ბინა, რომელიც ვაკის პარკის მოპირდაპირედ მდებარეობს, 150 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მის დიზაინზე სტუდია STIPFOLD-მა იმუშავა.
როგორც პროექტის ავტორები გვიამბობენ, კონცეფცია დამკვეთის ხასიათისა და ხედვებიდან გამომდინარე შეირჩა და არჩევანი მინიმალისტურ მიდგომაზე შეჩერდა – უნდა გამოყენებულიყო მონოტონური ფერთა პალიტრა და ფაქტურების მცირე რაოდენობა.
შემუშავებული დიზაინის მიხედვით, წამყვან მასალად კალაკატას მარმარილო შეირჩა. სხვა მასალის ფერები კი მარმარილოს ტონალობებიდან არის აღებული. საერთო ოთახში აქცენტი სწორედ ბუნებრივი ქვით მოპირკეთებულ კედელზე გაკეთდა, რომელიც მასალის ბუნებრივობის ხაზგასასმელად, ვერტიკალურად არის დაზოლილი.
საერთო ოთახის სივრცე ორი მხრიდან არის ვიტრაჟებით გარშემორტყმული და ვაკის პარკს გადაჰყურებს. პანორამული ფანჯრები, რომლებზეც მზისგან დასაცავად ღია ნაცრისფერი როლეტებია გამოყენებული, უხვ ბუნებრივ განათებას უზრუნველყოფს. ეს მონოტონური ზონა განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ მასში დღის სხვადასხვა მონაკვეთში შემოსული მზის სხივები სრულიად განსხვავებულ ხასიათს სძენენ ინტერიერს.
ავეჯის შერჩევისას პროექტის ავტორების მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ ნივთებს გაეგრძელებინათ არქიტექტურული კონცეფცია. სწორედ ამ მიზნით, ბინაში ძირითადად ერთი ბრენდის ავეჯი შეირჩა. სასადილო და მოსასვენებელი სივრცისთვის შერჩეულია ერთი სერიის მარმარილოს ზედაპირის მაგიდები. მათი ფეხის დიზაინი მეორდება მთავარი საძინებლის საწოლსა და დივანზე.
დივნის გადასაკრავის ფერი კედლის ფერის მიხედვითაა არჩეული, დივნის მუქი ტყავის ჩანართი კი იდენტურია სავარძლის, სასადილო სკამებისა და საწოლის ტყავისა, რაც იატაკის მუქ ტონალობას იმეორებს.
ღია ნაცრისფერ გარემოში მსუბუქად იქცევენ ყურადღებას თეთრი ფერის ნივთები. ესენია ბარის სკამები, ტელევიზორის კონსოლი და სხვადასხვა აქსესუარები.
სველ წერტილში მუქ ფონზე გვხვდება ორიგინალური დიზაინ ობიექტი. ეს არის STIPFOLD-ის დიზაინით შექმნილი მარმარილოს სწორკუთხოვანი ხელსაბანი, რომელიც ფუნქციურთან ერთად მნიშვნელოვანი ესთეტიკური დანიშნულების მატარებელია.
საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტერიერში ხელოვნური განათება. გამორჩეული ბრენდების პროდუქციით წარმოდგენილი სანათები სივრცეს სრულიად განსხვავებულ ხასიათს სძენენ საღამოს საათებში.
დიზაინ სტუდია: STIPFOLD
პროექტის ავტორები: ბექა ფხაკაძე, გიორგი ბენდელავა
ფოტოგრაფი: გიორგი მამასახლისი
ავეჯი: B&B italia / Rimadesio / Normann Copenhagen / Pianca / Vondom / Bertolotto / Kadeco
მოპირკეთება: Ariostea / Fiandre / Oikos / Weitzer Parkett / Kamara Stone / Neolith
სველი წერტილები: Agape / Gessi / Villeroy & Boch / Viega / Nivito / Brem
განათება: Flos / Nemo / Linea Light / Buster & Punch / Centrsvet
საყოფაცხოვრებო ტექნიკა: Miele / Sony / LG / Teka