ბინა ფრანგულ სტილში – ასეთია ბევრისთვის საოცნებო ინტერიერი, რომელიც განთქმული დახვეწილობითა და ელეგანტურობით ხასიათდება. ამ ბინის მეპატრონეს სწორედ ასეთი საცხოვრებელი გარემოს შექმნა სურდა, ამ მიზნის განსახორციელებლად კი მან დიზაინ სტუდია Objects-ს მიმართა.
“ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ის ფაქტი, რომ დამკვეთი ბოლომდე მოგვენდო და ამ მხრივ საკმაოდ გაგვიადვილა მუშაობის პროცესი. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ინტერიერი, რომელიც სრულად გამოხატავს მეპატრონის ხასიათს,” – გვიამბობენ სტუდიის დამფუძნებლები, ქეთი ასათიანი და ნუკა კორინთელი.
ფრანგული სტილის დიზაინი საკმაოდ მოთხოვნადი სტილია და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. სწორედ აქედან გამომდინარე, ხშირად შეცდომით მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის ინტერიერის შექმნა არც ისე რთულია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ სტილთან დაკავშირებით ბევრი კლიშე არსებობს, ჭეშმარიტად ფრანგული ინტერიერის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესია და ის მახვილ თვალს, დახვეწილ გემოვნებასა და ბევრი საკითხის კომპლექსურ ცოდნას საჭიროებს. ეს კი სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც პროექტის ავტორებმა ამ ამოცანას თავი ძალიან წარმატებით გაართვეს და თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე ძველ აშენებულ ბინას ახალი სიცოცხლე შესძინეს.
ბინაში დომინირებს უმშვენიერესი თეთრი ფერი, რომელიც დაბალანსებულია ხის დეტალებითა და მცენარეების სიუხვით.
სამზარეულო სრულად თეთრ ფერშია გადაწყვეტილი და აქცენტის სახით გამოყენებულია ოქროსფერი დეტალები. წინა ფლანგზე გვხვდება სამუშაო კუნძული, ჩაშენებულ კარადებს მიღმა კი საყოფაცხოვრებო ნივთებია დამალული, რათა ისინი ნაკლებად თვალშისაცემი იყოს ყოველდღიურობაში. აქვე გვხვდება Wastberg-ის ბრენდის ულამაზესი ჭაღი, რომელიც სივრცეს დამატებით ორიგინალურობას სძენს.
მისაღები ოთახის ზონაც ასევე საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია შესრულებული. აქ შემოდის ელეგანტური შავი ფერის შტრიხები, ხოლო მთავარ აქცენტს მდოგვისფერი დივანი წარმოადგენს. ყურადღებას იქცევს ორი ჟურნალის მაგიდა, რომლებიც სტუდია “Objects”-ის დიზაინით არის შექმნილი.
რაც შეეხება სასადილო ზონას, აქ პირველ რიგში, თვალში გვხვდება ღია თაროების სისტემა, რომელში განთავსებული ნივთებიც უმშვენიერეს კომპოზიციას ქმნიან და სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენენ.
ბინის ერთ-ერთ გამორჩეულ შტრიხს შემოსასვლელში მდგომი ძველებური სტილის სარკე წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ეს არის ფრანგული სტილისთვის დამახასიათებელი გამორჩეული ელემენტი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ელეგანტურობასა და ერთგვარ იდუმალებას ანიჭებს.
პროექტის ავტორი: Objects
ფოტოგრაფი: ლუიზა ჩალათაშვილი