ამ ბინის მეპატრონე ახალგაზრდა ქალბატონია, რომელმაც საკუთარი ბავშვობა ორსართულიან კერძო სახლში გაატარა. როგორც ის თავად გვიამბობს, ეს იყო მისი ბაბუის მიერ 1946 წელს აშენებული სახლი ტიპური თბილისური იერსახით – წითელი აგურით, დიდი დარაბებიანი ფანჯრებით, აივნებით, 4 მეტრიანი ჭერთა და მოხატული კედლებით.
“პირველი ჩემი ბავშვობის მოგონება დაკავშირებულია სწორედ ამ კედლებთან, სადაც ყოველ დილით ვარდებში ჩახატულ ცას ვუყურებდი ჭერზე.”
“მიყვარს მოგზაურობა და განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის არქიტექტურის შეგრძნება. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეთი ადგილების მონახულებით უყალიბდება ადამიანს გემოვნება და ისე ილექება ქვეცნობიერში, რომ მერე მსგავს ესთეტიკას ეძებს და ქმნის მის გარშემო. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე მოახდინა სამხრეთ ესპანეთის – ანდალუსიის მხარემ. აქ მაროკოული სტილი არის დომინანტი. ის ძალიან განსხვავდება ევროპული, აზიური თუ ქართული არქიტექტურისგან და მისი ეს ავთენტურობა იმდენად დაილექა ჩემს მეხსიერებაში, რომ იმ დროს უკვე გადაწყვეტილი მქონდა, რაღაც ელემენტების ჩემს სახლში გადმოტანა.”
როდესაც ჩვენი რესპონდენტის ცხოვრებაში ის ეტაპი დადგა, როცა მას საკუთარი ბინა უნდა შეეძინა, როგორც თავად ამბობს, “ამ საკითხს სხვაგვარად მიუდგა”. მას არ მიუმართავს უძრავი ქონების სააგენტოებისთვის და მომავალი საცხოვრებლის ძიებას თავად შეუდგა ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
“მინდოდა, ჩემი თვალით ამერჩია ის ადგილი, სადაც ვიცხოვრებდი. პირველ რიგში, დავაწყვე პრიორიტეტები, გადავშალე თბილისის რუკა და მოვხაზე ის ადგილები, სადაც იქნებოდა ჰაერი, ბევრი მზე, სიმშვიდე და ამავდროულად ფეხით ადვილად მისადგომი იქნებოდა ტრანსპორტთან და პროსპექტებთან. ადგილმდებარეობა უკვე ვიცოდი – ეს უნდა ყოფილიყო ტიციან ტაბიძის ქუჩა, ვინაიდან იგი ზუსტად ემთხვეოდა ჩემს მოთხოვნებს. ერთ დღესაც მთელი ქუჩა ფეხით დავიარე და ყველა სახლში დავაკაკუნე, ვკითხულობდი, იყიდებოდა თუ არა ბინა და ბოლოს ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. ეს იყო საცხოვრებელი სივრცე ვაკის პარკთან ახლოს, ერთ-ერთ ახალ აშენებულ 8 სართულიანი სახლის ბოლო სართულზე. შესვლისთანავე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რაც ჩემს წარმოსახვაში მქონდა. სივრცე იყო გამჭოლი, აივნებით, ძალიან მზიანი, ე.წ “შავი კარკასის” მდგომარეობაში და ჯერ კიდევ გადაუტიხრავი.”
ასე შეიძინა ჩვენმა რესპონდენტმა 80 კვადრატული მეტრის მქონე ბინა ვაკის პარკთან, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე და პირველ რიგში, მისი სივრცის დაგეგმარებას შეუდგა. მან კარგად იცოდა საკუთარი სურვილები და მომავალი საცხოვრებლის გეგმარებაც სწორედ ამ მიზნებს მოარგო.
“ვიცოდი, რომ აუცილებლად უნდა გამოსულიყო 2 საძინებელი და ცალკე სამზარეულო, რადგან სტუდიოს ტიპის ბინა კატეგორიულად არ მინდოდა. დავიწყე ხელით ხაზვა და ოთახებისა და კუთხეების რებუსივით აწყობა-გადაწყობა. შემდგომ ეტაპზე კი ჩემი მეგობარი დიზაინერი დამეხმარა, რომელმაც პროგრამაში გადაიტანა ნახაზი, სადაც მილიმეტრებში გავთვალე ყველა ნიუანსი – ჩამრთველები, განათების წყარო, ავეჯის დაგეგმარება და ა.შ.”
რაც შეეხება ინტერიერის შექმნის პროცესს, ბინის მეპატრონეს პროფესიონალი დიზაინერის მომსახურებით არ უსარგებლია. მომავალი საცხოვრებელი სივრცის დიზაინის შემუშავებისას ის საკუთარ გემოვნებასა და სოციალური ქსელებიდან მიღებულ შთაგონებას ითვალისწინებდა.
“ვფიქრობ, საკმაოდ კარგი აპლიკაციაა Pinterest, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, წინასწარ დაინახოს, თუ რა სტილს ეძებს და რა უნდა. ყველას ვურჩევდი ამ აპლიკაციის გარეშე არ გააკეთონ რემონტი, მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა დიზაინერი აყვანილი. ჩემს სახლში ყველა ნივთს აქვს საკუთარი დანიშნულება და სწორად მინიჭებული ადგილი. ასევე შეგნებულად დავგეგმე, რომ თითოეული ავეჯი, მიუხედავად იმისა, თუ რა დანიშნულებისა იყო ის, სილამაზის გარდა, აუცილებლად უნდა ყოფილიყო კომფორტული გამოსაყენებლად. ავეჯი, ჩემი აზრით, უნდა იყოს ნატურალური და საცხოვრებლად გამოსადეგი. მნიშვნელოვანია, რომ სახლი, სადაც ვცხოვრობთ, განსხვავდებოდეს სასტუმროსგან, ან ჟურნალში და კინოში ნანახი ლამაზი ინტერიერებისგან, რადგან ხშირად იქ ბევრი რამ მხოლოდ ვიზუალურად მოგვწონს და შესაძლებელია, შემდგომ უკვე, ცხოვრების პროცესში, გაგვაღიზიანოს.”
ბინაში სამზარეულო და მისაღები ოთახი ერთმანეთისგან გამჭვირვალე ტიხრით არის გამოყოფილი. ამ გზით ფართი ორ ნაწილად გაიყო, თუმცა, სინათლე და სივრცე შეუნარჩუნდა.
რაც შეეხება საძინებლებს, როგორც ჩვენი რესპონდენტი გვიამბობს, მას ყოველთვის მოსწონდა სასტუმროს ნომრების სტილით შთაგონებული პატარა ოთახი საკუთარი სველი წერტილით. როცა მან გააცნობიერა, რომ ეს კომბინაცია საკმაოდ მარტივად მისაღწევი იყო მის ბინაში, ბევრი არც უფიქრია და შექმნა 15 კვ/მ საძინებელი 3 კვ/მ აბაზანით.
“აბაზანების ინტერიერის გაკეთების დროს ვფიქრობდი იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ლამაზი ვიზუალის მქონე სივრცე და არა მხოლოდ “კაფელში ჩასმული” ოთახი. კედლების ნაწილი შევღებე და დავკიდე სურათები. მგონი ლამაზი გამოვიდა. რაც შეეხება სარეცხ მანქანას, მას საკმაოდ არასტანდარტული ადგილი მოვუძებნე. ამ დანადგარს ხშირად აბაზანაში ან სამზარეულოში ამონტაჟებენ, მე კი ის აივანზე, საქვაბის კარადაში დავაყენე, რაც ძალიან მოსახერხებელია და კომფორტულია სივრცის დაზოგვის მიზნით.”
როგორც ბინის მეპატრონე იხსენებს, ინტერიერზე მუშაობის პროცესში იყო მომენტი, როდესაც საკმაოდ გაუჭირდა მისაღები ოთახის კედლის ფერის შერჩევა. ვინაიდან მას არ სურდა ბანალური თეთრი ფერის კედლები, დახმარებისთვის საკუთარ მეგობარ დიზაინერს მიმართა, რომელმაც სასურველი ტონი შეარჩევინა და საბოლოოდ არჩევანი ფისტასფერზე გაკეთდა, რაც ვიტრაჟებიდან შემოჭრილ მზის სხივებთან და ხეების სიმწვანესთან მიმართებაში საუცხოო ტანდემს ქმნის.
“ვთვლი, რომ ჩემი ბინა არის ლამაზი და საინტერესო. მას აქვს კარგი აურა და ის კომფორტულია საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე არ არის დიდი, საძინებლის გარდა, სახლში არის კიდევ რამდენიმე სხვა ზონაც, სადაც შესაძლებელია განმარტოება და ლამაზ გარემოში დასვენება.”
ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე