ბინა, რომელსაც დღეს გაგაცნობთ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს და არქიტექტორ გიორგი ხმალაძის მიერაა დაპროექტებული. ობიექტის საერთო ფართობი 180 მ2-ია. მისი მფლობელი ახალგაზრდა წყვილია და ორივე მათგანი ფინანსურ სექტორშია დასაქმებული. როგორც ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ, ინტერიერის დიზაინთან და არქიტექტურასთან წყვილს პროფესიული შეხება არასდროს ჰქონია, თუმცა მას შემდეგ, რაც წარსულში არასასურველი გამოცდილება მიიღეს ერთ-ერთ დიზაინერთან თანამშრომლობისას, გადაწყვიტეს, რომ ამჯერად ბინას დამოუკიდებლად, პროფესიონალის დახმარების გარეშე მოაწყობდნენ.
ჩვენი რესპონდენტები 2022 წლამდე კრწანისში ცხოვრობდნენ, სადაც 2011 წელს დასახლდნენ. იმ პერიოდში კრწანისი ნაკლებად განაშენიანებული იყო — გამწვანებულ ზონა, ავტომობილების მცირე რაოდენობა, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც წყვილს შვილებთან ერთად კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს უქმნიდა. როგორც გვიამბობენ, ქალაქის ცენტრში ბინის აუცილებლობა ბავშვების ზრდამ და გაუსაძლისმა საცობებმა განაპირობა. წყვილისთვის მნიშვნელოვანი იყო ნათელი, ვერანდის მქონე ბინის მოძებნა, რომელიც ყველა საჭირო ობიექტთან ახლოს იქნებოდა, რაც ავტომობილით გადაადგილების დროს შეამცირებდა. საბოლოო ჯამში, ამ ფაქტორების გათვალისწინებით, იდეალური სახლი შეირჩა, რომელიც ულამაზეს თბილისის ხედს გადაჰყურებს.
მობინადრეებმა ბინა ე.წ. “მწვანე კარკასის” მდგომარეობაში შეიძინეს, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს. გეგმარებაში განსაკუთრებული ცვლილებები არ შეუტანიათ, თუმცა სივრცისთვის სრულყოფილი სახის მისაცემად პროცესი გახანგრძლივდა. მიუხედავად ამისა, რემონტი მეპატრონეებისთვის საოცრად სასიამოვნო, მრავლის მომცველი და საინტერესო გამოცდილება აღმოჩნდა.
მინიმალისტური ინტერიერი ავეჯით, ხელოვნების ნიმუშებით, მცენარეებითა და სხვადასხვა აქსესუარითაა გამდიდრებული. სივრცე ისეთი კლასიკური ნივთებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც აქტუალობას არ კარგავს და დროს უძლებს. სივრცეში გამორჩეულ ადგილს იკავებს ფერწერული ტილოები, რომლებიც მეპატრონეებისთვის განსაკუთრებით ძვირფასია.
მისაღებში თეთრი და ნაცრისფერი ტონები ჭარბობს, თუმცა აქვე გვხვდება ცისფერი აქცენტებიც. ოთახი მინიმალისტურ სტილშია გადაწყვეტილი, შესაბამისად, სივრცე არ არის გადატვირთული ზედმეტი ნივთებით და მასში სასიამოვნო სიმსუბიქე იგრძნობა.
სამზარეულო მისაღები ოთახისგან გამიჯნულია და საკმაოდ დიდ სივრცეს ქმნის. თეთრი და ნაცრისფერი ტონალობა აქაც დომინანტურ როლს თამაშობს და სასტუმრო ოთახის ესთეტიკას იმეორებს. დიდი ვიტრაჟების წყალობით, ოთახი განებივრებულია უხვი ბუნებრივი განათებით და ულამაზესი ხედებით.
მთავარ საძინებელში მშვიდი, მყუდრო, სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა. ოთახი საინტერესო, ნახევრად ღია გეგმარებით ხასიათდება, რომელიც ზონას თავისებურ ხიბლს სძენს. გამყოფი ტიხარი საგარდერობო და საძილე ზონებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ამასთანავე, მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ყურადღება მახვილდება რბილ, ღია ყავისფერ იატაკზე, რომელსაც სივრცეში სიმსუბუქე და ჰაეროვნება შეაქვს. იატაკი იდეალურად ეხამება საწოლისა და ფარდების ღია ყავისფერ ტონალობას და დეკორატიულ განათებასთან ერთად თბილ გარემოს განსაზღვრავს.
მთავარ საძინებელს საკმაოდ კომფორტული და მიმზიდველი აბაზანა აქვს. ღია ფერებში გადაწყვეტილ ოთახში მთავარ აქცენტს კედლის პანო ქმნის, რომელიც სივრცეს გამორჩეულ ხასიათს სძენს და სააბაზანოში ბუნების ელემენტები შეაქვს. ოთახის ერთიანობის ხაზგასასმელად მწვანე ტონალობაა გამოყენებული ხელსაბანთანაც, რაც ამ ზონას უფრო ეფექტურს ხდის.
დანარჩენ საძინებლებში ხაკისფერი, ღია ყავისფერი და ნაცრისფერი ტონები ჭარბობს. რბილი იატაკი ამ ზონებშიც მეორდება და თბილი, ჰაეროვანი ატმოსფერო ნარჩუნდება. ოთახებში მოწყობილია საძილე, სამუშაო და საგარდერობო კუთხეები, რის გამოც სივრცეები საკმაოდ ფუნქციური და პრაქტიკულია.
სველ წერტილებშიც იგრძნობა ბინის სახასიათო დიზაინი და დახვეწილი სტილი. ღია და მუქი ტონალობები ერთმანეთთან გემოვნებიანადაა შეხამებული და მინიმალისტურ, საკმაოდ მოხდენილ ზონებს ქმნის. სარკის დეკორატიული განათება ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ოთახებს უფრო ეფექტურსა და მიმზიდველს ხდის.
ვერანდა სახლის ძალიან მნიშვნელოვანი ზონაა. მე-17 სართულიდან ულამაზესი ხედი იშლება და შთამბეჭდავი სანახაობა იქმნება. ექსტერიერი ისეა მოწყობილი, რომ მისი გამოყენება კომფორტულია როგორც ზაფხულში, ასევე ზამთარში. სივრცეს გამწვანება და მიმზიდველი გარე ავეჯი ამშვენებს, რაც მყუდრო მოსასვენებელ კუთხეს უზრუნველყოფს.
ჭავჭავაძეზე მდებარე ბინა თანამედროვე კლასიკური სტილით ხასიათდება. თითოეული ნივთი ჰარმონიულად ესადაგება ინტერიერს და მის ელეგანტურობას უსვამს ხაზს. ეს არის ადგილი, სადაც ცხოვრება და მეგობრების გამასპინძლება მთელს ოჯახს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
გამოყენებული მასალები:
იატაკის საფარი: „გალერეა დემასი“; „პარკეტის სახლი“
აბაზანის ფილები: „გალერეა დემასი“
შემრევები: „გალერეა დემასი“
კედლის მოპირკეთება: „bs.ge“
განათება: „Luminal“
ავეჯი: „Cattelan Italia“; „Calligaris“; „LeComfort“; „LUBE“