in

ისტორიული სივრცის თანამედროვე იერსახე ბიზნეს ცენტრში — ელენე სხვიტარიძის პროექტი ვაკეში

ელენე სხვიტარიძის ახალი პროექტი ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარეობს და მისი საერთო ფართობი 75 მ2-ია. საპროექტო დავალება გულისხმობდა ბიზნეს ცენტრისთვის განახლებული შემოსასვლელი სივრცის მოწყობას, შენობის ისტორიული დეტალებისა და მასალების შენარჩუნებას და თანამედროვე ელემენტების დამატებას. ასევე, დიზაინერის თქმით, აუცილებელი იყო შემოსასვლელში გაეთვალისწინებინათ ტამბური ორმაგი კარით.

პროექტი მდებარეობს ძველ ისტორიულ, საკმაოდ საინტერესო შენობაში, რომლის შემოსასვლელ სივრცეს არასტანდარტული გეგმარება აქვს, რაც პროექტის ავტორისთვის ათვლის წერტილი გახდა გეგმარების პროცესში. სწორედ შენობის ფორმა აღმოჩნდა მუშაობის დროს მთავარი გამოწვევა, რომელსაც თითოეული გადაწყვეტა და ავეჯის ელემენტი მოერგო.

ინტერიერში რამდენიმე ფერი საინტერესოდ ენაცვლება ერთმანეთს — თეთრი, შავი, ვერცხლისფერი და ხის ელემენტები, ხოლო ავეჯის სახით შემოტანილია კონტრასტული ტონალობაც. ყურადღებას იქცევს სარკისებური ჭერი, რომელიც უფრო მოცულობითს ხდის სივრცეს და მარმარილოს ფაქტურის იატაკს ერწყმის. მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი მარმარილოს აღდგენა და შენარჩუნება ვერ მოხერხდა, მსგავსი ფორმისა და ფაქტურის დიდი ფორმატის ფილებმა მარმარილოს ეფექტი შექმნა. ხაზგასასმელია ისიც, რომ კედლებზე გვხვდება ხის პანელები, მომრგვალებული ზონები კი ბეტონის ფაქტურით არის დამუშავებული.

სივრცეში შემოსვლისთანავე გავდივართ ტამბურს, რომელიც ნახევრად გარეთაა გასული “შიშველი” მინის კუბის სახით, რათა ისტორიული შენობის ფასადზე თანამედროვეობის პატარა გამოძახილი ყოფილიყო. შემოსასვლელში, იგივე პირველ ზონაში, განთავსებულია ორი ფუნქციური ავეჯის მოდული — მოსაცდელი და რეცეფციის მაგიდა, რომლებიც დარბაზის სახასიათო ფორმას ერგება და მის კონტურს იმეორებს. ინტერიერი ნათელ ფერებშია გადაწყვეტილი, რაც სასიამოვნო განწყობას ქმნის. იატაკი ღია ფერის მოზაიკით არის მოპირკეთებული, რაც არქიტექტურული დოკუმენტების ცნობით, შენობის თავდაპირველ პროექტში იყო გათვალისწინებული.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია რეცეფციის მისაღების მაგიდა, რომელიც დამატებითი ფუნქციებითაა დატვირთული. მაგიდის მარჯვენა მხარეს ტანსაცმლის საკიდია მოწყობილი, რომელიც შემაღლებული ზურგის უკანაა ჩამალული, რათა სტუმრებისთვის შეუმჩნეველი იყოს. ხოლო მარცხენა მხარეს მინი ბარია განთავსებული სტუმრებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად. ხაზგასასმელია ისიც, რომ ამ დეტალს არასტანდარტული ფორმა აქვს, რომელიც საკმაოდ რთული შესასრულებელი აღმოჩნდა.

მოსაცდელში ორიგინალური ფორმის ფირუზისფერი ტახტი დგას, რომელიც ხის ფაქტურის ელემენტებით არის გაფორმებული. ასევე დეკორატიულ ელემენტად გვევლინება ბუნებრივი გამწვანებაც, რომელიც ავეჯის ტონალობას ჰარმონიულად ეხამება.

პირველი ზონიდან 4 საფეხურით შემაღლებულ მეორე ზონაში გადავდივართ, სადაც ინტერიერი უფრო თბილი მასალებით და მუქი ფერებით იცვლება. ამ ნაწილში კედლები ხის პანელებით არის დაფარული, რომლებიც თავის მხრივ, კარ-ფანჯარასთან და შავი მარმარილოს ფაქტურის იატაკთან კომბინაციაში, შენობის პირვანდელი სახის ერთგვარი გამოძახილია. მუქი ფერების დასაბალანსებლად კიბის ორ მხარეს გვხვდება დაბურული მინის კუბები, რომლებშიც გამწვანებაა მოქცეული. ეს ორი დეტალი გარე განათების წყაროს იმიტაციაა, კონტრასტი, რომელიც აქაურობას აცოცხლებს და ხიბლს აძლევს.

ელენე სხვიტარიძის პროექტი ნაფიქრი, საინტერესო დეტალებით გამოირჩევა და მასში სიღრმე და ინდივიდუალური ხედვა იგრძნობა. ერთიანი სივრცე, რომელიც ორ ზონად იყოფა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერიერებს ქმნის, თუმცა ერთიანობის კავშირს არ არღვევს. ხაზგასასმელია ისიც, რომ პროექტში შენარჩუნებულია ისტორიული შენობის ტრადიციული დეტალები, რომლებიც ახალი, თანამედროვე ელემენტებით არის გამდიდრებული.

პროექტის ავტორი: ელენე სხვიტარიძე და მისი ჯგუფი

ინტერიერის დიზაინის სტუდია: EleniaS – Interior Design Studio

ავტორი: მეკო მეტრეველი

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

რაში გვჭირდება და რა უპირატესობა აქვს ჰიდროიზოლაციას?

ერგონომიული დიზაინი, აკუსტიკური პანელები და კონფიგურირებადი ავეჯი – Open space კონცეფციით შექმნილი ,,თეგეტას“ მარკეტინგის გუნდის საქმიანი სივრცე