პროექტი „HER“ ინტერიერის დიზაინის სტუდია „Due“-ს მორიგი ნამუშევარია, რომელიც ელეგანტური დიზაინითა და სახასიათო ელემენტებით გამოირჩევა. ობიექტის საერთო ფართობი 105 კვ.მ.-ია და ის ვაკეში მდებარეობს.
როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, დიზაინის კონცეფცია დახვეწილი, რეტრო სტილის ავტომობილით მოგზაური ქალის შთაგონებით შეიქმნა, რომლის მაძიებლური ცხოვრების სტილი მისაღები სივრცეების მრავალფეროვნებაში ითარგმნა.
ინტერიერი ნათელ, ღია ტონებშია გადაწყვეტილი და მასში დომინანტურ როლს თეთრი ფერი ასრულებს, რომელსაც ორგანულად ერწყმის მუქი იატაკი და კონტრასტული ჩანართები მცირე დოზით. კედლებზე გვხვდება მოლდინგები, რაც კლასიკურ და ესთეტიკურად მიმზიდველ სურათს ქმნის, დერეფნებში დამონტაჟებული უხილავი კარი კი სივრცის მთლიანობასა და ერთიანობას უსვამს ხაზს.
მიუხედავად იმისა, რომ სამზარეულო, სასადილო და მისაღები ზონები გაერთიანებულია, პროექტის ავტორებმა მოახერხეს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი და უნიკალური ხასიათის სივრცეების შენარჩუნება. სამი ფუნქციურად განსხვავებული კუთხის ჰარმონიული გაერთიანებით, სახლში იქმნება მრავალფეროვანი ატმოსფერო, როგორც იტალიური ვახშმის საღამოებისთვის, ასევე ღვინის თანხლებით, ბართან მუსიკის მოსასმენად ან ჭიქა ყავაზე მეგობართან საუბრებისთვის.
დიზაინერების თქმით, რადგან მაძიებლობას ყოველთვის თან ახლავს თავგადასავალიც, ამ შინაარსის გადმოსაცემად, მისაღებში პასტელურ ფერთა გამას დაემატა ერთი კონტრასტული დეტალი — „Moroso“-ს ბრენდის მუქი მწვანე სავარძელი „Redondo“, რომელიც ცნობილ დიზაინერს, პატრისია ურკიოლას ეკუთვნის და 50-60-იანი წლების ამერიკული ავტომობილებით არის შთაგონებული, რომელთა ყველაზე სახასიათო შტრიხს გაერთიანებული, რბილი სავარძლები წარმოადგენს.
მისაღები კუთხის ცენტრს განსაკუთრებულ სიფაქიზეს სძენს მსუბუქი მინისგან დამზადებული მაგიდაც — „Glas Italia“, რომელიც მარმარილოს ფერსა და ხაზებს იმეორებს და ამით სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულ ვიზუალურ ეფექტს იძლევა.
სამზარეულოს ნაწილში ყველაზე მეტად იგრძნობა სისადავე, რაც თეთრი ფერის აქცენტირებითა და დეკორატიული, თბილი განათებით მიიღწევა. ამ ზონაშიც კიდევ ერთხელ არის ხაზგასმული ელეგანტური სტილი, რაც ბუნებრივი ქვისთვის დამახასიათებელი ფაქტურის ფილებითა და კრემისფერი ფასადის კომბინაციით მიიღწევა.
გაერთიანებული სივრცის მესამე ნაწილი სასადილოს ეთმობა, რომლის კონცეფცია ცნობილი დიზაინერის, მარსელ ვანდერის ჭაღის, „Zeppelin“-ის (მწარმოებელი „Flos“) საფუძველზე ჩამოყალიბდა. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, მიუხედავად დიდი ზომისა, სანათი ღრუბელივით ჰაეროვნად დალივლივებს სივრცეში, სკამები კი ასოციაციურად იმეორებს ჭაღის ფორმას და ინტერიერს კიდევ უფრო მეტ ელეგანტურობას სძენს. ამ ულამაზესი კომპოზიციის კიდევ ერთი გამორჩეული შტრიხი სასადილო მაგიდაა, რომელიც თანამედროვე, დახვეწილი დიზაინით ხასიათდება და იდეალურად ეხამება ინტერიერს.
საძინებელში თეთრთან ერთად, კრემისფერი და ღია ყავისფერი ტონალობებიც შემოდის. ამ ელფერებს თბილი განათება განსაკუთრებულ ხიბლს სძენს და მყუდრო და მშვიდ ატმოსფეროს ქმნის, ხოლო დახვეწილი და კლასიკური აქცენტები მინიმალისტური დიზაინით, სადა ავეჯითა და მოლდინგებით მიიღწევა.
ბინის ხასიათი და ელეგანტური ესთეტიკა შენარჩუნებულია სააბაზანოშიც. კერამიკული ფილებით, ოქროსფერი ელემენტებით, ცალკე მდგომი აბაზანითა და კედელის მოლდინგებით დახვეწილი კლასიკური გარემო იქმნება, რომელიც ჰარმონიაშია საერთო დიზაინ პროექტთან.
„Due“-ს პროექტში მკაფიოდ იკითხება მაცხოვრებლის ხასიათი და დიზაინერების მიერ შემუშავებული დიზაინ-კონცეფცია, რაც დახვეწილ, ჰარმონიულ და ელეგანტურ საცხოვრებელ გარემოს გულისხმობს. საგანგებოდ შერჩეული ავეჯი, განათება და სივრცის პასტელურ ფერებში გადაწყვეტა ინტერიერში სიმსუბუქისა და ჰაეროვნების განცდას ბადებს, გამორჩეული დიზაინ ობიექტები კი სივრცეს საინტერესო აქცენტებს სძენს და მნახველის აღფრთოვანებას იწვევს.
პროექტის ავტორები: ლიკა ლასარეიშვილი და ცოტნე ანდრიაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „Due“