აღნიშნული ბინა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ხმაურიან და აქტიურ ქუჩაზე. შესაბამისად, პროექტის ავტორის მთავარი ამოცანა იყო საცხოვრებლის გამიჯვნა გარე ქაოსისგან ინტერიერში შექმნილი განსაკუთრებული სიმყუდროვით.
იმის გათვალისწინებით, რომ ბინა საკმაოდ მცირე ფართობს მქონეა (68 კვ/მ), დიზაინერი შეეცადა, რომ ის მაქსიმალურად კომპაქტური გამოსულიყო და ათვისებულიყო ყველა კუთხე. მცირე ფართობი თავისთავად წარმოადგენს პირველ შეზღუდვას პროექტზე მუშაობის პროცესში, თუმცა, სივრცეების სწორად გამოყენება და ყველა კვადრატის ათვისება ყოველთვის იძლევა დადებით შედეგს, რაც დამკვეთისთვის წარმოადგენს სრულ კომფორტს.
ინტერიერში გამოყენებულია ისეთი ბუნებრივი და ნედლი მასალები, როგორიცაა ბეტონი, ხე, აგური, რაც ბოლო დროს, საკმაოდ ტრენდულია და დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათ შორის საქართველოშიც. საერთო მოხმარების სივრცეებში დატოვებულია ბეტონის ჭერი და სხვა კონსტრუქციული დეტალები. ხის და აგურის ფაქტურები შემოტანილია დეკორაციის სახით.
ინტერიერში განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის განათება, რომელიც დიდი ყურადღებით იქნა შერჩეული, რათა ინტერიერში შექმნილიყო ზუსტად ის ტონები და ტემპერატურა, რომელიც შექმნიდა სიმყუდროვის ძლიერ ეფექტს. აქედან გამომდინარე, დამონტაჟდა რელსზე დამაგრებული მიმართული სანათები, რომლებიც კონკრეტულ ადგილებსა და დეტალებს ანათებს. ასევე ხაზგასასმელია გამოყენებული დეკორაციები, რომლებიც თითქოს, არ წარმოადგენს მნიშვნელოვან მოცულობას, მაგალითად მცირე ქანდაკებები, რომელთაც ერთგვარი სიხალისე შემოაქვთ ინტერიერში.
დიზაინერი: მარიამ ძამაშვილი
ფოტოები: Ami Photography