დღეს გაგაცნობთ ირა ბანცაძის პროექტს, რომელიც ვერაზე, მ. ზანდუკელის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 65 მ²-ია.
საპროექტო დავალება გულისხმობდა წყვილისთვის კომფორტული საცხოვრებლის შექმნას, რომელიც მოერგებოდა როგორც ქალის, ასევე მამაკაცის გემოვნებას. ამასთანავე, ბინა უნდა ყოფილიყო თანამედროვე დიზაინის, სადა და მაქსიმალურად ფუნქციური.
პროექტის განხორციელებისას მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა ის, რომ ბინის მეპატრონეები არ იმყოფებოდნენ საქართველოში, რაც დიზაინერს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა და მის აქტიურ ჩართულობას მოითხოვდა.
ბინის გეგმარებისას მცირედი ცვლილება მოხდა, რის შედეგადაც შეიცვალა შესასვლელი კარის ადგილმდებარეობა. პროექტის მიხედვით, საცხოვრებელი მოიცავს შესასვლელს, საერთო ოთახს, რომელშიც სამზარეულო, სასადილო და მისაღები სივრცეები ერთიანდება, საძინებელს, სააბაზანოს, საგარდერობოსა და სამრეცხაო ზონებს.
ინტერიერი ძირითადად ნაცრისფერ ტონებშია გადაწყვეტილი და მასში მუქი, კონტრასტული აქცენტები გვხვდება. კედლები დამუშავებულია ღია ნაცრისფრად შეღებილი ფრიზელინის ქაღალდით, ჭერზე გამოყენებულია ჩრდილოვანი პროფილები, იატაკზე კი პოლიმერული საფარი (ვინილი), რომელიც წყლის მიმართ მედეგობით ხასიათდება. ინტერიერის სტილისტიკა თანამედროვე და მინიმალისტურია. სივრცე უმეტესად მხოლოდ ფუნქციური საგნებით არის მოწყობილი, რის გამოც სიმსუბუქის ეფექტი იქმნება.
საერთო ოთახში, ტელევიზორთან მოწყობილია მოსასვენებელი კუთხე, მასიური, მუქი ნაცრისფერი ტახტითა და მცირე ზომის შავი მაგიდით. ყურადღებას იპყრობს მინიმალისტური ტელევიზორის თაროც, რომელზეც წიგნები და დეკორატიული საგნებია განთავსებული. დომინანტური ნაცრისფერი ტონალობის გასაფერადებლად და გასახალისებლად აქცენტის სახით შემოდის თბილი განათება და დეკორატიული ფერადი ბალიშები.
ოთახის ცენტრალურ ნაწილში – კუნძულთან მოწყობილია სასადილო ზონა შავი მცირე ზომის მაგიდითა და ნაცრისფერი რბილი სკამებით. ამ კუთხის ხაზგასასმელად გამოყენებულია საინტერესო დიზაინის დეკორატიული სანათიც, რომელიც მიმზიდველ წერტილს ქმნის. შეიძლება ითქვას, სასადილო მაგიდა სამზარეულოს კუნძულთან ერთიანდება, რომელიც ხაზოვანი ფაქტურის მასალით არის დაფარული, ზედაპირი კი პორცელანის ფილითაა მოპირკეთებული.
სამზარეულოს კუთხე მინიმალისტური დიზაინით პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული ზონაა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულოს ავეჯი იტალიური ლამინატისგანაა დამზადებული, რომელიც მწვანე ფერის ფაქტურის წყალობით, საოცარ მომხიბვლელობას სძენს სივრცეს. იმისათვის, რომ სივრცე მაქსიმალურად მსუბუქი, მინიმალისტური და ერთიანი გამოსულიყო, დიზაინერის გადაწყვეტილებით, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა კარადებში მოთავსდა, რის გამოც თვალისათვის უხილავი გახდა და მთლიანობის ეფექტი შექმნა.
საძინებელში ნაცრისფრის მონოქრომული ტონალობა ნარჩუნდება, თუმცა სივრცის გასახალისებლად შემოდის კლასიკური შტრიხებიც, როგორიცაა დეკორატიული სანათები, მიმზიდველი დიზაინის ტუმბო და დახვეწილი ტექსტილი. საძილე ზონაში მაქსიმალური მყუდროება და კომფორტია შექმნილი, რაც მაცხოვრებლებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას აძლევს. ფუნქციურობის გასაზრდელად კი საგარდერობო ზონა ცალკე ოთახშია მოწყობილი.
სააბაზანო კლასიკური კონტრასტული ფერების დაპირისპირებით ხასიათდება, სადაც თეთრ მცირე ფორმატის ფილებს შავი ფაქტურის ფილები ერწყმის. შემრევებიც შავ ფერთა გამაშია წარმოდგენილი, რის გამოც სივრცეს დახვეწილი, ელეგანტური იერი ეძლევა. ორი ტონის გამოყენებით კი ერთიანი, ჰარმონიული, მყუდრო გარემო იქმნება.
ფართის სიმცირის მიუხედავად, ირა ბანცაძის პროექტი სრულფასოვან საცხოვრებელ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ყველა საჭირო ზონა კომფორტულად არის მოწყობილი. ინტერიერი მშვიდი და მყუდროა. მასში მინიმალისტური, თანამედროვე და კლასიკური შტრიხების სინთეზს ვხვდებით, სივრცის ერთიანობა კი ნაცრისფერი და მუქი აქცენტების დომინირებით მიიღწევა.
პროექტის ავტორი: ირა ბანცაძე
ინტერიერის დიზაინის სტუდია: studio 111a
გამოყენებული მასალები:
სამზარეულოს ავეჯი: studio 111a
იატაკის საფარი: ჯაოკენი
აბაზანის ფილები: New design, Kerama Marazzi, Lego Room
შემრევები: Veneto Design
კედლის მოპირკეთება: პრაქტიკა
განათება: ახალი ნათება, Lumen
ავეჯი: ლაბორატორია ჩემი სახლი, ფორუმი ახალი ნათებისგან, კონტეინერი
სარემონტო ჯგუფი: studio 111a