in

ბინა მწვანე ფანჯრებით ვერაზე – SXVAVA Architecture-ის ნამუშევარი

სახლი, რომლის შესახებაც დღეს გიამბობთ, ვერაზე, კერძოდ კი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 58 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ინტერიერის დიზაინ პროექტზე სტუდია SXVAVA Architecture-მა იმუშავა ლევან დავლიანიძის ხელმძღვანელობით.

დამკვეთის მთავარი მოთხოვნა თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი გარემოს შექმნა იყო. ამ მიზნის მისაღწევად პროექტის ავტორმა საინტერესო გადაწყვეტილებები შეიმუშავა და როგორც თავად გვიამბობს, ამ პროცესში ბინის მეპატრონისგან სრული თავისუფლება ჰქონდა.

ბინაში გვხვდება გაერთიანებული მისაღები, სასადილო და სამზარეულო ზონები, საძინებელი საგარდერობო სივრცით და ერთი აბაზანა. საკმაოდ საინტერესოა კედლების დიზაინი. ნაცვლად ტრადიციული მახვილი კუთხეებისა, ამ შემთხვევაში მომრგვალებული ფორმები გვხვდება, რაც სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.

გეგმარებითი ნახაზი

დიზაინ პროექტის კონცეფციის მთავარი არსი ბუნებრივი განათების ეფექტურ გამოყენებას გულისხმობს. ამისთვის განსაკუთრებული აქცენტით გამოიკვეთა საერთო ზონაში არსებული სამი ძველებური ფანჯარა, რომლებიც განახლდა და ხელახლა შეიღება.

“ჩვენ დიდხანს ვეძებდით შესაბამის მწვანე ტონს და საბოლოოდ, აღმოვაჩინეთ ის ელფერი, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ზაფხულის სიმწვანეს,” – ლევან დავლიანიძე

აქვე გვხვდება საინტერესო დიზაინ გადაწყვეტა გასაგორებელი კარის თავზე, სადაც გამოყენებულია შუშის ტიხარი, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ სივრცის ვიზუალური ერთიანობა არ დაიკარგოს.

ბუნებრივი განათებაა შენარჩუნებული სააბაზანოშიც, რომლის კარზე დამონტაჟდა შუშის ფრამუგა. ამ დეტალის წყალობით, სივრცეში არ იგრძნობა ფანჯრის დანაკლისი.

სიბნელის თავიდან ასარიდებლად, მთავარ ოთახსა და საგარდერობო ზონებს შორის მოეწყო მინაბლოკის კედელი, რომელიც მეტ ჰაეროვნებასა და ვიზუალურად საინტერესო ელფერს სძენს ინტერიერს.

პროექტში გამიზნულად არ არის გამოყენებული წერტილოვანი განათება. ბინაში არსებული შუქი ძირითადად სხვადასხვა ზედაპირებიდან არეკვლის შედეგად მიიღება. ჩაშენებული ავეჯის სახით გვხვდება სპეციალურად ამ პროექტისთვის დამზადებული ობიექტები, რომლებიც SXVAVA Architecture-ის ესკიზების მიხედვით შეიქმნა.

რაც შეეხება გამოყენებულ პროდუქტებს, ინტერიერში მხოლოდ ბუნებრივი მასალა ფიგურირებს: მასიური მუხა და ევროპული კაკლის ხე, მუხისა და კაკლის ხის შპონი, მარმარილო, ბუნებრივი კვარცი და  მქრქალი კერამიკული ფილები.

პროექტის ავტორების თანახმად, აღნიშნულ ინტერიერზე მუშაობის პროცესში ერთ-ერთ მთავარ სირთულეს ჭერის რესტავრაციის პროცესი წარმოადგენდა.

ჭერი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საჭირო გახდა უსწორმასწორობის დაფარვა, თუმცა ეს უნდა მომხდარიყო ძველებური, ულამაზესი კარნიზის შენარჩუნებით. ამ მიზნის მისაღწევად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეწია ჭერის დონე, რაც საჭირო იყო კარგი ხმის იზოლაციის და ზედაპირის გათანაბრებისთვის. რაც შეეხება კარნიზებს, ისინი ღია დავტოვეთ და დიოდური ნათებით გამოვყავით”, – ლევან დავლიანიძე

SXVAVA Architecture-ის პროექტი ვერაზე ავტორებისთვის დამახასიათებელი სისადავითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ბინა ქალაქის შუაგულში, ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ქუჩაზე მდებარეობს, ინტერიერში სრული სიმშვიდე იგრძნობა, რაც იდეალურია დამღლელი დღის შემდეგ განტვირთვისთვის.

გამოყენებული მასალა:

იატაკი: მასიური მუხა (შესრულებულია რაჭული მუხის გამოყენებით)

აბაზანის იატაკი: მარმარილო,  KAMARA

აბაზანის ფილები: Vitra

სანტექნიკა: ROCA

შემრევები: Hansgrohe

განათება:  Flos (Archidea), ვინტაჟური სანათები

მეტალის, შუშის და ხის კარადები: ტაბურეტი

სარემონტო ჯგუფი: SXVAVA Architecture

ფოტოგრაფი: Ivan Erofeev

ბამბუკის ტყეებით შთაგონებული კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ჩინეთში – MAD Architects-ის პროექტი

8 მარტივი გზა მცენარეების კუთხის მოსაწყობად ინტერიერში