დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ დიზაინერ სალომე გულორდავას ახალ პროექტს, რომელიც ვაკეში მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 170 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ახალგაზრდა წყვილისთვის კომფორტული გარემოს შექმნას, რომელიც მათ ინტერესებს მოერგებოდა და მაქსიმალური დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემდა დატვირთული ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით.
ბინის დიზაინის კონცეფცია ბუნების სამ სტიქიურ ელემენტს — წყალს, მიწასა და ჰაერს აერთიანებს, რაც დიზაინ გადაწყვეტებში, საგანგებოდ შერჩეულ ბუნებრივ მასალებში და ავეჯსა თუ დეკორატიულ ელემენტებშია გამოხატული.
„წყალი გახლავთ სიმშვიდისა და განახლების ელემენტი. მის გამოსახატად ინტერიერში გამოყენებულია კერამიკული ფილა ტალღების ეფექტით და ბუნებრივი ქვა, რომლის “ძარღვებიც” თითქოს ჩანჩქერს მოგვაგონებს. მიწა სტაბილურობის და მდგრადობის ელემენტია. მიწის ელემენტს ეხმიანება უხეში დამუშავების კედლები, ჭერიდან ჩამოზრდილი სანათები – როგორც გამოქვაბულში წყლის წვეთებისგან ფორმირებული სტალაქტიტები და გამოქვაბულისთვის დამახასიათებელი უსწორმასწორო ფორმის თაღი. ჰაერი კი მოძრაობის და განახლების ელემენტია, მის ასოციაციას აძლიერებს ღია ტერასა, დიდი ვიტრაჟები და ტყიდან დაბერილი ჰაერის ცირკულაცია“, — აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას სალომე გულორდავა.
ამგვარად, ინტერიერში ბუნების მთავარი ელემენტების სინთეზი ჰარმონიულ გარემოს განაპირობებს და სიმშვიდეს, დასვენებას, ბუნებრივ განახლებას უზრუნველყოფს, სადაც მობინადრეებს თავისუფლად შეუძლიათ დატვირთული ყოველდღიურობისგან განთავისუფლდნენ და ერთგვარი თავშესაფარი მოიწყონ.
დიზაინერისთვის პროექტზე მუშაობის მთავარი გამოწვევა თავდაპირველი გეგმარება აღმოჩნდა. ბინა ე.წ. “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში იყო, შესაბამისად უკვე დამონტაჟებული იყო გაგრილების სისტემა, სანტექნიკის წერტილები, ელექტრობა, კედლების დამუშავება თუ იატაკის მოჭიმვა, რის გამოც პროექტის ავტორს გარკვეული შეზღუდვები შეექმნა. თუმცა, დამკვეთთან შეთანხმებით დიდი მასშტაბის დემონტაჟის სამუშაოები განახორციელა, რათა ინდივიდუალური, საინტერესო და ფუნქციური სივრცე მიეღო.
გეგმარებითი ცვლილების დროს მოხდა ორი კედლის დემონტაჟი, რამაც ერთი საძინებლის გაუქმება გამოიწვია, შედეგად კი გაიზარდა მისაღები ოთახი. ამან კი დამატებითი სივრცე გააჩინა სასადილო მაგიდისა და დეკორატიული კედლისთვის. კედლის დემონტაჟმა განაპირობა გაგრილების სისტემის გადაადგილებაც. სრულად შეიცვალა შეკიდული ჭერიც, რამაც ჭერის სიმაღლე გაზარდა. დიდი ცვლილება განიცადა ელექტრობამაც, რადგან იმდენად გაიზარდა ობიექტზე არსებული საბაზისო ელექტრო ქსელი, რომ საჭირო გახდა ელექტრო გამანაწილებლის დამატება. მთავარ საძინებელში არ იყო გათვალისწინებული საგარდერობო ოთახი, რაც რემონტის მიმდინარეობისას დაემატა, მნიშვნელოვნად იცვალა სახე მთავარი საძინებლის სველმა წერტილმაც.
აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით, საბოლოოდ, საცხოვრებელი მოიცავს გაერთიანებულ მისაღებ ოთახსა და სამზარეულოს, ორ საძინებელს საკუთარი სველი წერტილებით და ერთ დამატებით სველ წერტილს სტუმრებისთვის. ინტერიერი ხასიათდება ნეიტრალური ღია ფერებით და ისეთი ბუნებრივი მასალებით, როგორიცაა ხე, მარმარილო და ონიქსის ელემენტები და ნატურალური ტყავი.
შემოსასვლელ სივრცეში იატაკზე დაგებულია დიდი ქვის თეთრი ფილები, კედლის ერთი მხარე სრულად დაფარულია სარკეებით, მეორე მხარეს კი ინდივიდუალური დიზაინის, ხის ბუნებრივი ანათალის ჩაშენებული, ტევადი კარადებია დამონტაჟებული, რომლებზეც თაღოვან ადგილებში სარკეებია დატანილი, რაც სივრცის ილუზიას ზრდის და შთამბეჭდავ სურათს ქმნის.
დიდ დატვირთვას იძენს წერტილოვანი განათება, ზოგიერთი მათგანი კლდეში ჩამოზრდილ სტალაქტიტებს მოგვაგონებს და ქვის იატაკთან ურთიერთკავშირით ბუნებრივი გარემოს ასოციაციას ქმნის.
ღია გეგმარების, სტუდიოს ტიპის მისაღებში ხის სამშრიანი ღია ფერის პარკეტია დაგებული და კედლები დეკორატიული ლესვით არის დამუშავებული. თავდაპირველი ყურადღება სივრცეში არსებულ კოლონაზე მახვილდება, რომელიც მარმარილოს ქვითა და სარკეებით არის მოპირკეთებული. მარმარილოს ფაქტურა მიწისფერ ტონალობაშია გადაწყვეტილი და საინტერესო ფორმებით ხასიათდება, რაც ბუნების ელემენტის კიდევ ერთი გამოხატულებაა.
მისაღები ორ ნაწილად, სასადილო და მოსასვენებელ კუთხედ არის დაყოფილი. სასადილო ზონაში მინიმალისტური, თანამედროვე დიზაინის ოვალური ფორმის თეთრი მაგიდა დგას, რომელიც ქვის ფაქტურას მოგვაგონებს და იდეალურად ეხამება ტყავის მუქ ყავისფერ სკამებს. თვალს იტაცებს სასადილო ზონის კედელიც, რომელზეც ხე-მცენარეების ბოჭკოსგან დამზადებული შპალერია გამოყენებული, მეტი ბუნებრიობისთვის კი კედელი დამატებით ხის სვეტებით არის გაფორმებული.
მოსასვენებელ კუთხეში იტალიური ბრენდის “B&B Italia”-ს ცნობილი მოდელი, თეთრი ტონალობის მინიმალისტური ტახტი დგას, რომელიც ასევე ქვის ელემენტის შთაბეჭდილებას ქმნის და სასადილოს მაგიდასთან ერთგვარ კავშირს ამყარებს. ტელევიზორი კედელშია დამონტაჟებული, რათა კედლის ერთიანობას ხაზი გაესვას, გვერდებზე კი ტევადი თაროები და ხის ჩაშენებული კარადებია მოთავსებული. თითოეული ელემენტი ისეა მოწყობილი, რომ სივრცის ერთიანობის, მისი ჰარმონიისა და სრულფასოვნების შეგრძნება არ დაირღვეს და მეტიც, მათ შორის ურთიერთკავშირი გაძლიერდეს. მნიშვნელოვანი ფუნქციური და დეკორატიული დატვირთვა აქვს წერტილოვან განათებას, რომელიც განსაკუთრებულ მყუდროებასა და მიმზიდველობას განსაზღვრავს.
ბუნების ელემენტებით შთაგონებული ინტერიერი მეორდება სამზარეულოშიც, რომელიც ღია ფერისაა და ხესთან ერთად მომხიბვლელ ზონას ქმნის. დომინანტური ფუნქცია ენიჭება დიდ ქვის კუნძულს, რომელიც ამავე ფაქტურის იატაკსა და სამზარეულოს ზედაპირს ჰარმონიულად ერწყმის. კუნძულზე ინტეგრირებულია მცირე ზომის ხის სასადილო მაგიდაც, რაც უფრო კომფორტულს ხდის სივრცეს. კარადები და ტექნიკა კი სრულად ჩაშენებული და დაფარულია, რის გამოც სივრცის მთლიანობას არაფერი არღვევს.
მთავარ საძინებელში სიმყუდროვე იგრძნობა, რაც უპირველესად, სწორად შერჩეული წერტილოვანი და დეკორატიული განათებით მიიღწევა. ინტერიერი ღია ფერშია გადაწყვეტილი და მინიმალისტურად არის გაფორმებული. მომხიბვლელ და კომფორტული ელემენტია ღია ფერის საწოლი, რომელიც სირბილითა და სიმსუბუქით ხასიათდება. გამორჩეული სურათი იქმნება ღია თაღით, რომელიც საძინებელს საგარდერობო ზონასთან აკავშირებს და ოთახს გამოქვაბულის იერს სძენს. საგარდერობო სივრცე საკმაოდ ტევადი და ვრცელია, ინტერიერი ამ შემთხვევაშიც ხის მასალით არის მოპირკეთებული და ღია ტონალობაშია გადაწყვეტილი.
მთავარ საძინებელს აქვს საკმაოდ მოზრდილი სააბაზანო ოთახიც, რომელიც სადა, ნეიტრალურ ფერთა პალიტრაშია წარმოდგენილი. აბაზანა დიდი ფორმატის თეთრი კერამიკული ფილებით არის მოპირკეთებული, საშხაპე კუთხეში კი მცირე ზომის მუქი მწვანე ფილებია გამოყენებული, რაც მრავალფეროვნებას მატებს სივრცეს. სააბაზანოში გამოყოფილია ცალკე მდგომი ხელსაბანიც, რომელიც მარმარილოს მასალით არის დამუშავებული. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სარკეზე გამოყვანილ მარმარილოს ჩანართს, ქვის ფაქტურის ორიგინალური ფორმის ხელსაბანებს და დახვეწილ შემრევებს, რომლებიც პირდაპირ სარკეშია დამონტაჟებული. ამ ზონაშიც დიდი მნიშვნელობა ენიჭება განათებას, რომელიც მრავლადაა გამოყენებული და განსხვავებულ ატმოსფეროს ქმნის.
რაც შეეხება სხვა აბაზანებს, მათაც მყუდრო და მიმზიდველი დიზაინი გააჩნია. მეორე საძინებელთან არსებულ სააბაზანო ოთახში დომინანტურ როლს ასრულებს მწვანე ფერის ფილა, რომელიც “ტალღების” ეფექტს ქმნის და სივრცის ბუნებასთან კავშირს უსვამს ხაზს.
სალომე გულორდავას საინტერესო ნამუშევარი ბუნების სამი სტიქიური ელემენტის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს, რაც საერთო ჯამში, ინდივიდუალურ, ფუნქციურ და სახასიათო ინტერიერს ქმნის. ინტერიერი, რომელიც წყლის, მიწისა და ჰაერის ელემენტების ირგვლივ ვითარდება, ბუნების ჰარმონიის შეგრძნებას ბადებს და მაცხოვრებლებისთვის დასვენების, განტვირთვის და სტრესულ სამყაროსთან კავშირის გაწყვეტის შესაძლებლობას იძლევა.
პროექტის ავტორი: სალომე გულორდავა
ინტერიერის დიზაინის სტუდია: „S__ONE_STUDIO“
გამოყენებული მასალა:
იატაკის საფარი: „Merlons“
აბაზანის ფილები: „Lego Room“
შემრევები: „Veneto design“; „Belle maison“
ავეჯი: „Motif“ – „B&B Italia”; „Salotti“
ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული ავეჯი: „Bekauri art“