in

ბინა ნაცრისფერ-ცისფერი ელემენტებით თამარაშვილის ქუჩაზე – სტუდია SAMI-ის ნამუშევარი

ინტერიერი, რომელზეც დღეს გვინდა გიამბოთ, მდებარეობს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩაზე. პროექტზე არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის კომპანია  SAMI-მ იმუშავა.

აღნიშნული პროექტის საცხოვრებელი ფართობი 130 კვადრატულ მეტრს მოიცავს, საზაფხულო ფართი კი 18 კვადრატული მეტრია.

როგორც დიზაინერები გვიამბობენ, საპროექტო დავალება გულისხმობდა სივრცის ისე დაყოფას, რომ მიღებულიყო საერთო ოთახი, სამზარეულო, სასადილო და სამი საძინებელი (მათ შორის, ერთი ინდივიდუალური აბაზანით). დამკვეთის მთავარ სურვილს კი წარმოადგენდა სამზარეულოსა და სასადილო ზონისთვის შედარებით დიდი ნაწილის დათმობა (თუნდაც სხვა სივრცეების სიმცირის ხარჯზე) და მისი იზოლირება, რადგან ოჯახის წევრები სახლში ხშირად ამზადებენ სადილს და იღებენ სტუმრებს. სწორედ ეს ფაქტორი წარმოადგენდა ობიექტზე მუშაობისას მთავარ გამოწვევას SAMI-ის დიზაინ გუნდისთვის.

დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტის ავტორებმა შეიმუშავეს სასადილოსა და სამზარეულოს სივრცე, რომელიც საერთო ოთახისაგან იზოლირებულია ვიტრაჟით, რამაც მისაღები ოთახი კიდევ უფრო დიდი და გახსნილი გახადა. ამასთანავე, სურვილის შემთხვევაში საერთო ოთახისა და სასადილო ოთახის გაერთიანება მარტივადაა შესაძლებელი.

გეგმარების პროცესში, ოჯახის ყველა წევრისთვის, მათი საჭიროებების შესაბამისად, ინდივიდუალური ოთახები მოეწყო. ბავშვების ორ საძინებელ ოთახში გათვალისწინებულია, როგორც დასასვენებელი, ისე სამეცადინო სივრცეები. ხოლო მშობლების საძინებელში, ფართობის სიმცირის მიუხედავად, კომპაქტურად განთავსდა, როგორც მცირე საგარდერობო, ისე ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი.

იატაკის ძირითად მოსაპირკეთებელ მასალას ხის პარკეტი წარმოადგენს, კედლების შესაღებად კი თეთრი ფერი იქნა გამოყენებული. საერთო ოთახში, კონტრასტის შესატანად, თეთრ კედელზე  გაკეთდა დეკორატიული ლესვა ბეტონის ეფექტით. წამყვან ფერს, რომელიც ავეჯის ელემენტებში დომინირებს, მონაცრისფრო ცისფერი წარმოადგენს ღია აგურისფერი ჩანართებით, ხოლო სიმყუდროვის შესაქმნელად გამოყენებულია ბუნებრივი ხისა და დაშპონილი „მდფ“-ს მასალები.

პროექტს რამდენიმე გამორჩეული დეტალი ახასიათებს. პირველ რიგში, ეს არის რატი ერაძის მიერ შექმნილი ხელნაკეთი ვიტრაჟი, რომლის შექმნაც ადგილზე მოხდა. ასევე, „ვუდ მარკეტი“-ს მუხის სასადილო მაგიდა, რომელსაც თეკო ურუშაძის სანათი და ელენე (ლალა) ჭიაურელის ნამუშევარი ამშვენებს. თითოეული დეტალი ჰარმონიულად შეერწყა არსებულ სივრცეს და სახასიათო გახადა შექმნილი ინტერიერი.

პროექტის ავტორების შეფასებით, საერთო ჯამში, თავდაპირველი ჩანაფიქრი საკმაოდ წარმატებით განხორციელდა და დამკვეთმა მიიღო ძალიან ნათელი, მყუდრო, არა მონოტონური და სასიამოვნო სივრცე. აღნიშნული პროექტი ყურადღებას იქცევს მასალებისა და ფერების საინტერესო კომბინაციითა და გამორჩეული დიზაინ გადწყვეტებით.

დიზაინ სტუდია: არქიტექტრის და ინტერიერის დიზაინის კომპანია SAMI

პროექტის ავტორები: ნატალია მანჯგალაძე, თამარ მოსიაშვილი, ციცი მანაგაძე

ფოტოგრაფი : ოთო გორდელაძე

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი

დალაგების 5 საშუალება, რომლებიც იმედებს არ ამართლებს

ნაცრისფერ-ცისფერი ტონების ხიბლი სასტუმრო ოთახში