დღევანდელ სტატიაში დიზაინერ მარიამ დემეტრაშვილის პროექტს გაგაცნობთ, რომელიც თამარაშვილის N13-ში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 205 მ2-ია. საპროექტო დავალება არასტანდარტული დიზაინის შექმნას გულისხმობდა, რომელიც ფერადი და დახვეწილი ელემენტებით იქნებოდა გაჯერებული. ამასთანავე, ბინის მფლობელს სურდა, მთელს სახლში მუსიკის ჟღერადობა ყოფილიყო და საძინებელს ცალკე სამუშაო ზონა ჰქონოდა.
დასახული მიზნის მისაღწევად, პირველ რიგში, დიზაინერმა მაქსიმალურად შეისწავლა დამკვეთის სურვილები, მოთხოვნები, მისი სტილი თუ გემოვნება, ამის შემდგომ კი საერთო გადაწყვეტილების შედეგად, ინტერიერის კონცეფციად ბოჰემის სტილის თანამედროვე დიზაინი შეირჩა, რომელიც მყუდრო და ეკლექტური დეტალებით იქნებოდა სავსე.
ბინა, თავდაპირველად, შავი კარკასის მდგომარეობაში იყო, რომელიც სამ საძინებელს, ერთ სველ წერტილსა და ერთ მისაღებ ოთახს მოიცავდა. გეგმარებითი სამუშაოების შედეგად კი მცირე ზომის კაბინეტი, პატარა საგარდერობო სივრცე, ცალკე სამრეცხაო, ორი საერთო სველი წერტილი და მთავარ საძინებელში არსებული სამუშაო კუთხე მოეწყო.
სარემონტო სამუშაოები განსაკუთრებულ პრობლემებთან არ იყო დაკავშირებული, თუმცა მარიამ დემეტრაშვილი აღნიშნავს, რომ გარკვეული დეტალები, როგორებიც იყო უხილავი პლინტუსის მონტაჟი, სხვადასხვა მასალის სუფთად მოპირკეთება, ავეჯისა და ტელევიზორის კედელში ელექტრობის გაყვანა, დიდი ფილებისა და სამზარეულოს ფაქტურის მონტაჟი, თითბრის დამუშავება, მუსიკალური აპარატურისთვის ცალკე პროექტის შედგენა და მათი სწორად გადანაწილება, დიდი შრომასა და სიფრთხილეს მოითხოვდა.
ინტერიერში, უმეტესად, გამოყენებულია დეკორატიული ლესვა ქვის იმიტაციით, რაც პროექტს განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. დომინანტურ ტონალობად კი ლურჯ ფერთა პალიტრაა შერჩეული. რაც შეეხება გამოყენებულ მასალას, ყველა შუშის კარი, თაროები, ავეჯის კარკასები და საგარდერობოს კარადები ინდივიდუალურად დაპროექტდა და კონკრეტულად ამ პროექტისთვის შეიქმნა wood iron-თან და libra kitchen-თან თანამშრომლობით.
“მინდა აღვნიშნო, რომ დამკვეთი ბოლომდე მომენდო. ის სულ სამჯერ მოვიდა ბინაში ფერების, დეკორისა და ავეჯის დასადასტურებლად. შესაბამისად, მას პროექტი ჩაბარდა დასრულებული სახით,” – მარიამ დემეტრაშვილი
გაერთიანებულ მისაღებ და სამზარეულო სივრცეში თამამი, საინტერესო დიზაინი გვხვდება, სადაც ოქროსფერი ელემენტები მდიდრულ და ელეგანტურ აქცენტებს ქმნის. ღია ფერის იატაკი მუქ კედლებს აბალანსებს, დიდი ვიტრაჟები კი სივრცეს ნათელსა და მყუდროს ხდის.
ტელევიზორის კუთხეში ხაკისფერი დივანი კომფორტულ და მყუდრო გარემოს განსაზღვრავს, ჭერის დეკორატიული განათება და დიდი, ოქროსფერი სანათები კი ბინას მომხიბვლელობასა და თანამედროვე იერს სძენს.
ბოჰემურ სტილში გადაწყვეტილი დიზაინი დეკორატიული ელემენტებითა და ხელოვნების ობიექტებითაა გაფორმებული. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ერთ-ერთ კედელზე დამონტაჟებული თარო, რომელიც განათებებითა და „UP studio tbilisi“-ის მიერ შექმნილი კერამიკული ნივთებითაა მორთული.
სამზარეულო ბინის გამორჩეული ადგილია, რომელიც მუქი ტონებით ხასიათდება. საოცრად მიმზიდველ სურათს ქმნის თითბრით მოპირკეთებული კარადები, რომლებიც იდეალურად ეხამება დომინანტურ ლურჯ ფერსა და დეკორატიულ განათებას, ჟალუზებიდან შემოსული მზის სინათლე კი ამ ელემენტს შთამბეჭდავ ელფერს სძენს.
სასადილო ზონა ოქროსფერი სანათებითაა გამოკვეთილი, რომელსაც ამავე ფერის სკამები ორგანულად ერწყმის და სივრცის მთლიანობას განაპირობებს.
მთავარ საძინებელშიც ბოჰემური ესთეტიკა გვხვდება, თამამი გადაწყვეტილებები, დიზაინობიექტები და აქსესუარები, მრავალფეროვან, დახვეწილ და ეკლექტურ ინტერიერს ქმნის. მწვანე და შავი ტონალობა ბუნებრივად ერწყმის თეთრ ფერს, ოქროსფერი ორიგინალური დიზაინის სანათები, ავეჯი და მიმზიდველი ფორმის საწოლი კი მდიდრულ იერსახეს ანიჭებს ოთახს. საწოლის უკან დამონტაჟებული დიდი ფორმატის კერამოგრანიტის ფილები ტალღისებურ ფორმებს ქმნის და განსხვავებული შტრიხები შეაქვს სივრცეში, კედელი კი კერამიკული ობიექტებითაა გაფორმებული.
საძინებელი ორ ნაწილადაა დაყოფილი და საძილე და სამუშაო ზონებია გამოყოფილი, რის გამო სივრცე მულტიფუნქციური და კომფორტულია.
მთავარი საძინებლის აბაზანა ქვის ფაქტურითაა მოპირკეთებული, მასთან ჰარმონიულად შეხამებული მუქი ტონები განტვირთვისა და დასვენებისთვის იდეალურ პირობებს ქმნის და ინტერიერს მდიდრულ იერს მატებს. დიდი ვიტრაჟული ფანჯრები კი ამ ზონას უფრო ეფექტურსა და საინტერესოს ხდის.
სხვა საძინებელ ოთახებში სადა ტონალობაა შერჩეული, თუმცა თამამი ელემენტები და შავი დეტალები ბინის დანარჩენ ოთახებშიც მეორდება, რაც სახლის მთლიანობას უსვამს ხაზს.
მარიამ დემეტრაშვილის ნამუშევარი ახალი აღმოჩენებითა და საინტერესო დიზაინ გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. თამამი დეტალები, მუქი ტონები, ოქროსფერი ელემენტები, მომხიბვლელი სანათები და დეკორატიული განათება სივრცეს მდიდრულ, შთამბეჭდავ იერს სძენს და დახვეწილ, ელეგანტურ ინტერიერს ქმნის. ბოჰემური ესთეტიკა და თანამედროვე სტილი ყველა ოთახში იგრძნობა, რაც სასიამოვნო გარემოს აყალიბებს.
პროექტის ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: DEME_INTERIOR
სარემონტო ჯგუფი: DEME_INTERIOR
გამოყენებული მასალები:
სამზარეულოს ავეჯი: „Libra Furniture“; „WOOD IRON“
აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“, „Veneto Design“; „Jaokeni“
შემრევები: „VitrA Georgia“
კედლის მოპირკეთება: „Tikkurila“; „Caparol“
განათება: „Lumen“; „Brand R“
ავეჯი: „Verona“; „KARE“;