ბინა, რომლის დიზაინზე „4visual“-ის გუნდმა იმუშავა, ქალაქის შუაგულში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 65 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
დამკვეთის მთავარი მოთხოვნა იყო, რომ ბინაში საძინებლისა და მისაღების ზონირება არ მომხდარიყო ყრუ კედლით და სტანდარტული კარით, ბინა უნდა ყოფილიყო თანამედროვე და ახალგაზრდული, ბევრი ფერადი აქცენტით.
საპროექტო დავალების შესასრულებლად „4visual“-ის გუნდმა შეიმუშავა კონცეფცია, რომელიც ნათელი სივრცის და ფერადი აქცენტების კომბინაციაზე იყო დამყარებული.
“ამ იდეის გარშემო შევარჩიეთ სკანდინავიური ბრენდი “Hay”-ის ფერადი სკამები და მაგიდა. ინტერიერის კონცეფცია კი ამ კომპოზიციის გარშემო განვავითარეთ. მკვეთრი ფერების, სხვადასხვა ტექსტურებისა და ელემენტების ჰარმონიული კომბინაციით მივიღეთ ნათელი, ენერგიული და დინამიური ატმოსფერო, რომელიც ამავე დროს მყუდრო და მშვიდია,” – პროექტის ავტორი, სტუდიის ხელმძღვანელი თამარ კენკიშვილი
სივრცის მაქსიმალურად შესანარჩუნებლად შეირჩა სტუდიოს ტიპის გეგმარება, სადაც მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთ სივრცეშია გაერთიანებული, ხოლო საძინებელი გამოყოფილია დანარჩენი სივრცისგან მოძრავი გასაგორებელი კარით. ტიხრების მინიმალური გამოყენებით და მომრგვალებული კედლებით ბინაში შეიქმნა ერთიანი, თვალისთვის საინტერესო დინამიკური გარემო.
ინტერიერში აქცენტის სახით გვხვდება ცნობილი სკანდინავიური ბრენდების ფერადი სასადილო მაგიდა და სკამები, სანათები და აქსესუარები. თუმცა ამას გარდა, გამოყენებულია ადგილობრივად დამზადებული ეგზოტიკური შპონირებული მდფ-ის კარადები, რომლებსაც დამატებითი საინტერესო ტექსტურა შემოაქვს სივრცეში.
ასევე საინტერესოა ადგილობრივი წარმოების სამზარეულოსა და სააბაზანოს ავეჯი მინიმალისტური სკანდინავიური ელფერით, რომელიც სივრცეს მყუდრო და ჰარმონიულ სახეს აძლევს.
4visual-ის გუნდმა შეძლო ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც დამკვეთის მიერ დასახულ ამოცანებს სრულად პასუხობს და ქმნის მყუდრო გარემოს კომფორტული ცხოვრებისთვის.
“ყველა ახალი პროექტის დაწყებისას დიზაინერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი და გამოწვევა დამკვეთთან სწორი კომუნიკაციის დამყარება, მისი სურვილებისა და მოთხოვნების სწორად აღქმა და გააზრებაა. დამკვეთის ჩართულობის გარეშე მისთვის ისეთ გარემოს ვერ შექმნი, სადაც თავს მყუდროდ, კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნობს. დიზაინერისთვის პროექტი მაშინაა წარმატებული, როდესაც დამკვეთი შედეგით კმაყოფილი და ბედნიერია,” – თამარ კენკიშვილი
პროექტის ავტორი და სტუდიის ხელმძღვანელი: თამარ კენკიშვილი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: 4visual
სამზარეულო და კარადები: Forma Founders
ავეჯი: Hay, Forma Founders, Montana
სანათები: &Tradition, Valerie Objects, Hay