in

ბოჰემური სტილის ბინა აღმაშენებლის გამზირზე – მარიამ დემეტრაშვილის ნამუშევარი

პროექტი “ბოჰემია”, რომლის ფართობი 55 კვადრატულ მეტრს შეადგენს, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს და მის დიზაინზე DEME_INTERIOR-ის დამფუძნებელმა, მარიამ დემეტრაშვილმა იმუშავა.

საპროექტო დავალება მდგომარეობდა ბოჰემური სტილის საცხოვებელი სივრცის შექმნაში, რომელიც გამოყენებული იქნებოდა გასაქირავებლად. დიზაინერის მიერ შემუშავდა კონცეფცია, რომელიც გულისხმობდა ოქროს იმიტაციის მქონე მასალების გამოყენებას, ნეოკლასიკური სტილის ვიტრაჟის ფორმებისა და განსხვავებული ფაქტურების შეხამებას.

როგორც პროექტის ავტორი გვიამბობს, ამ ინტერიერის შექმნისას მთავარ გამოწვევას სამზარეულოს დიზაინზე მუშაობა წარმოადგენდა. მარიამ დემეტრაშვილს სურდა, რომ სივრცე მაქსიმალურად ეფექტური და პრაქტიკული ყოფილიყო, თუმცა, ამავდროულად, არ უნდა დაეკარგა სიმსუბუქე. ამ მიზნის მისაღწევად, ზედა კარადებისგან დიზაინერმა შექმნა ერთგვარი დიზაინ ობიექტი, რომელიც სამი დამოუკიდებელი ბლოკისგან შედგება და შესაბამისად, ისინი სტანდარტულ სათავსოს არ წარმოადგენს.

ინტერიერის ერთ-ერთი გამორჩეული ელემენტი მაგიდაა, რომელიც მარიამ დემეტრაშვილის ესკიზების მიხედვით, სპეციალურად ამ პროექტისთვის შეიქმნა.

დერეფანში ყურადღებას იქცევს ფრესკის ტიპის შპალერი, რომელზეც გამოსახულია ზღაპრული ტყის პეიზაჟი. ფრესკა ქმნის 3D ილუზიას და თითქოს, ვიზუალურად ადიდებს სივრცეს. აქვეა ე.წ. უხილავი კარი, რომელზეც ასევე გვხვდება იგივე შპალერი, რაც საკმაოდ საინტერესო ეფექტს ქმნის და გოტიკური პერიოდის სახლებისთვის დამახასიათებელ საიდუმლო გასასვლელს გვაგონებს.

საკმაოდ რთული იყო ამდენი სხვადასხვა ფერის სწორად განაწილება და განსხვავებული ფაქტურების შეხამება. თუმცა, შავი დეტალებისა და დეკორის მეშვეობით და აქცენტების სწორად დასმით მე შევძელი სივრცის შეკვრა და მივიღე სასურველი შედეგი. ეს არის ძველებური ფრანგული სტილის თანამედროვე ინტერპრეტაცია. მე პირადად ზღაპრული, რომანტიკული შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს სხვა რეალობაში გადავყავარ ამ გარემოს,” – მარიამ დემეტრაშვილი

პროექტის ავტორი: მარიამ დემეტრაშვილი

დიზაინ სტუდია: DEME_INTERIOR

ფოტოგრაფი: ოთო გორდელაძე

მსოფლიოს 3 ყველაზე მაღალი შენობა 2025 წლის მონაცემებით

CITYZEN-ის საუკუნის პროექტი – ლეგენდარული ზაჰა ჰადიდის სტუდიის არქიტექტურით შექმნილი მრავალფუნქციური თაუერის კონცეფცია ცნობილია