პარიზში მდებარე ამ ბინის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი მდებარეობა და განლაგებაა, რაც ქმნის საინტერესო და ელეგანტურ სივრცეს. მაგალითად, მისაღებსა და საძინებელში არ არის ერთმანეთის პარალელური კედლები, ხოლო ოთახებს შორის გადასვლები ასიმეტრიულ კუთხეებს გვაგონებს. ბინის რემონტის დროს ბევრი ორიგინალური დეკორატიული დეტალი დაიკარგა ან დაზიანდა, რის გამოც დიზაინერებმა გადაწყვიტეს შემორჩენილი ფრანგული, კლასიკური აქცენტების გაძლიერება ლაკონიური, თანამედროვე ავეჯისა და ელეგანტური დეკორის დახმარებით, რათა ინტერიერი მაქსიმალურად დახვეწილი, მყუდრო და სასიამოვნო ყოფილიყო.
შესასვლელ ნაწილში მოწყობილია მისაღები და სასადილო ზონა. ფერთა პალიტრა სახლში საკმაოდ სადა და ესთეტიკურად დახვეწილია. ფერების სახით ძირითადად თბილი თეთრი და კრემისფერი ჩრდილებია გამოყენებული. პარიზული დახვეწილობის შემოსატანად კედელზე განთავსებულია ნახატი, რომელიც იდეალურად ეხამება იატაკისა და ავეჯის ფერებს. ბინაში განსაკუთრებულ ხიბლს ხის დეტალები ქმნის, რაც ინტერიერს სითბოთი და ბუნებრივი შეგრძნებით ავსებს. უნდა აღინიშნოს მაგიდის თავზე არსებული ჭაღიც, რომელსაც განსხვავებული და გამორჩეული დიზაინი აქვს.
სამზარეულოს მართლაც პარიზისთვის დამახასიათებელი ღია ტონები აქვს. შერჩეული ავეჯი და ტექნიკა ძალიან თანამედროვეა, რაც საინტერესო ბალანსს ქმნის კლასიკურ დეტალებთან მიმართებაში. დიდი ფანჯრების ხარჯზე სივრცე ძალიან ნათელია და კიდევ უფრო ვრცელი ჩანს. აქ დომინანტურ განწყობას უჩვეულო და ასიმეტრიული ფორმები ქმნის, ავეჯის მხრივ კი უპირატესობა ფუნქციურ მოდელებს ენიჭება, რომლებიც ერთგვარად წესრიგის შეგრძნებას ქმნის.
მთავარი საძინებელი საკმაოდ დიდი ზომისაა და უხვი ბუნებრივი განათება აქვს, რაც მყუდრო განწყობას აღძრავს. ამ შემთხვევაშიც აქცენტი თეთრ და კრემისფერ ტონებზე კეთდება, კონტრასტისთვის კი მუქი ყავისფერი ელფერებია დამატებული. ცალკე აღნიშვნის ღირსია საწოლის გვერდით დამონტაჟებული სანათებიც, რომლებსაც ძალიან დახვეწილი გარეგნობა აქვს. სივრცეში საერთო ხასიათს თავად ოთახის ფორმა განსაზღვრავს, რომელიც საკმაოდ არაპროპორციული, თუმცა ძალიან ელეგანტურია.
მეორე საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა სხვა ოთახების მსგავსად, ძალიან სადა და კომფორტულია. აქ დომინანტურ განწყობას მოვარდისფრო ფონი ქმნის, რომელიც იდეალურად ერგება ოთახის საერთო ფონს და სივრცე ერთიანობაში მოჰყავს.
რაც შეეხება სააბაზანოს, სახლის ამ ნაწილში განსაკუთრებით იგრძნობა ხის მასალის გავლენა და თანამედროვე აქცენტები. კედლები კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული, ხოლო ავეჯისა და ტექნიკის სიმცირის მიუხედავად, თითოეული ზონა მაქსიმალურად ფუნქციური და კომფორტულია. ბინის ამ ნაწილში დამატებით კონტრასტის შესაქმნელად დიზაინერებმა ინტერიერში ოქროსფერი დეტალების შემოტანა გადაწყვიტეს.
მთლიანობაში, პროექტი ძალიან სადა, დახვეწილი და სასიამოვნოა. ინტერიერი შესანიშნავად აერთიანებს პარიზული სტილისთვის დამახასიათებელ მშვიდ და ელეგანტურ დეტალებს და სივრცეების მაქსიმალურად ათვისების ხარჯზე, ძალიან ფუნქციური და კომფორტულია.