ამ თანამედროვე მინიმალისტური ინტერიერის დაგეგმარების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა სივრცულ გადაწყვეტას, ინტერიერში ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებასა და ხედებით ტკბობის შესაძლებლობას.
ფუნქციონალური სივრცე, რომელიც სწორი გეგმარებით გამოირჩევა, ტრადიციული მიდგომის ახლებურ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ინტერიერში გვხვდება ისეთი დეკორატიული ელემენტები, რომლებსაც ფუნქციონალური დანიშნულებაც აქვთ.
მისაღებ ოთახში თეთრი მარმარილოს იატაკი და კედლები დაბალანსებულია ხის პანელების გამოყენებით, რომლებიც გასდევს კორიდორს. ორიგინალური თაროები შექმნილია ტყავის, ლითონისა და ხის მასალით, გამდიდრებულია ინტეგრირებული განათებით და ამავდროულად ასრულებს ტევადი სათავსოს ფუნქციას.
მისაღები ოთახი დაყოფილია სასადილო და მოსასვენებელ სივრცეებად. ინტერიერის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია ბუხარი, რომელიც მეტ სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
მობინადრეებისთვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად საზაფხულო ვერანდაზე გამოყენებულია ღია საჩრდილობელი ელექტრო ფიქსაციის ფუნქციით.
დიზაინ სტუდია: Spectrum
ფოტოგრაფი: Billy Bilikhodze Photography