in

ბინა თამამი დიზაინ პროექტით ტიციან ტაბიძის ქუჩაზე — პიტო სეთურისა და ქეთევან ჯავახიშვილის ნამუშევარი

დღეს ქეთევან ჯავახიშვილის ბინას გაგაცნობთ, რომელიც პროფესიით ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტია.  სახლი, რომელიც უჩვეულო და საინტერესო დიზაინით გამოირჩევა, თავად ქეთევან ჯავახიშვილისა და მისი მეგობრის, პროდუქტის დიზაინერის და ჩვენი მკითხველისთვის კარგად ნაცნობი შემოქმედის, პიტო სეთურის ერთობლივი ნამუშევარია.

ობიექტი ტიციან ტაბიძის ქუჩაზე მდებარეობს  და მისი საერთო ფართობი 140 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა მაქსიმალურად ესთეტიკური და მინიმალისტური დიზაინის შექმნას, სადაც სივრცის თავისუფალი შეგრძნება შენარჩუნებული იქნებოდა, ღია და ბუნებრივი ფერები კი ბინას მაქსიმალურ სიმსუბუქეს შესძენდა და მაცხოვრებლისთვის ერთგვარი თერაპიის მომგვრელი იქნებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ეტაპზე პროექტი დასრულებული არ არის, რაც ობიექტის მიმართ მეტ ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას აჩენს.

„ქეთის სახლზე მუშაობა დაწყებული ჰქონდა და ამ პროცესს მე საკვანძო მომენტში შევუერთდი. თითქოს ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი და ჩვენი ერთობლივი დინებით აქამდე მოვედით. პროექტი ბოლომდე არ არის მიყვანილი, თუმცა ესეც კონცეფციის ერთგვარი ნაწილია, რადგან ვფიქრობ, როდესაც სივრცეში ცხოვრობ, ის თავად გესაუბრება, გეუბნება თუ სად, რა, როგორ უნდა მოხდეს… ამიტომ ქეთის კიდევ ბევრი აღმოჩენა ელის წინ“, — გვიამბობს პიტო სეთური.

კონცეფციის შემუშავებისას მთავარი როლი მინიმალიზმმა და სიმარტივემ შეასრულა, რამაც ხაზი გაუსვა სივრცის ჰაეროვნებასა და ესთეტიკურ დახვეწილობას. სახლთან დაკავშირებული წესებისა და სტერეოტიპული წარმოდგენების უგულებელყოფამ კი საცხოვრებელს უნიკალური და არასტანდარტული სახე შესძინა.

სახლი განსაკუთრებული გეგმარებით გამოირჩევა – ფაქტობრივად, სივრცეში ყველა ტიხარი მოხსნილია და ბინა სრულად ღია გეგმარებისაა. გამიჯნულია მხოლოდ გარდერობის ზონა და სველი წერტილი. ასევე, დამონტაჟებულია იატაკის გათბობა, რის გამოც ინტერიერი რადიატორებით  გადატვირთული არ არის და სივრცის მთლიანობა ამ მხრივაც ნარჩუნდება. ბუნებრივი შუქის შემოსვლის გათვალისწინებით, განათებულ მხარეს განლაგებულია მისაღები, სამზარეულო და მცირე სველი წერტილი, ჩრდილის მხარეს კი საძინებელი გვხვდება, რომელშიც  ღია გეგმარების მქონე აბაზანა და იზოლირებული საგარდერობეა დაპროექტებული. სახლს ასევე აქვს ვერანდა, რომელიც ვიტრაჟით არის გამოყოფილი. მისი გახსნის შემთხვევაში, ტიხარი ქრება და ყველა ზონა ერთ სივრცეში ერთიანდება.

ინტერიერში დომინირებს თბილი თეთრი ტონები, აქცენტის სახით კი ფირუზისფერი და შავი ელემენტებია შემოტანილი. რაც შეეხება მასალას, უმეტესად, ბეტონი, ხე და ტყავია გამოყენებული.

ღია ფერების ფონზე გამოკვეთილია ბეტონის ერთმანეთთან დაკავშირებული ჰორიზონტალური და ვერტიკალური სვეტები, რომლებიც ჩონჩხის შთაბეჭდილებას ქმნის და ინდუსტრიული ენერგია შემოაქვს საცხოვრებელში.

მისაღებ ზონაში ყურადღებას იქცევს „Idaaf Architects“-ის ხის მაგიდა, რომლის დიზაინიც თავად ნანა ზაალიშვილმა კონკრეტულად ამ სივრცისთვის შექმნა. ამ მიმზიდველ ელემენტს იდეალურად ერწყმის კონტრასტული, მასიური შავი ტახტი, რომელიც დომინანტურ სითეთრეს აბალანსებს და მკვეთ შტრიხებს ქმნის.

ბინაში გამორჩეულ ადგილს იკავებს სამზარეულო, რომელიც საკმაოდ სადა, თუმცა პრაქტიკული და ფუნქციურია. საინტერესოა თეთრი კუნძული, რომელიც სახლის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული და მნიშვნელოვანი დიზაინ ელემენტია. ეს დეტალი დეკორატიული განათებითაა გამოკვეთილი და ბუნებრივი გამწვანებითაა გაფორმებული.

აღსანიშნავია მთელს კედელზე დამონტაჟებული სამზარეულოს თეთრი ფერის კარადა, რომელიც ტალღისებურ ფორმას იმეორებს და ბეტონის ელემენტს ერწყმის.

გამორჩეული  დიზაინობიექტია სასადილო მაგიდაც, რომელიც პიტო სეთურის მიერ არის შესრულებული. პროექტის ავტორს მაგიდის შექმნის იდეა სწორედ ამ სივრცეში გაუჩნდა, აქვე შეასრულა დიზაინ სკეტჩიც, რომელიც შემდეგ რეალობაც აქცია. მაგიდის ბეტონის ფეხები ორგანულად უკავშირდება ბეტონის სვეტებსა და ჭერის ჩანართებს და ერთ მთლიანობას ქმნის.  Giancarlo Piretti-ს ვინტაჟური სკამები კი შუშის ზედაპირს იდეალურად ეხამება და სასადილო ზონას უფრო ეფექტურსა და მიმზიდველს ხდის.

„ეს მაგიდა ძალიან კარგად გამოხატავს ამ სახლის მთლიან კონცეფციას. ბეტონის ორ მსუყე ფეხზე მდგომი მინის დიდი, მაგრამ გამჭვირვალე ზედაპირი ჩემს გონებაში იხატება, როგორც ოკეანე, რომელსაც უდიდესი ძალა აქვს, მაგრამ ამავდროულად, საკმაოდ დრეკადია“, — ამბობს პიტო სეთური.

საინტერესოა აბაზანის დიზაინიც, რომელიც გახსნილია და საძინებელთანაა ინტეგრირებული ისე, რომ გამყოფი ტიხარი არ აქვს, რაც საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა. მიუხედავად სარისკო ნაბიჯისა, ღია სააბაზანო აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მთავარი სახასიათო დეტალია და სივრცეს ერთგვარ ეგზოტიკურობას სძენს.

ამ კუთხის მთავარი ელემენტი კერამიკული ნიჟარაა, რომელსაც სრულიად აბსტრაქტული, არქაული ფორმა აქვს და პიტო სეთურის დიზაინით არის შექმნილი. ნივთი ექსკლუზიურია და კონკრეტულად ამ აბაზანისთვისაა დამზადებული, რაც მის უნიკალურობაზე მეტყველებს.

ასევე მსუბუქად და გემოვნებიანად არის შემოტანილი ფირუზისფერი ფილები, რაც ბეტონის ფაქტურას აბალანსებს, შავი ელემენტები კი სააბაზანოს ელეგანტურობას მატებს.

საძინებელი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი. აქვე გვხვდება  „Idaaf Architects“-ის მიერ შექმნილი შავი საწოლი, რომელიც თითქოს, ძეგლის ასოციაციას იწვევს და ამ ზონის მთავარ ესთეტიკურ ელემენტს წარმოადგენს. საინტერესოდ არის გადაწყვეტილი ოთახის ზონირებაც – აბაზანის ზონისგან განსხვავებით, საძინებელში ხის იატაკი გვხვდება, რაც ოთახში უფრო სასიამოვნო, თბილ ატმოსფეროს განაპირობებს.

საკმაოდ მინიმალისტურ სტილშია გადწყვეტილი მეორე სველი წერტილი, როელიც იზოლირებულია და სრულად თეთრ ტონშია შესრულებული.

ინტერიერში გამორჩეულად თვალში საცემია ქართველი არტისტის, ირაკლი მერელის ნამუშევრები და ვინტაჟური პრინტები, რაც ბინას აცოცხლებს და მიმზიდველ შტრიხებს სძენს მას.

მინიმალისტურ ინტერიერში ზედმეტი არაფერია, ყველა ნივთსა თუ ობიექტს საკუთარი ფუნქცია და დატვირთვა აქვს, რაც მსუბუქ და ჰარმონიულ ინტერიერს განაპირობებს. დიზაინ კონცეფცია სიმარტივესა და თავისუფლებას ეფუძნება, რის გამოც საცხოვრებელს ერთი შეხედვით, არასტანდარტული, თუმცა საოცრად მომხიბვლელი და ორიგინალური სახე აქვს, რასაც ხელნაკეთი ნივთები და ინდივიდუალური დიზაინით შექმნილი ავეჯი კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

პროექტის ავტორები:  პიტო სეთური, ქეთევან ჯავახიშვილი

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

String Furniture – სკანდინავიური ავეჯის საერთაშორისო ბრენდი, რომელიც ცნობილი თაროების სისტემით გახდა

ქლოროფიტუმი ინტერიერში – რა უნდა გავითვალისწინოთ მის მოსავლელად?