in

სკანდინავიური სტილის მყუდრო ბინა სტოკჰოლმში

Banner M2
Banner M2

86 მ2-ის მქონე ბინა, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობს, სკანდინავიური დიზაინითა და ნათელი, მსუბუქი ინტერიერით გამოირჩევა. ელეგანტურობა და მყუდროება სივრცეში ნეიტრალური, სადა ფერებისა და ნაცრისფერი ტონალობების სინთეზით მიიღწევა, საინტერესო იერი და ხასიათი კი თანამედროვე, მინიმალისტური ავეჯითა და გეომეტრიული ფორმების ხაზგასმით იქმნება.

ჩრდილოურ სტილში გადაწყვეტილი მისაღები ზონა პატარა, მაგრამ ფუნქციურ და დახვეწილ სივრცეს ქმნის. ძირითად ფერთა პალიტრად შერჩეულია ნაცრისფერი ტონები, რასაც ღია ფერის ხის ავეჯი აბალანსებს. ინტერიერში საინტერესოდ შემოდის ვიქტორიანული სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტები — მოჩუქურთმებული ჭერი და ორნამენტებიანი ფილით მოპირკეთებული ბუხარი, რომელიც სივრცეს სითბოსა და სიმყუდროვეს მატებს. ხისა და ჭილოფის ფაქტურა ავეჯსა და სანათებზე სკანდინავიურ ესთეტიკას უსვამს ხაზს, ხოლო მომრგვალებული ფორმების რბილი ავეჯი და მაგიდა თანამედროვე დიზაინზე ამახვილებს ყურადღებას.

საინტერესოა, რომ მისაღების გვერდით, მცირე ზომის ოთახში კიდევ ერთი მოსასვენებელი ზონაა მოწყობილი მომრგვალებული ფორმის ავეჯით, ხის მაგიდითა და თეთრი ფარდებით, რაც მუქ ნაცრისფერ ტონალობას აბალანსებს და ოთახს სიმსუბუქეს ანიჭებს.

სახლში გვხვდება იზოლირებული სასადილო ოთახი, სადაც მასიური ხის მაგიდა და სკამებია განლაგებული — ჩრდილოური სტილის კიდევ ერთი სახასიათო ნიშანი. ინტერიერი გახალისებულია ბუნებრივი გამწვანებითა და ნახატით, თუმცა სივრცე გადატვირთული არაა და მინიმალიზმი მაქსიმალურად შენარჩუნებულია.

დახურული ტიპის სამზარეულო, სადაც ჭურჭელი და ტექნიკის უმეტესობა კარადებს მიღმაა მოქცეული, ნაცრისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი. სხვა ზონების მსგავსად, აქაც ხაზგასმულია სივრცის მინიმალიზმი და ფუნქციონალურობა, რომელიც სახლის ზოგად ხასიათსა თუ განწყობაზე ახდენს გავლენას.

საძინებელი ნათელი, მყუდრო და სადაა. ჩრდილოური ესთეტიკა ამ ოთახშიც იგრძნობა, რაც ღია ფერთა პალიტრით და ხის მასალის დომინაციით მიიღწევა. ყურადღებას იქცევს საწოლის თავი, რომელზეც ტევადი კარადებია დამონტაჟებული სათავსოსა და გარდერობისთვის. მისი ღია მწვანე ტონალობა კი ორგანულად ერწყმის ნაზი საწოლის ტექსტილს.

სააბაზანო მაქსიმალურად სადა და მსუბუქია. ინტერიერში წამყვან როლს თეთრი ფერი ასრულებს, რომელიც ფილებისა და ავეჯის სახით გვხვდება, შემრევებად კი ვერცხლისფერი მოდელებია გამოყენებული.

სტოკჰოლმში მდებარე ჩრდილოური სტილის ბინა ნათელი, ფუნქციური და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა. დიზაინის სისადავე და მიმზიდველობა ღია ფერთა პალიტრით, თანამედროვე სტილის ავეჯით, ხის მასალის ხშირი გამოყენებითა და მინიმალისტური დეკორატიული შტრიხებით მიიღწევა.

ავტორი: მეკო მეტრეველი

პირველი ინტეგრირებული შოურუმი საქართველოში – Geely Sakartvelo, Mazda Center Tegeta და Auto Gallery ერთ სივრცეში გაერთიანდა

ხის სამკუთხა სახლი შვედეთში, რომელიც მთის მწვერვალს მოგაგონებთ