დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ – კილიან კენეთ მეთიუ პულმანსისა (Killian Kenneth Matthew Poolmans) და ფლორის ვან დერ მარელის (Floris van der Marel) ბინას, რომელიც მარჯანიშვილის უბანში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 126 მ2-ია. ბინა თამამი გადაწყვეტილებებით, კონტრასტული ფერებითა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა და მასში ერთმანეთს სასიამოვნოდ ერწყმის თბილისური ესთეტიკა, ტრადიციული მოტივები და თანამედროვე, მინიმალისტური შტრიხები.
კილიანსა და ფლორის განათლება სამრეწველო დიზაინის ინჟინერიის მიმართულებით აქვთ მიღებული და ამჟამად დიზაინის პრაქტიკას ასწავლიან სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კომერციულ კომპანიებში. ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ და ცხოვრობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას მანამ, სანამ 6 წლის წინ საქართველოსა და თბილისის არქიტექტურაზე შეყვარებულებმა, აქ ცხოვრება არ გადაწყვიტეს.
ჩვენმა რესპონდენტებმა ბინა 2022 წელს შეიძინეს და საცხოვრებლად მარჯანიშვილის უბანი აირჩიეს ძველი, უნიკალური არქიტექტურული სტილისა და მაღალჭერიანი ბინების გამო. უამრავი ბინის ნახვის შემდეგ, აღნიშნული საცხოვრებლით ისინი პირველივე ნახვისას მოიხიბლნენ, რადგან პირველ რიგში, ყურადღება მიიქცია მიმდებარე ტერიტორიის წაბლის ხეებმა და ორნამენტებიანმა ფასადებმა. ასევე ბინაში ძველი იატაკი და ხელნაკეთი ხის კარი თავდაპირველი სახით იყო შენარჩუნებული, ხოლო ძველი მოხატული ჭერი რემონტის მიმდინარეობისას გამოჩნდა.
სახლს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, აქ 60 წლის განმავლობაში სხვადასხვა თაობა ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ სივრცე კარგად იყო შენახული, ინტერიერი საკმაოდ მოძველებული და შელახული აღმოჩნდა, ამიტომ მისი შეცვლა გახდა საჭირო.
რემონტის პროცესში შეიცვალა თავდაპირველი გეგმარება და სამზარეულო ბინის ცენტრალურ ნაწილში მოეწყო, რათა სივრცეში ბუნებრივი ცენტრი გაჩენილიყო, რომლის ირგვლივაც ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბებოდნენ. სამზარეულოს ადგილას სამუშაო კუთხე დაპროექტდა, სადაც ძველი ფანჯრები (რომლებიც ამოქოლილი იყო) აღდგა და სივრცეში ბუნებრივი სინათლის წყარო გაჩნდა.
ასევე ძველი დაკიდული ჭერი მოიხსნა, რომელიც თეთრად იყო შეღებილი და ეკლესიის ფრესკებზე მომუშავე სპეციალისტების დახმარებით ორიგინალური დეკორატიული ნახატები პირველადი სახით გაცოცხლდა მისაღებში, დერეფანსა და სასტუმრო ოთახში. ამას გარდა, ძველი შპალერისგან კედლები გაიწმინდა და ზოგიერთ ადგილას გაჯის ზედაპირით შენარჩუნდა პირვანდელი სახით, რომლებზეც დღემდე არის ნახატები და ნახაზები შემორჩენილი. კედლების ნაწილი კი შეიღება. რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ ხის კარს, რომელმაც განახლებული იერი მიიღო.
რაც შეეხება ინტერიერს, რომელიც მაცხოვრებლებმა პროფესიონალის დახმარების გარეშე მოაწყვეს, თბილისის არქიტექტურით, პეიზაჟებითა და ესთეტიკით არის შთაგონებული, რაც ფერთა მრავალფეროვნებაში გამოიხატება. დიზაინი ერთგვარ კულტურათა მრავალფეროვნებას უსვამს ხაზს, რის გამოც საკმაოდ გაბედულ და განსხვავებულ სახეს ქმნის. ამავდროულად, არქაულ ესთეტიკას სასიამოვნოდ ერწყმის თანამედროვე სტილისტიკა და მინიმალისტური შტრიხები, რაც აბალანსებს საცხოვრებლის დიზაინს და მას სიმსუბუქეს უნარჩუნებს.
„თავდაპირველად ძალიან შთაგვაგონა თავად თბილისმა. გვსურდა, სახლში შემოგვეტანა ფერების სიმდიდრე და სხვადასხვა კულტურული გავლენის ნაზავი. ასევე გამოვიყენეთ ფერები Jardin Majorelle-ის ინტერიერიდან (მარაქეში), სადაც ივ სენ ლორანი და პიერ ბერჟე ცხოვრობდნენ. ჩვენ მოვახერხეთ ორიგინალური, უნიკალური დეტალების აღდგენა და მათ მკვეთრი მინიმალიზმით შთაგონებული თანამედროვე ელემენტები შევუხამეთ. თითოეულ ოთახში მხოლოდ რამდენიმე აქცენტირებული ნივთია, რომლებიც ადამიანთა ყურადღებას იპყრობს. სახლი კი მორთულია სხვადასხვა ადგილობრივი ხელოვანი მეგობრების ნამუშევრებით, რაც ადგილობრივ შემოქმედებით კულტურას უსვამს ხაზს”, — აღნიშნავენ მაცხოვრებლები.
გარდა მრავალფეროვანი ფერებისა, თამამი ნაბიჯია ისიც, რომ ავეჯის უმეტესობა მაცხოვრებლების მიერაა დაპროექტებული და შემდეგ ადგილობრივ ბაზარზე, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული, რაც სივრცის ავთენტურობას მეტად გამოკვეთს. ხოლო სხვადასხვა დიზაინ ობიექტი და ნივთების უმეტესობა ქართული წარმოებისაა, ნაწილი კი ჩვენი რესპონდენტების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობისას არის შეძენილი.
დერეფანი სრულად ლურჯ ტონალობაშია გადაწყვეტილი, რაც ფრესკების ლურჯი ფერით არის შთაგონებული. ამავე ზონაში, სახლში შესვლისთანავე გვხვდება ლატექსის ფაქტურის მქონე შავი ფარდა, რომელიც ჭერიდან იატაკამდე ეშვება და ქალაქის მიწისქვეშა ტექნო სცენით არის შთაგონებული.
მისაღები ოთახი ნათელი, მსუბუქი და სასიამოვნოა. ღია ფერის ხის იატაკი იდეალურად ერწყმის გაჯის კედლებს და 1900-იან წლებში მოხატულ ჭერს, რომელზეც დისკო ბურთია დაკიდებული. ეს ერთგვარი თამამი შეპირისპირება კარგად გამოხატავს არქაული და თანამედროვე ესთეტიკის საინტერესო სინთეზს. ოთახი მინიმალისტურად არის გაფორმებული და მყუდროების შესაქმნელად დიდი ზომის ორნამენტირებული ხალიჩა და ვარდისფერი რბილი სავარძლებია განთავსებული. საინტერესო აქცენტს ქმნის ცისფრად მოხატული კედელიც.
სამზარეულო-სასადილო ზონა მისაღებისგან იზოლირებულია. აქ ინტერიერი მრავალფეროვანი ფერთა პალიტრით ხასიათდება. დომინანტური ლურჯი ფერი, რომელიც თავის მხრივ ინტერიერის მთლიანობასა და სრულყოფილებას უსვამს ხაზს, ფარდებზე, ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ სამზარეულოსა და სამზარეულოს კუნძულზე გვხვდება, რომელიც სასადილო მაგიდის ფუნქციასაც ითავსებს. თავად სამზარეულო საკმაოდ მინიმალისტურია და თაროებითა თუ სათავსოებით დატვირთული არ არის. ჭერი ფირუზისფრადაა შეღებილი, ხოლო კარი ყვითელ ფერშია წარმოდგენილი. ფერების მიერ შექმნილ ამაღლებულ განწყობას კიდევ უფრო ახალისებს ტროპიკული გამწვანება და ხის ავეჯი. არქაულ ესთეტიკას უსვამს ხაზს ძველებური ხის კარადაც, რომელიც გარდა ესთეტიკური მიმზიდველობისა, ტევად სათავსოს ქმნის.
სამზარეულოდან მცირე ზომის ნათელ, მოსახერხებელ სამუშაო სივრცეში ვხვდებით, რომელშიც ღია ვარდისფერი ტონალობა დომინირებს და სადად არის გაფორმებული.
ერთ-ერთ საძინებელში განსაკუთრებული მყუდროება ლურჯი ფერის აქტიური გამოყენებით, დახვეწილი ტექსტილითა და რბილი, კომფორტული სადა დიზაინის ავეჯით მიიღწევა. ოთახი საკმაოდ ფუნქციონალურია და მასში საინტერესოდაა ინტეგრირებული საგარდერობო ზონაც. ასევე, ყურადღებას იქცევს ორი დეკორატიული მანეკენი და კლასიკური დიზაინის სარკე, რომლებიც ოთახის კუთხეშია განლაგებული.
რაც შეეხება მეორე საძინებელს, ეს ოთახი გამოირჩევა მოხატული ჭერით, გაჯის კედლებითა და ძველი, ანტიკვარული ხის კარადით, რომელსაც ორგანულად ერწყმის თანამედროვე სტილის რბილი საწოლი და ვარდისფერი ტექსტილი. სიხალისის შესატანად კი ჭერის ნაწილი აქაც ცისფრადაა შეღებილი.
კილიან კენეთ მეთიუ პულმანსისა და ფლორის ვან დერ მარელის ბინა თამამი დიზაინ-გადაწყვეტებით, საინტერესო შტრიხებით, ძველისა და ახლის ჰარმონიული სინთეზითა და ფერთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სივრცე იდეალურ შესაძლებლობას იძლევა როგორც საცხოვრებლად, ასევე სამუშაოდ და შემოქმედებითი ხედვის გამოსავლენად. როგორც თავად მაცხოვრებლები ამბობენ, ეს არის ერთგვარი „სიყვარულის წერილი” თბილისის წარსულის, აწმყოსა და მომავლისადმი.
კონსტრუქტორი: ვახტანგ მაჭარაშვილი
სარემონტო კომპანია: Bricks
ჭერის რესტავრაცია: სალომე ახალაშვილი
გამოყენებული მასალები:
სამზარეულო: IAKAMI
კედლის მოპირკეთება: კაპაროლი
განათება: Philips Hue
ავეჯი: Pillow furniture
ტექსტილი: Tessuto
“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.
გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!
რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2