ბინა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ვაკის პარკთან, გიორგი წერეთლის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 165 მ2-ია. სახლის მფლობელი ტანსაცმლის დიზაინერი, აკა ნანიტაშვილია. აკა ინტერიერის დიზაინითაც დაინტერესებულია და საკუთარი სახლის მოწყობაში აქტიურად იყო ჩართული. ამ პროცესში კი მას სტუდია WOM-ის პროფესიონალი დიზაინერები, ელენე პაპიაშვილი და ლიზა ხუნდაძე ეხმარებოდნენ. აკას სურდა, ბინა ნათელი, თანამედროვე, განსხვავებული და საინტერესო ყოფილიყო. თვლის, რომ მიზანს მიაღწია და შედეგით კმაყოფილია.
როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სახლის შეძენისას გადამწყვეტი ფაქტორი მისი ადგილმდებარეობა აღმოჩნდა. „ბინას ძალიან ხელსაყრელი ადგილმდებარეობა აქვს, ყველაფერი ახლოსაა — პარკი, სავაჭრო და სპორტული კომპლექსები, სკოლა. რაც მთავარია, ისეთი ადგილია, რომ საცობებსაც აცდენილი ხარ, რაც საკმაოდ კომფორტულს ხდის გადაადგილებას“, —აღნიშნავს აკა.
მთავარ ოთახში გაერთიანებულ მისაღებს, სამზარეულოსა და სასადილო ზონებს ვხვდებით. ერთიანობის მიუხედავად, სივრცე ისეა დაგეგმარებული, რომ სამივე ზონა ერთმანეთისგან გამიჯნულია და სახასიათო შტრიხებს ქმნის ინტერიერში.
სახლში დომინანტური ფერი თეთრია, რომელსაც შავი აქცენტები საინტერესოდ და ჰარმონიულად ერწყმის. მოსასვენებელ ნაწილში ყურადღებას იქცევს სკანდინავიური სტილის სფერული ფორმის სანათები. აკას აზრით, სწორედ ეს ელემენტი განსაზღვრავს ინტერიერის სახასიათო, თანამედროვე სტილს. ამასთანავე, სანათები იდეალურად ეხამება თეთრ კომფორტულ ტახტსა და სავარძლებსაც. ხის ავეჯსა და გამწვანებას ინტერიერში ეგზოტიკური განწყობა შემოაქვს. ოთახში გვხვდება მუსიკალური საკრავი, დიზაინობიექტები და აქსესუარები, რომლებიც სახლს მიმზიდველად აფორმებს და სივრცეს დასრულებულ სახეს აძლევს.
სასადილო ზონაში შავი ფერის სკამები კონტრასტულად ეხამება ღია ფერებს, რაც ინტერიერს უფრო საინტერესოს ხდის.
ბინაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია სამზარეულო. შავ-თეთრი კუნძული ელეგანტურ შტრიხებს სძენს სივრცეს. შავი ფერის სამზარეულოს ავეჯი, რომელიც მთელ კედელს იკავებს, დომინანტურ თეთრ ტონს აბალანსებს და ინტერიერს მრავალფეროვნებას მატებს. ამ ზონაში ყველა საჭირო ნივთი თუ აქსესუარი სამზარეულოს კარადებშია მოქცეული, რის გამოც სივრცე ერთიანად აღიქმება.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბუნებრივ განათებას. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სახლი საკმაოდ ნათელია და დღის განმავლობაში მზის სხივებითაა განებივრებული, საღამოს კი საინტერესო ჩრდილები იქმნება, რაც ინტერიერს უფრო მომხიბვლელს ხდის.
საძინებლები სიმყუდროვით გამოირჩევა. თეთრი ფერი აქაც მთავარ როლს ასრულებს და ოთახებს სიმშვიდითა და სასიამოვნო განწყობით ავსებს. ერთ-ერთ ოთახში, მუქი ფერის, კომფორტული საწოლია მოთავსებული. მრგვალი სანათითა და მიმზიდველი აქსესუარებით ინტერიერს საინტერესო იერი ეძლევა. მეორე საძინებელი უფრო სადა და ნეიტრალურია, დახვეწილი შტრიხებით კი ოთახი ელეგანტური და მომხიბვლელი ხდება.
სააბაზანო თანამედროვე სტილით ხასიათდება. სახლის სხვა ნაწილების მსგავსად, აქაც იგრძნობა ზომიერება და სისადავე, ღია ფერები კი კვალავ მეორდება.
აკა ნანიტაშვილის სახლი განსხვავებული, სახასიათო და ნათელია. ინტერიერი თანამედროვე ელემენტებით გამოირჩევა და სადა ფერებით ხასიათდება. აივანზე მოსასვენებელი კუთხეა მოწყობილი, რაც მაცხოვრებლებს დასვენების, განტვირთვისა და სუფთა ჰაერზე ყოფნის საშუალებას აძლევს. საცხოვრებელი მაქსიმალურად ერგება მეპატრონის მოთხოვნებს და კომფორტულ გარემოს ქმნის.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად ბინა გასაყიდად არის გამოტანილი და მასზე დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია განცხადების ბმულზე.