in

“ეგოისტური” ბინა უზნაძის ქუჩაზე – ნინი ბარნაბიშვილის საოცნებო ინტერიერი

დღეს ნინი ბარნაბიშვილის სახლს გაგაცნობთ, რომელიც თბილისში, უზნაძის ქუჩაზე მდებარეობს. ამ მაღალჭერიანი, მყუდრო ბინის საერთო ფართობი 53 მ2-ია. ჩვენი რესპონდენტი გვიყვება, რომ საოცნებო საცხოვრებელი დედის დამსახურებით, სრულიად შემთხვევით იპოვა. ბინის ინტერიერზე ნინიმ თავად იმუშავა და ყველაფერი საკუთარი გემოვნებით მოაწყო.

„სიმართლე გითხრათ, ბინას აქტიურად არ ვეძებდი. 2022 წლის დეკემბერში დედამ გამომიგზავნა ყიდვა-გაყიდვის ერთ-ერთი ვებგვერდის ბმული, რადგან იცოდა, როგორ ვოცნებობდი ძველ, მაღალჭერიან, ნათელ ბინაზე. ადგილს მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი სწორედ ამ პირობების დაკმაყოფილება იყო“, – იხსენებს ნინი.

ბინა საკმაოდ ცუდ მდგომარეობაში დახვდა: იატაკი – ჩავარდნილი, კედლები კი ჩამონგრეული იყო. თუმცა, სწორედ ეს იქცა შთაგონების წყაროდ – დიზაინში აგურის კედლების პირვანდელი სახე შენარჩუნდა.

„მდგომარეობის მიუხედავად, პირველივე ნახვისას გადავწყვიტე, ბინა შემეძინა და მასში არაფერი შემეცვალა. ვფიქრობდი, უბრალოდ დავასუფთავებდი და სხვადასხვა ნივთით გავაფორმებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა და დიდი სამუშაოს ჩატარება დამჭირდა. საბოლოოდ, სივრცემ შავი კარკასის სახე მიიღო, რის შემდეგაც მისი გარემონტება დავიწყეთ. სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინე ხის ულამაზესი ფანჯრები და ჩარჩო, თუმცა შევინარჩუნე საკეტები, რომლებიც ახლა დარაბებს ამშვენებს. სარემონტო სამუშაო (სანტექნიკის, ელექტრობის, იატაკის, კარ-ფანჯრისა და ფილების მონტაჟის გარდა) არაჩვეულებრივმა ადამიანმა, გიამ, ჯგუფის დახმარების გარეშე შეასრულა, რამაც ძალიან გაამარტივა ერთი შეხედვით რთული და ხანგრძლივი პროცესი“, – გვიყვება ჩვენი რესპონდენტი.

ნინი ბარნაბიშვილი აღნიშნავს, რომ გეგმარებისას განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა. სახლის პროექტი არ შეცვლილა. თუმცა, სივრცის გაფართოების მიზნით, მოიხსნა სამზარეულოს კედელი. მეპატრონეს სურდა, იზოლირებული სამზარეულო ჰქონოდა. იმის მიუხედავად, რომ მისაღები და სამზარეულო ერთ სივრცეშია, ისინი სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ეს ორი ზონა უხილავი კედლებით არის გამიჯნული. სამზარეულოში განსხვავებული იატაკი და ფერებია გამოყენებული, ფანჯარას კი არ აქვს დარაბა, მხოლოდ ფარდით არის გაფორმებული.

თავდაპირველად ნინის ინტერიერში არაფრის შეცვლა არ სურდა, რადგან უნდოდა, სახლში მალე გადასულიყო და რაც შეიძლება ცოტა თანხა დაეხარჯა. თუმცა, რემონტის პროცესში უამრავი იდეა დაებადა. მაგალითად, განჯინის დასუფთავების შემდეგ ულამაზესმა ძველმა შპალერმა გადააწყვეტინა, ეს ადგილი ოთახად გადაეკეთებინა, ძველ საბუხრეებში კარადები ჩააშენა; გამწოვის იდეაც საბუხრიდან გამომდინარე გაჩნდა.

ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ სახლის დიზაინზე დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე იზრუნა: „მუშაობის პროცესში არავინ დამხმარებია, მეტიც, რემონტის დასრულებამდე ნანახიც კი არ ჰქონდათ ინტერიერი. რენდერებიც არ მქონდა, უბრალოდ, ამ პატარა სივრცეში ვაკეთებდი ყველაფერს, რაზეც ოდესმე მიოცნებია. იმის გამო, რომ თითოეული ოთახი სტილისტურად  ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, არსებობდა საფრთხე, შედეგად სრული ქაოსი მიმეღო, თუმცა, საბედნიეროდ, გამიმართლა და საინტერესო ინტერიერი გამოვიდა“.

კედელზე დატოვებული აგური ინტერიერს სიძველის ეფექტს სძენს და ბინას უცხო იერსახეს ანიჭებს. სივრცე ძველი და თანამედროვე ელემენტების ჰარმონიული სინთეზით გამოირჩევა, რომელშიც ფერადი ტექსტურა განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, ხის მასალა კი ბუნებრიობის შეგრძნებას ბადებს.

სახლის განსაკუთრებული ზონაა სამზარეულო, რომელიც ფერადი, ხალისიანი და ორიგინალურია. მასში ყვითელი და მწვანე ფერები დომინირებს, რომლებიც ღია ხისფერ ავეჯსა და წითელი აგურის კედელთან სინთეზით საოცრად მომხიბვლელ ინტერიერს ქმნის.

ფერადი განწყობა სააბაზანოშიც მეორდება, რაც ვარდისფერი უნიტაზითა და შავ-თეთრი ელემენტებით დაბალანსებული მწვანე კედლებით მიიღწევა.

საერთო ჯამში, ინტერიერი ჰარმონიული, მყუდრო, ელეგანტური და მშვიდი გამოვიდა

ნინისთვის გამორჩეული ნივთებია მაია აბაშიძის ნახატი და სანათი, წარწერით „დღესასწაული“. ისინი ჩვენმა რესპონდენტმა საჩუქრად მიიღო და ამიტომაც განსაკუთრებით ეძვირფასება.

ნინის თქმით, ბინა მის პიროვნებას სრულყოფილად გამოხატავს:

„ყველა აღნიშნავს, რომ ინტერიერი ძალიან „მგავს“. მგონია, რომ ბინის დიზაინით მართლაც გამოვხატე საკუთარი თავი, რაც მახარებს. სახლის შეძენის დღიდან, ეტაპობრივად დავიწყე აქსესუარებისა და ტექნიკის შეძენა, რადგან მინდოდა, ყველაფერი ისეთი ყოფილიყო, როგორზეც ვოცნებობდი. შეიძლება ითქვას, ბინა ძალიან „ეგოისტური“, ჩემზე მორგებული გამოვიდა: საკიდები ზუსტად ჩემი სიმაღლისაა, აბაზანა, საწოლი და დივანიც ჩემი სიმაღლის გათვალისწინებით დავამზადებინე. აქ ყველაფერია, რაც თავს კარგად და კომფორტულად მაგრძნობინებს.“

გამოყენებული მასალა:

აბაზანის ფილები: „Kerama Marazzi

შემრევები: „Roxy

განათება: „ახალი ნათება“

რბილი ავეჯი: „Chroma

რუბრიკის წარმდგენია თიბისი ბიზნესისთვის

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რემონტის შეცდომები: ეკა კიკაძის გამოცდილება

პირველი საინვესტიციო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მულტიფუნქციური კომპლექსი რეგიონში – “ალიანს ჯგუფის” ახალი კონცეფცია უძრავი ქონების ბაზარზე