in

გეომეტრიული ფორმებით შთაგონებული ინტერიერი ვაკეში — სტუდია „აუკის“ ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში სტუდია „აუკის“ ახალ პროექტს გაგაცნობთ, რომელიც ქალაქის ცენტრში, ზურაბ ავალიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. მისი საერთო ფართობი 78 მ2-ს მოიცავს. დამკვეთის მთავარი სურვილი იყო ერთდროულად დახვეწილი და კომფორტული დიზაინის მიღება, რომელიც საცხოვრებელში განტვირთვისა და დასვენებისთვის იდეალურ პირობებს შექმნიდა.

პროექტის ავტორების გადაწყვეტილებით, თავდაპირველი გეგმარება, რომელიც ორ საძინებელსა და პატარა მისაღებს მოიცავდა, დამკვეთთან შეთანხმებით სრულიად შეიცვალა და საბოლოოდ, სივრცეში მცირე დერეფანი, გაერთიანებული სამზარეულო და მისაღები ზონა (აივნით), ერთი საძინებელი (აივნით) და ერთი სველი წერტილი დაპროექტდა.

პროექტის ავტორებს თქმით, მუშაობის პროცესში მთავარი გამოწვევა რენდერებთან სიახლოვე და მათი მაქსიმალური სიზუსტით განხორციელება აღმოჩნდა, რადგან ბინა ფაქტურებისა და მასალების მრავალფეროვნებით ხასიათდება. თუმცა პროექტს სრულად „აუკის“ შემოქმედებითი და სარემონტო ჯგუფი ხელმძღვანელობდა, რამაც მისი წარმატებული შედეგი განაპირობა.

საცხოვრებლის დიზაინის კონცეფცია აბსტრაქტული და გეომეტრიული ფორმებითაა შთაგონებული, აქცენტი კი ხის ფაქტურაზე, ბუნებრივ მასალასა და კონტრასტულ ფერებზე კეთდება, რაც ბინას სიმყუდროვეს, სიმარტივეს და სახასიათო ესთეტიკას სძენს.

„მთლიანად პროექტში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონტრასტს. დიზაინის შემუშავებისას ვეცადეთ, ფაქტურებითა თუ ფერებით საინტერესო კომბინაციები გვეპოვა. ინტერიერში ჭარბობს თბილი, კრემისფერი ტონალობები, თუმცა ბალანსის შესანარჩუნებლად ვხვდებით მუქი ფერის ელემენტებსაც. გამოყენებული მასალები — ბუნებრივი ქვა, სხვადასხვა ქსოვილი, ჭილოფი და შეღებილი ხე დაგვეხმარა სახლის უნიკალური ხასიათის შექმნაში“, — აღნიშნავს „აუკის“ გუნდის წარმომადგენლები.

დომინანტური ხის ფაქტურა ბინაში შესვლისთანავე გვხვდება. დერეფნის მარჯვენა კედელი ღია ფერის დაშპონილი MDF-ის დეკორატიული პანელითაა დაფარული, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას აჩენს. მარცხენა მხარეს კი, კონტრასტისთვის, მუქი ფერის დაშპონილი MDF-ის ჩაშენებული კარადაა განთავსებული, რომელიც  სამზარეულოს გამყოფი ელემენტის გარეშე ერწყმის. დერეფნის სივრცეში კარადების და რიგელების მიერ შექმნილ კუთხეებს დეკორატიული პანელის მომრგვალებული დაბოლოება აბალანსებს და სამოძრაო სავალ ნაწილს ნაკლებად ხისტს ხდის.

გაერთიანებული მისაღები და სამზარეულო დაბალანსებული ტონებით და უნიკალური დეტალებით ხასიათდება.

„გამომდინარე იქიდან, რომ ერთ ოთახში ორი სხვადასხვა დანიშნულების სივრცე – სამზარეულო და მისაღები ერთიანდება, აუცილებელი იყო, ბალანსი დაგვეჭირა ფერებითა და მასალით, თუმცა ამავდროულად, ორივე სივრცისთვის უნიკალური და დამახასიათებელი ელემენტები უნდა მიგვენიჭებინა. ამიტომ, სამზარეულოს და სათავსოების მხარე მუქი ხის პანელებით მოპირკეთდა, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ზედაპირი ნაკლებად თვალისმომჭრელი ყოფილიყო.“

სამზარეულოს შავ ტონალობას ღია ფერის ქვის ფილები ანეიტრალებს, რომელიც წინსაფარზეც გვხვდება. სამზარეულოს კედელზე ერთადერთი ღია თაროა წარმოდგენილი, ამიტომ ეს ზონა კარადებით დატვირთული არ არის, რის გამოც სივრცე სიმსუბუქესა და სიმარტივეს ინარჩუნებს. ახალი გეომეტრიული ფორმები შემოაქვს მილის ფორმის შავ გამწოვს და ოვალურ სასადილო მაგიდას, რომელსაც „Bauhaus“-ის სტილის საკულტო სკამები ამშვენებს და ფორმით, მასალითა და ფერებით  მთლიანი ბინის კონცეფციას ეხმიანება.

მისაღები ბინის გამორჩეული ადგილია, რომელშიც კედლების 2/4-ს ფანჯრები იკავებს, რაც სივრცეს ბუნებრივი განათების კუთხით სრულიად გამჭოლს ხდის და სინათლით ავსებს. იმისთვის, რომ ეს უპირატესობა მაქსიმალურად წარმოჩენილიყო, ავეჯსა და დეკორზე ღია ტონებია გამოყენებული, რაც შუქის გაფანტვას უწყობს ხელს.

ყურადღებას იქცევს ტილოს ტახტიც, რომელიც სტუმრების მისაღებად თუ მარტო განტვირთვისთვის იდეალურ კუთხეს ქმნის. აღსანიშნავია ამავე ტონალობის ხალიჩა და მრგვალი ფორმის ჟურნალის მაგიდები, რომლებიც ტახტს ეხმიანება და დამატებით გეომეტრიულ შტრიხებს აჩენს. ოთახს ხასიათს მატებს  მუქი ფერის ტელევიზორის თარო, რომელიც მასალითა და ფერით სამზარეულოსთან ამყარებს კავშირს და ამავდროულად, მისაღებში კონტრასტულ აქცენტს ქმნის. საინტერესოა ისიც, რომ მას პრაქტიკულთან ერთად, ესთეტიკური დანიშნულება აქვს. თაროებზე განლაგებული ნივთებით ერთგვარი ინსტალაციაა მოწყობილი, რომლის ავტორი თავად ბინის მეპატრონეა. მისი ცვლილება კი, სურვილის შესაბამისად, მარტივადაა შესაძლებელი.

საძინებელში ინტიმური და მყუდრო გარემო იგრძნობა, რაც  ხის პანელების გამეორებით და კედლის მომრგვალებული ფორმებით მიიღწევა. საწოლსა და საგარდერობო ზონაზე, რომელიც ასევე მომრგვალებული ფორმებით ხასიათდება, ჭილოფის დეტალები გვხვდება, რაც მუქ ფონს ამსუბუქებს და გარემოს ახალისებს. ასევე მნიშვნელოვანი ობიექტია ხელნაკეთი ჭილოფის ჭაღი, რომელიც ზომის მიუხედავად, სივრცეს ჰაეროვნებას სძენს. საწოლის ორივე მხრიდან განთავსებულია ვერტიკალური სანათები, რომლებიც განათების ალტერნატიულ წყაროს წარმოადგენს  და თბილი ნათებით ოთახს მეტად მყუდროს ხდის. საწოლის თავზე არსებული ნახატი კი საძინებელს თანამედროვე ესთეტიკას ანიჭებს და სივრცეს მეტ ფერადონვებას მატებს.

აბაზანა, დამკვეთის სურვილის მიხედვით, მუქ ფერთა პალიტრაშია გადაწყვეტილი, რაც მყუდროებისა და ინტიმურობის განცდას ამძაფრებს. მუქი ტონების გასანეიტრალებლად და ოთახში ბალანსის უზრუნველსაყოფად საშხაპე ნაწილში გამოყენებულია ლურჯი ფილები და ე.წ „rose gold“ შემრევები.

სტუდია „აუკის“ მიერ შესრულებული დიზაინ პროექტი ბუნებრივი მასალების სიჭარბით, კონტრასტული ფერების ჰარმონიული სინთეზით, ბალანსის დაცვით, გეომეტრიულ ფორმებზე აქცენტირებითა და უნიკალური დიზაინ ელემენტებით ხასიათდება, რომელიც სახლში ერთდროულად, ორიგინალურ ინტერიერს, კომფორტულ გარემოსა და განტვირთვისთვის იდეალურ სივრცეს ქმნის.

პროექტის ავტორი: ინტერიერის დიზაინის სტუდია „აუკი 

გამოყენებული მასალა:

სამზარეულოს ავეჯი: კომპანია „იაკამი“

იატაკის საფარი:  „პარკეტი N1“

აბაზანის ფილები: „VitrA Georgia“; „ლეგო რუმი“

შემრევები: „VitrA Georgia“

კედლის მოპირკეთება: „კაპაროლი“

განათება: „Brand R“; „ახალი ნათება“

ავეჯის ბრენდი:  „Cesca Chair“; „Hkliving“; „Mogg“; „Atollo“; „Baster and Punch“; „Smeg“; „Teka

ფოტოგრაფი: Yaroslav Lukiyanchenko

ავტორი: მეკო მეტრეველი

10 ბრენდი და გამოფენა, რომელიც კოპენჰაგენის 3 Days of Design-ის ფარგლებში აუცილებლად უნდა მოინახულოთ

5 მარტივი გზა აბაზანაში მარმარილოს გამოსაყენებლად