in

ფრანგული სტილის ბინა ვერსალის სასახლესთან — RMGB-ის ნამუშევარი

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ მე-19 საუკუნის სახლის განახლებულ ინტერიერს, რომელიც ვერსალის სასახლესთან მდებარეობს. პროექტი სტუდია RMGB-ის შესრულებულია და აერთიანებს როგორც ტრადიციულ ფრანგულ სტილს, ასევე თამამ, თანამედროვე ესთეტიკას, რაც უნიკალურ სივრცეს განაპირობებს.

საპროექტო დავალება გულისხმობდა დამკვეთის ბავშვობისდროინდელი სახლის სრულ რენოვაციას და ინტერიერის გაცოცხლებას ავთენტური ელემენტების შენარჩუნებით.

სახლის დიზაინ-კონცეფციაზე დიდი გავლენა მოახდინა მისმა ადგილმდებარეობამ და ვერსალის სასახლესთან სიახლოვემ, რაც ინტერიერშიც აისახა.

სივრცის ძირითად ტონალობად თეთრი ფერი შეირჩა, რამაც პროექტის ავტორებს შესაძლებლობა მისცა, ავეჯისა და დეკორაციის სახით, ფერები თამამად გამოეყენებინათ, ამასთანავე კი სივრცის სისადავე და ბალანსი არ დაერღვიათ.

აღსანიშნავია, რომ ბინაში თავდაპირველი ფრანგული წყობის ხის იატაკია შენარჩუნებული, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდა და განახლდა. ამას გარდა, ინტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი მასალები და ძვირადღირებული, დახვეწილი დიზაინის ნივთები, რომლებიც სახლის ინდივიდუალურობას განსაზღვრავს. ყურადღებას იქცევს ფრანგული სტილისთვის დამახასიათებელი მოჩუქურთმებული ჭერი, რომელიც დეკორატიულ დატვირთვას იძენს და საცხოვრებლის ელეგანტურობას უსვამს ხაზს.

სახლში ყველაზე თამამი, ფერადი და გამორჩეული ზონაა მისაღები სივრცე, რომელიც ეკლექტური გადაწყვეტებით ხასიათდება. თვალშისაცემია მასიური ხალიჩა შავ-თეთრი ზოლებით, რომელიც განსაკუთრებულ ეფექტს ქმნის ოთახში და მნიშვნელოვან დეკორატიულ ელემენტად გვევლინება. ინტერიერის გასახალისებლად შემოტანილია კონტრასტული თანამედროვე სტილის მრგვალი ფორმების ტახტი, რომელიც კლასიკური სტილის სავარძლებს უპირისპირდება და ძველისა და ახლის საინტერესო სინთეზს ქმნის. სივრცეში გვხვდება ვინტაჟური ტევადი ხის კარადაც და დიდი ზომის აბსტრაქტული ნახატი, რომელიც სივრცის ავთენტურობის გამომხატველია.

სასადილო შედარებით მინიმალისტური და სადაა, რომელიც მომრგვალებული ფორმის დიდი თეთრი მაგიდითა და ნაზი ტექსტურის ღია ხაკისფერი სკამებით არის გაფორმებული. ამ ზონაში სივრცის მნიშვნელოვანი ელემენტია მასიური ნახატი ბუნების პეიზაჟებით, რომელიც სივრცეს ფერებსაც მატებს და ამავდროულად, სასიამოვნო განწყობას ქმნის.

სამზარეულოც თამამი გადაწყვეტებით ხასიათდება, რაც მასალათა საინტერესო შეხამებაში ვლინდება. უკანა ნაწილში ფოლადის ფაქტურის დიდი ტევადი კარადებია დაპროექტებული, რომელიც პრაქტიკულ და ამასთანავე მიმზიდველ სათავსოს ქმნის. მის მოპირდაპირედ კი მარმარილოს ორიგინალური დიზაინის კუნძულია მოთავსებული, რომელსაც ფრანგული სტილის ინტერიერში თანამედროვე ესთეტიკა შემოაქვს.

გაბედული და ორიგინალური აქცენტებით არის შექმნილი საძინებელი ოთახიც, რომელშიც მნიშვნელოვან დატვირთვას ლურჯი ფერი იძენს. მასიური ლურჯი ფერის რბილი საწოლი ორგანულად ერწყმის მონოქრომული ტონალობის ტექსტილსა და დიზაინ-ობიექტებს. სირბილის დასაბალანსებლად შემოტანილია უხეში დეტალები მეტალის განსხვავებული დიზაინის ტუმბოების სახით, ხოლო სანათები კლასიკური გადაწყვეტებით ხასიათდება.

სააბაზანო სივრცე მუქი მარმარილოს ქვით არის მოპირკეთებული. კედლის ნაწილი კი თეთრი საღებავით არის დამუშავებული, რაც მუქ ტონებს ანეიტრალებს და სივრცეს სიმსუბუქეს მატებს.

სტუდია RMGB-ის საფრანგეთში მდებარე პროექტი ტრადიციული ფრანგული სტილისტიკით გამოირჩევა, რომელსაც სასიამოვნოდ ერწყმის თამამი გადაწყვეტები და თანამედროვე ელემენტები, რაც ინტერიერის ორიგინალურ და ავთენტურ სახეს განაპირობებს.

პროექტის ავტორი: RMGB

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!  

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

მუქი ლურჯის და შეხამება სხვა ფერებთან – 15 შესანიშნავი კომბინაცია, რომელიც ცხადყოფს ამ ფერის წარმოუდგენელ მრავალფეროვნებას