სახლი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ბობ უოლშის ქუჩაზე, “მწვანე ალმასის” დასახლებაში მდებარეობს. მარიკა გოგიბერიძე აქ მეუღლესთან, ორ შვილთან და მათ ოთხფეხა მეგობარ “ვუძისთან” ერთად ცხოვრობს.
ახალგაზრდა წყვილმა ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ შეიძინა და მიუხედავად იმისა, რომ ცოლ-ქმარს დიზაინის კუთხით სპეციალური განათლება არ აქვს მიღებული, ისინი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეუდგნენ ინტერიერზე მუშაობის პროცესს საკუთარი ძალებით. შედეგი საკმაოდ საინტერესო გამოვიდა. სწორედ ამ პროცესზე გვიამბობს დღეს მარიკა:
ამ კომპლექსში ყველა ბინა ბარდება სრულიად გარემონტებული, ინტეგრირებული სამზარეულოთი და დასრულებული სველი წერტილებით. აქედან გამომდინარე, აქ თითქმის ყველა ბინა იდენტურია – თეთრი ფერის კედლებით, თეთრი-ხისფერი ლამინატით დამზადებული სამზარეულოთი და სააბაზანო ავეჯით, რძისფერი გრანიტის იატაკით ჰოლში, სამზარეულოსა და სველ წერტილებში. შესაბამისად, ჩვენც სწორედ ასეთი ბინა მივიღეთ.
ვინაიდან სახლი იყო სრულიად გარემონტებული (ფაქტიურად, მხოლოდ ავეჯის შეტანა იყო საჭირო საცხოვრებლად), თავიდან არც ვაპირებდით რამის შეცვლას და დამატებითი ხარჯის გაღებას. თუმცა, ბინაში რამდენჯერმე მისვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემთვის იმდენად უღიმღამო და არასაინტერესო იყო ეს თეთრი კედლები, რომ საერთოდ ვერ წარმოვიდგინე ჩვენი ყოფა ასეთ ინტერიერში. ამის შემდეგ დავიწყე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა შემეცვალა. პირველი, რაც თავიდანვე გადავწყვიტე, იყო ფერების შემოტანა. ასევე მიზნად დავისახე სამზარეულოს ფასადისა და სველი წერტილების ავეჯის შეცვლა.
ყველაზე რთული და ამავდროულად სახალისო იყო ფერების შეხამებისა და შერჩევის პროცესი. ვისაც ჰქონია მსგავსი გამოცდილება, იცის, რომ ფოტოზე ნანახი, კატალოგში არჩეული და კედელზე დასმული ფერი, როგორც წესი, 3 სხვადასხვა ფერია ხოლმე. ჩვენ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ამიტომ, იმისთვის, რომ ზუსტი ფერი დაგვესვა, ზოგიერთი კედლის შეღებვა რამდენჯერმე მოგვიწია. პროცესი ცოტა გაჭიანურდა და ბოლოს ისე მოხდა, რომ ხელოსნებიც კი გამინაწყენდნენ. თუმცა, მე თავიდანვე ზუსტად ვიცოდი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო თითოეული ოთახი და ნათლად მქონდა წარმოდგენილი ჩემს გონებაში ყველა დეტალი.
კედლების ფერის შეცვლამ მოითხოვა იატაკზე არსებული ფილების გამოცვლაც. რა თქმა უნდა, აღარც სამზარეულო და სველი წერტილები ჯდებოდა ჩემს წარმოდგენილ ინტერიერში. ასე გადაწყდა სააბაზანოსა და სამზარეულოს ავეჯის ვიზუალური მხარის „გამოსწორება“. აქვე დაიბადა „სასაუზმე კუთხის“ მოწყობის იდეა, რაც საბოლოოდ ერთ-ერთი საყვარელი სივრცე გახდა ოჯახის ყველა წევრისთვის.
ინტერიერზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას არსებულ დაგეგმარებაში საკმარისი სათავსოების მოწყობა წარმოადგენდა. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ვფიქრობ, აუცილებელია, ზუსტად იყოს გათვლილი ადგილი ყველა საჭირო ნივთისთვის, რაც შემდგომში, თავიდან აგვარიდებს არეულობას და სივრცეს ბევრად მომხიბვლელს გახდის. აქედან გამომდინარე, გადაწყდა დამატებითი კედლის განთავსება შემოსასვლელში და ე.წ. „ნიშის“ მოწყობა კარადისთვის. ასევე 16 კვ/მ საძინებელში მოეწყო დეკორატიული მინის ტიხარი, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეყო საგარდერობე სივრცე და უფრო გაგვეზარდა ის.
რაც შეეხება დეკორის ელემენტებს, აღნიშნული კუთხით გამოვყოფდი ყვითელ სავარძელს, რომელიც დაახლოებით 60 წლის არის და ბებიაჩემის შეძენილია. თავდაპირველად ის ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა, რესტავრაციის შემდეგ განახლებული სახე მიიღო და ძალიან მოუხდა ჩვენს ინტერიერს.
ძალიან მიყვარს ჩვენი ძველი დასაქოქი საათი, რომელიც ასევე ბებოს სკივრიდან არის და ჩემს ბავშვობას მახსენებს. აგრეთვე ჩვენთვის ძალიან ფასეულია მხატვარ გოგი ჩაგელიშვილის ნამუშევრები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი სითბო შემოიტანა ინტერიერში და განსაკუთრებული ხიბლი შემატა მას.