მაქსიმ კაშინი თანამედროვეობის ერთ-ერთი საკმაოდ გამორჩეული არქიტექტორია. მისი სტუდია, MAKSIM KASHIN Architects, დღეს მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია და მათი ნამუშევრები ხშირად გვხვდება სხვადასხვა მსოფლიო გამოცემებში.
მაქსიმს ბავშვობიდან იტაცებდა ხაზვა და გეომეტრია. თავდაპირველად მას მოსკოვის გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო აკადემიაში ჩაბარება სურდა, თუმცა მოგვიანებით, მშობლების რჩევით, მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტში ჩააბარა, ვინაიდან იქ შესაძლებელი იყო მისი როგორც შემოქმედებითი ნიჭის რეალიზება, ასევე იმ ინტერესის დაკმაყოფილებაც, რაც მას ზუსტი მეცნიერებებისადმი გააჩნდა.
მაქსიმ კაშინს და მის სტუდიას ბევრი საინტერესო პროექტი აქვთ განხორციელებული, თუმცა დღეს ჩვენი ყურადღება თბილისში შესრულებულმა ნამუშევარმა მიიქცია, რომლის შესახებ თავად არქიტექტორს გავესაუბრეთ:
– მაქსიმ, გვიამბეთ რატომ დაინტერესდით ამ კონკრეტული პროექტით თბილისში?
– აღნიშნული პროექტით ჩემი განსაკუთრებული დაინტერესება გამოწვეული იყო, პირველ რიგში, მისი უნიკალური მდებარეობით. ეს არის 157 კვადრატული მეტრის ბინა, რომელიც საცხოვრებელი კომპლექსის ბოლო ორ სართულზეა განთავსებული. მე გაოცებული დავრჩი იმ უმშვენიერესი ხედით, რაც ამ ობიექტზე არსებული პანორამული ფანჯრებიდან იშლებოდა: ერთის მხრივ, ეს იყო ძველი თბილისი, ხოლო მეორეს მხრივ – ფუნიკულიორი.
– როგორ შეიმუშავეთ ამ ინტერიერის კონცეფცია?
– დამკვეთი ძალიან არის გატაცებული აღმოსავლური კულტურით და მას განსაკუთრებულად მოსწონს სხვადასხვა ძველებური ნივთები ტაილანდური ტრადიციული ხელოვნებიდან. სწორედ ამიტომ, მისი სურვილი იყო ისეთი ინტერიერის შექმნა, სადაც ინტეგრირებული იქნებოდა ეს ეთნიკური საგნები. ბინაში არსებული ყველა ასეთი ნივთი დამკვეთმა თავად შეიძინა და ჩამოიტანა ტაილანდიდან. სწორედ ამიტომ, ჩემს მთავარ ამოცანას ინტერიერთან მათი ჰარმონიულად შერწყმა წარმოადგენდა.
აქედან გამომდინარე შევიმუშავეთ კონცეფციაც, რომლის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შეგვერწყა ამ მინიმალისტური სივრცის გეომეტრია ინტერიერში არსებულ ეთნიკური წარმომავლობის საგნებთან.
– რა გახსენდებათ გამორჩეულად ამ პროექტზე მუშაობის პროცესზე?
– საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელი ისტორია ამ პროექტის შემთხვევაში უკავშირდება ონიქსის ფილას, რომელიც დამკვეთმა შეიძინა და სურდა მისი დამონტაჟება სააბაზანო ოთახის კედელზე. თუმცა, ვინაიდან ფილა საკმაოდ დიდი ზომის იყო (3.5×2.5 მ), მისი შეტანა ბინაში ვერ მოხერხდა ობიექტზე არსებული კარებისა და ფანჯრების სტანდარტული ზომების გამო. დამკვეთს შევთავაზეთ ვარიანტი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა სახურავის დემონტაჟი და აღნიშნული ფილის ბინაში შეტანა ამ გზით ამწეს საშუალებით. თუმცა, საბოლოოდ ეს იდეა უარყოფილ იქნა და გადავწყვიტეთ ონიქსის ფილის გამოყენება სხვა დანიშნულებით. სწორედ ასე გაჩნდა ინტერიერში ამ მასალისგან დამზადებული მაგიდა, სამზარეულოს კუნძული და ჟურნალის მაგიდა მისაღებ ზონაში.
– რა მასალები გამოიყენეთ ამ პროექტში?
– კედლების მოსაპირკეთებლად გამოყენებულ იქნა MAPEI Ultra Loft-ის ბრენდის დეკორატიული ბეტონი. რაც შეეხება იატაკს, ამ შემთხვევაში, ნაწილობრივ ხეა გამოყენებული, ნაწილობრივ კი ბეტონი ეპოქსიდის საფარით.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ესკიზების მიხედვით სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადდა სამზარეულოს ზედაპირი, ოთახებშორისი მინის კარები, ცენტრალური კარი, სველ წერტილებში არსებული ინტერიერის დეტალები და სანათები.
– როგორი გამოცდილება მიიღეთ საქართველოში მუშაობის შედეგად? რა სპეციფიკა ახლავს პროექტის განხორციელებას თან ჩვენ ქვეყანაში ?
– საქართველოში მუშაობისას ურთიერთობა მქონდა ქართველი ავეჯის საწარმოებთან და შემსრულებელ ფირმებთან. აღმოვაჩინე, რომ სასურველი შედეგის მისაღებად უფრო ეფექტური იყო ადგილზე მისვლა და პირისპირ გასაუბრება მათთან, ვიდრე ონლაინ კომუნიკაცია (რასაც მე მიჩვეული ვარ). თუმცა, სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი იმ ფაქტით, რომ ის ადამიანები, ვისთანაც ვთანამშრომლობდი, ძალიან მოტივირებულები იყვნენ საქმით და დაკისრებული სამუშაო კეთილსინდისიერად და ხარისხიანად შეასრულეს.
– როგორ ფიქრობთ, რა ხდის ამ პროექტს გამორჩეულს?
– ამ პროექტის გამორჩეული შტრიხი არის მასში შერწყმული ორი მიმართულება: თანამედროვე სტილი და ისეთი ტრადიციული ეთნიკური ელემენტები, როგორიც არის ხის სკულპტურები, ბუდას ქანდაკება, მკვეთრი ფერის ხალიჩები და დაწნული ავეჯი.
ფოტოგრაფი: Ilya Ivanov