in

„Midcentury modern“-ის სტილის ინტერიერი ვაკეში — სანდრო კვირიკაძის ნამუშევარი

თბილისში, ვაკეში მდებარე 170 მ2  ფართობის მქონე ბინის დიზაინ პროექტი სანდრო კვირიკაძეს ეკუთვნის. საპროექტო დავალება გულისხმობდა „Midcentury modern“-ის სტილის ინტერიერის შექმნას, რომელშიც თითოეული მაცხოვრებლის მოთხოვნები და საჭიროებები იქნებოდა გათვალისწინებული.

სანდრო კვირიკაძე

„Midcentury modern“-ის დიზაინმა განსაკუთრებული აქტუალობა 1940-1970-იან წლებში მოიპოვა მისთვის დამახასიათებელი მარტივი და დახვეწილი ხაზებით, გეომეტრიულ ფორმებზე აქცენტირებით, მინიმალისტური მიდგომებით, ბუნებრივი მასალების ხშირი გამოყენებით, კონტრასტული ფერების საინტერესო შემოტანითა და ფუნქციონალურობით. სწორედ ამ ელემენტების გათვალისწინებით შემუშავდა საცხოვრებელი სახლის დიზაინ კონცეფციაც, რომელშიც ბუნებრივი მასალების, მკვეთრი ფერებისა და მინიმალისტური გადაწყვეტების საინტერესო სინთეზს ვხვდებით.

ბინა საკმაოდ დიდი ზომის არის და ის გაერთიანებულ მისაღებსა და სასადილო სივრცეს, სამზარეულოს, 4 საძინებელს (აქედან ორი მთავარი საძინებელია, რომლებსაც თავისი სველი წერტილი აქვს), კაბინეტს და 3 სველ წერტილს მოიცავს.

სახლში შესვლისას ყურადღებას იპყრობს ხის პანელებიანი დერეფანი, რომლის მარცხენა მხარეს დიდი ჩაშენებული საგარდერობო ზონა, მარჯვენა მხარეს კი სამრეცხაოა მოწყობილი. კედლის გაყოლებაზე უხილავი კარია დამონტაჟებული, რომელსაც საბავშვო ოთახში შევყავართ. იატაკზე კი მუხის ხის პარკეტია დაგებული, რაც ხის პანელებთან მიმართებით ერთიან სურათს ქმნის და სივრცის მთლიანობას გამოკვეთს.

მისაღები „Midcentury modern“-ის სტილშია გადაწყვეტილი და მასში ბუნებრივი მასალები, მინიმალისტური გადაწყვეტები და ამავდროულად, მდიდრული დეტალები გვხვდება. მთავარი აქცენტი მახვილდება ჭერზე, რომელიც მუქი წითელი ხითაა მოპირკეთებული, კედლებზე კი ამ შემთხვევაშიც ხის პანელებია გამოყენებული.

იმის გამო, რომ ბინა ტრავერტინის ქვით ნაგებ შენობას გადაჰყურებს, ინტერიერისა და ექსტერიერის ერთმანეთთან დასაკავშირებლად, კედელზე შემოტანილია ტრავერტინის ფაქტურა, რაც დომინანტურ ხეს აბალანსებს და წამყვან მუქ ყავისფერ ტონალობას ანეიტრალებს.  დანარჩენ ადგილებში კი გამოყენებულია „Cole & Son“-ის ბრენდის შპალერი, ღრუბლის ელემენტებით, რომელიც თითქოს ტრავერტინის ფაქტურას იმეორებს.

ავეჯი და აქსესუარები საკმაოდ მინიმალისტურადაა განთავსებული, სივრცე ზედმეტი დეტალებით გადატვირთული არ არის და ყურადღება მხოლოდ ფუნქციურ ელემენტებზეა გამახვილებული. ავეჯზე გვხვდება ტყავის ტექსტურა და ხე.

აღსანიშნავია ცენტრალურ ნაწილში მდგარი „Lagolinea“-ს დიდი ტახტი, რომელიც ბრონირებულ შუშის ფეხებზე დგას, რაც საინტერესო დიზაინ შტრიხს სძენს ოთახს.

ყავისფერ ტონალობასთან საინტერესოდ ინტეგრირდება კონტრასტული აქცენტები. სასადილო ზონაში სივრცეს მომხიბვლელობას მატებს მწვანე მაგიდა, რომელსაც დიზაინერ Poul Henningsen-ის მიერ შექმნილი „PH Artichoke“ სანათი ამშვენებს. მოდელი მნიშვნელოვან დეკორატიულ ობიექტს წარმოადგენს საინტერესო ფორმებითა და განსხვავებული დიზაინით  და სახასიათო ესთეტიკას სძენს ინტერიერს.

მისაღებ ზონასთან სამზარეულო რკინის ტიხრით არის დაკავშირებული, რომელიც მოძრავია და ორი სივრცის ერთმანეთთან გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.

სამზარეულოში გამორჩეული ატმოსფერო იქმნება, რაც ყავისფრის აქტიური გამოყენებით მიიღწევა. იატაკის ზედაპირი ტერაცოს ფილებითაა მოპირკეთებული და კედელზე დატანილ ტერაკოტას წვრილ ფილებს იდეალურად ესადაგება. სივრცის ერთიანობას ხაზს უსვამს ხეში ჩასმული ჩაშენებული სამზარეულოს კარადები, რომლებსაც „Waterworks“-ის ბრენდის კაკლის ხისა და თითბერის სახელურები ამშვენებს. ამავე ბრენდის პროდუქციას განეკუთვნება შემრევიც, რომელიც ოქროსფერი დიზაინის წყალობით, სივრცეს კიდევ უფრო დახვეწილ სახეს ანიჭებს.

მთავარ საძინებელში განსხვავებული ესთეტიკა შავი და ოქროსფერი ელემენტების შეხამებით იქმნება. კედლებზე „Cole & Son“-ის შავი ფერის, ღრუბლის პრინტით გაფორმებული შპალერი გვხვდება, რომელიც ოთახში მყუდრო გარემოს ქმნის. საძინებელი საკმაოდ პრაქტიკული და ფუნქციურია, რადგან ის აბაზანასა და მცირე ზომის კაბინეტთან ერთიანდება.

სააბაზანო ზონაში მკვეთრი, მუქი აქცენტები იჩენს თავს, სადაც მუქი ფერის ტრავერტინი და შავი ფილებია გამოყენებული. შემრევები და საშხაპე კი  „Waterworks“-ის მოდელებით არის დაკომპლექტებული.

პატარა კაბინეტის კედლები მწვანე ტონშია შეღებილი, რომელსაც ხის ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის და მყუდრო სივრცეს განაპირობებს. ოთახის სიმცირის მიუხედავად, ის სრულად ათვისებულია და მუშაობისთვის ყველა საჭირო პირობას ქმნის.

აღსანიშნავია მეორე საძინებელი, რომელიც პირველისგან განსხვავებით, ღია ფერებშია გადაწყვეტილი და სადა, მსუბუქი დიზაინით ხასიათდება. კედლები თეთრი ფერისაა, თუმცა ერთი-ერთ მათგანზე აქცენტის სახით ფლამინგოს პრინტით გაფორმებული შპალერი გვხვდება, რომელიც ვარდისფერ საწოლს, ხალიჩასა და გარდერობს ჰარმონიულად ეხამება.

ვარდისფერი აქტიურად მეორდება საძინებელ ოთახთან დაკავშირებულ სააბაზანოშიც. მუქი და ბაცი ვარდისფერი კედლებსა და იატაკზე სარკის ვარდისფერ ჩარჩოსთან ერთიანდება და სასიამოვნო და ამაღლებულ განწყობას ქმნის.

ერთ-ერთ საძინებელში კვლავ “Cole & Son“-ის ბრენდის ღრუბლის ელემენტების მქონე შპალერი გვხვდება, რისი მეშვეობითაც საძინებლებს შორის ერთგვარი კავშირი მყარდება. თუმცა განსხვავებით მთავარი საძინებლისგან, ამ ოთახის ინტერიერი ღია ფერებითა და თეთრი, ნაცრისფერი ტონალობებით ხასიათდება.

საბავშვო ოთახი სადა და ნეიტრალურია. თეთრ კედლებს იდეალურად ეხამება მწვანე საწოლები და ხის პანელები, რომელიც საგარდერობო ფუნქციასაც ასრულებს. სივრცე სრულად არის ათვისებული და საძილე ზონასთან ერთად, სამეცადინო კუთხეც გვხვდება.

მესამე სააბაზანოში კი მწვანე ფერის ფილები და „Waterworks“-ის შემრევები და საშხაპე ელემენტებია გამოყენებული. ოთახს ტერაცოს ფილები ამშვენებს.

სანდრო კვირიკაძის პროექტი მრავალფეროვანი, ელეგანტური და საინტერესო ესთეტიკით გამოირჩევა. „Midcentury modern“-თვის დამახასათებელი სტილისტიკა კონტრასტული ფერების შემოტანით, ბუნებრივ მასალებზე აქცენტირებით, სახასიათო ფორმებზე ყურადღების გამახვილებითა და სივრცის ფუნქციონალურობის ხაზგასმით მიიღწევა. თითოეული ოთახი ინდივიდუალურ ხასიათს სძენს ბინას, თუმცა მთლიანობაში, ერთმანეთთან კავშირს არ წყვეტს და ერთიან, სრულფასოვან დიზაინს ქმნის.

პროექტის ავტორი: სანდრო კვირიკაძე

სარემონტო ჯგუფი: დათო ბალახაშვილი

გამოყენებული მასალა:

იატაკის საფარი: „Veneto Design“

აბაზანის ფილები: „Veneto Design“

შემრევები:  „Waterworks“

ავეჯი: „Lagolinea”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

Chrysler Tower – არტ დეკოს სტილის ცათამბჯენი ამერიკაში

3 ნეიტრალური ფერი თანამედროვე და მარადიული ინტერიერის შესაქმნელად