დღევანდელ სტატიაში თაკო უნდილაშვილის ახალ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 75 მ2 -ს შეადგენს. საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა წყვილისთვის თბილი და მყუდრო ინტერიერის შექმნას, რომელშიც გამოყენებული იქნებოდა მსუბუქი და პასტელური ფერები.
ბინა სტუდიოს ტიპისაა და ის გაერთიანებულ მისაღებსა და სამზარეულოს, საძინებელს და სააბაზანო ზონებს მოიცავს.
სახლის გამორჩეული სივრცე სამზარეულოა, რომელიც ცისფერი ტონალობით ნაზ, მსუბუქ და სადა აქცენტს ქმნის. დომინანტურ ცისფერს ჰარმონიულად ერწყმის ზედაპირთან ერთად ჩამოსხმული თეთრი ნიჟარა, რომელიც მიმზიდველი დეკორატიული დეტალია და ამავე ტონალობის გამწოვსაც ეხმიანება.
სამზარეულო მისაღებისგან ცისფერი კუნძულითაა გამოყოფილი, რომელიც ბინის ერთ-ერთი განსაკუთრებული ელემენტია. მასზეა მოწყობილი პატარა ღვინის თაროც, რომელიც მომხიბვლელობას მატებს ამ კუთხეს. ჭილოფის ჭაღები და თბილი განათება კი წამყვან ცისფერ ტონალობას აბალანსებს და თბილ ატმოსფეროს ქმნის.
მისაღებ ზონაში მოსასვენებელი სივრცე სასადილოსგან თეთრი დივანითაა გამიჯნული, ხოლო ტელევიზორის კარადა და პატარა მაგიდა ხის ელემენტებითაა დამუშავებული, რაც იატაკის ამავე ტონალობის საფარს ჰარმონიულად ერწყმის.
სასადილო ნაწილში აღსანიშნავია იასამნისფერ ტონში გადაწყვეტილი კედელი, რომელზეც მოლდინგებია გამოყვანილი, რაც კლასიკურ შტრიხებს ანიჭებს სივრცეს და ხის სასადილო მაგიდასთან და სკამებთან სასიამოვნო კომბინაციას ქმნის.
მომხიბვლელი ეფექტის მისაღებად ბინაში მრავლადაა გამოყენებული წერტილოვანი განათება, რომელიც კონკრეტული ადგილების გამოკვეთასთან ერთად, სივრცეს დეკორატიულადაც აფორმებს. სახლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს აქსესუარები, ნახატები და ბუნებრივი გამწვანებაც, რაც ინტერიერს აცოცხლებს და ალამაზებს.
საძინებელში გამოყენებულია მწვანე ფერი, რომელიც მშვიდ და ჰარმონიულ განწყობას ქმნის. ხის ავეჯსა და ჭილოფის სანათებს, საწოლის თავსა და სარკეს კი ბოჰო სტილის ესთეტიკა შემოაქვს სივრცეში. ჭილოფის დეტალები იდეალურად ეხამება მწვანე ტონალობას და ბუნებასთან კავშირის განცდას ბადებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტია ნახატიც, რომელიც საწოლის თავს ამშვენებს. საძინებელში მთელს კედელზე საგარდერობო კუთხეა დაპროექტებული, რომელიც ღია ცისფერ ტონშია გადაწყვეტილი და ოთახს უფრო ფერადსა და მრავალფეროვანს ხდის.
დახვეწილობითა და სისადავით გამოირჩევა სააბაზანო ზონაც, სადაც ერთ ტონალობაში, მწვანე ფერშია გადაწყვეტილი კედელი და საშხაპე ზონის ფილები. მათ ორგანულად ერწყმის თეთრი კერამიკული ფილები. მწვანე ფერისაა სააბაზანოს ავეჯიც, რომელსაც თეთრი და ოქროსფერი ელემენტები ავსებს.
თაკო უნდილაშვილის ახალი ნამუშევარი, მისი სხვა პროექტების მსგავსად, საინტერესო ფერთა გამით ხასიათდება. პროექტში გამოყენებული მშვიდი და ამავდროულად ეფექტური ტონები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და ერთიან, დაბალანსებულ სურათს ქმნის. თითოეულ ზონაში იგრძნობა დახვეწილი, ჰარმონიული და მშვიდი განწყობა, რაც სწორი ფერთა პალიტრით, ხის ელემენტების გამოყენებით, ჭილოფის დეტალებით, აქსესუარებითა და განათებით მიიღწევა.
პროექტის ავტორი: თაკო უნდილაშვილი
დიზაინ სტუდია: Accent by her
გამოყენებული მასალები:
სააბაზანოს ფილები: „Lego Room“
განათება: „Delight“; „Ikea“; „New Light“
ავეჯი: „Laboratory My Home“; „Ashley Home“