტობრივად სულ ობიექტზე ვიმყოფებოდით და ვეხმარებოდით ჩვენ მიერ დაქირავებულ ადამიანებს. სამღებრო სამუშაოებიც კი ჩემი ხელით შევასრულე. ერთი სიტყვით, ძალიან დიდი ენერგია ჩავდეთ, რომ სახლი ზუსტად ისეთი გამოსულიყო, როგორსაც ჩვენს წარმოდგენაში ვხედავდით.”
სარემონტო სამუშაოების მსვლელობისას ბინის პირვანდელი გეგმარება სრულად შეიცვალა. თავდაპირველად სივრცე სამი პატარა ოთახისგან შედგებოდა, რომელიც ერთმანეთში იყო გამავალი და ბინას არ ჰქონდა სველი წერტილი. ახალმა მეპატრონეებმა მოახდინეს კედლების სრული დემონტაჟი, შექმნეს სველი წერტილი და ვიტრაჟით გამოყვეს საძინებელი ოთახი. საბოლოო ჯამში კი მიღებულ იქნა პატარა სტუდიოს ტიპის ორ ოთახიანი ბინა, რომელიც სულ რაღაც 40 კვადრატული მეტრია, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შენობა არის მაღალჭერიანი, სივრცის სიმცირე არ იგრძნობა.
რაც შეეხება ინტერიერის დიზაინს, ელენემ საკმაოდ არასტანდარტული და რისკიანი მიმართულება აირჩია, რასაც თავდაპირველად გარშემომყოფები სკეპტიკურად უყურებდნენ.
“ვიზუალურად მხოლოდ ჩვენს წარმოსახვაში ვხედავდით, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ინტერიერი. როდესაც საუბრისას ვამბობდით, რომ წითელი დარაბები და ფანჯრები გვინდოდა, სახლში შავი ფერი უნდა ყოფილიყო დომინანტი, ხის იატაკი გვსურდა სამზარეულოშიც კი და რკინის შავი ავეჯი, უკლებლივ ყველა ადამიანი გაოცებული სახით გვიყურებდა, რადგან არავის წარმოედგინა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ყოფილიყო ერთ სახლში ისე, რომ სივრცე არ დაპატარავებულიყო და ამასთან ერთად, გამოსულიყო ძალიან ლამაზი. თუმცა, საბოლოო შედეგი ყველას ძალიან მოეწონა. ბინა ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც გვინდოდა – განსხვავებული, ლამაზი და მყუდრო,” – ელენე სეხნიაშვილი
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე