დღევანდელ სტატიაში ქეთა დონაძის ახალ ნამუშევარს გაგაცნობთ, რომელიც სოლოლაკში, ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე მდებარეობს. ბინის საერთო ფართობი 34 მ2-ია. ფართის სიმცირიდან გამომდინარე, საპროექტო დავალება გულისხმობდა 34 მ2 ფართობის პირობებში სრულყოფილი საცხოვრებლის მიღებას, სადაც ყველა ფუნქციური ზონა მოეწყობოდა და მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემო უზრუნველყოფილი იქნებოდა. ამასთანავე, დამკვეთის სურვილი იყო, რომ სივრცე აუცილებლად ყოფილიყო ნათელი.
ღია გეგმარებით ხასიათდება გაერთიანებული მისაღები და სასადილო ზონა. მათ შორის გამყოფ ზოლს კი ფუნქციური კარადა წარმოადგენს, რომელიც ტევადი სათავსოს როლს ასრულებს. ინტერიერი ღია თეთრ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რომელშიც დომინანტურ როლს ხის მასალა ასრულებს. იატაკი, ჭერის სვეტები, ფანჯრები, ავეჯი სწორედ ხის ელემენტებით არის შესრულებული, რაც ბინას მყუდროებას, სითბოსა და სასიამოვნო ატმოსფეროს სძენს. ამ აურას დიდი ვიტრაჟები და უხვად შემოსული ბუნებრივი სინათლე აძლიერებს და საცხოვრებელს მზის შუქით ავსებს.
ინტერიერი საკმაოდ თავისუფალია და მასში კონკრეტული სტილი თუ მიმართულება არ ვლინდება. მაგალითად, სახლს სიძველის ეფექტს სძენს ხის იატაკი, რომელიც არქაულ ესთეტიკას აღძრავს. ხოლო მარტივი, მინიმალისტური ფორმები და ხის აქტიური გამოყენება სკანდინავიურ განწყობას ქმნის.
მისაღებ კუთხეში ტელევიზორის თარო, მცირე ზომის მაგიდა და ნარინჯისფერი ტახტი გვხვდება, რომელიც საინტერესო კონტრასტს ქმნის მკვეთრი ფერის დამსახურებით და ინტერიერს ახალისებს.
სასადილო ზონა მინიმალისტურადაა გაფორმებული, სადაც ხის მცირე ზომის მაგიდა და ღია ნარინჯისფერი სკამებია განლაგებული. სასადილოსა და მისაღები სივრცეების გამყოფ ადგილას მოთავსებულია მწვანე ფერის კარადაც, რომელიც სათავსოს ფუნქციის გარდა, დეკორატიულ როლსაც ითავსებს, რადგან ინტერიერს ფერადოვანს ხდის და მას პოზიტიურ შტრიხებს სძენს.
სივრცეების ფუნქციურ მნიშვნელობას ხაზს უსვამს წერტილოვანი განათებაც, რომელიც თითოეულ კუთხეს გამოკვეთს და საინტერესო აქცენტებს ქმნის. ბუნებრივი გამწვანება კი ოთახს ახალისებს და სიცოცხლით ავსებს.
სამზარეულოს ზონა საკმაოდ მცირე ადგილს იკავებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ფუნქციურად სწორად არის გადანაწილებული და ერგონომიულ, კომფორტულ პირობებს უზრუნველყოფს. ამ ოთახშიც მთავარ როლს ხის მასალა ასრულებს, რომელიც სამზარეულოს თითქმის ყველა დეტალში ვლინდება. ყურადღებას იქცევს “Peronda”-ს ბრენდის ფილები (“bowl”), რომელიც სამზარეულოს წინსაფარზე გვხვდება. ამ ფილების დახმარებით შესაძლებელია სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურების შექმნა და სივრცისთვის სახასიათო, ინდივიდუალური შტრიხების მინიჭება.
საინტერესოა გეგმარებაც – გამყოფი ხის ტიხრითა და კარით სამზარეულოდან პირდაპირ საძინებელ ოთახში გავდივართ. საძინებელში დომინანტური ხე თეთრი ფერით არის დაბალანსებული, რომელიც კედლებსა და საწოლის ტექსტილზე გვხვდება. ყურადღებას იქცევს მცირე ზომის ტუმბოები სარკისებური ზედაპირით, რაც ინტერიერის დეტალებს ირეკლავს და ერთგვარად სივრცის მოცულობის გაზრდას უწყობს ხელს.
ფართის სიმცირის გამო, პროექტის მთავარი გამოწვევა საძინებელ ოთახში საგარდერობო ზონის გამოყოფა აღმოჩნდა, რომელიც ფუნქციურთან ერთად, მიმზიდველიც უნდა ყოფილიყო. დიზაინერის გადაწყვეტილებით, არსებული ორი მოზრდილი ფანჯრიდან ერთ-ერთი გარდერობად იქნა გარდაქმნილი, რამაც ძალიან უცხო, განსხვავებული და საინტერესო დიზაინ ელემენტი შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ გარდერობის დიზაინი პროექტის ავტორს, ქეთა დონაძეს ეკუთვნის. დიზაინერის ეს ჩანაფიქრი კი ნიკა ქობულაშვილმა სრულყოფილად განახორციელა.
სააბაზანო ოთახის მთავარი ელემენტი წითელი ხელსაბანია, რომელიც მნახველის ყურადღებას დანახვისთანავე იპყრობს და მიმზიდველ აქცენტს ქმნის. სიძველის ესთეტიკა კი დანაწევრებულ სარკეს შემოაქვს, რომელიც საინტერესო დეკორატიულ ობიექტს წარმოადგენს.
ქეთა დონაძის პროექტი, მცირე ფართობის მიუხედავად, საკმაოდ ფუნქციურ, კომფორტულ და მაცხოვრებლებზე მორგებულ საცხოვრებელს ქმნის, რომელშიც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი. საინტერესო გეგმარებასთან ერთად, პროექტი დიზაინ გადაწყვეტებითაც იქცევს ყურადღებას. თავისუფალი სტილი, არქაული და მინიმალისტური დეტალების ერთობლიობა, დომინანტური ხის მასალა და უხვი ბუნებრივი განათება სახლს მიმზიდველ და კომფორტულ საცხოვრისად აქცევს, სადაც სრულფასოვნადაა შესაძლებელი როგორც დასვენება და განტვირთვა, ასევე მუშაობა და გართობა.
პროექტის ავტორი: ქეთა დონაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: ELEMENTS STUDIO