in

ბოჰო სტილი – ინტერიერი წესების გარეშე

აღმოსავლური ორნამენტები, ხელნაკეთი ავეჯი, ბუნებრივი ფერები და ამ ყველაფრის თამამი შეხამება, ესაა “ბოჰოს” განუმეორებელი სტილი.

თუ თქვენ მინიმალიზმისა და მკაცრი წესებისგან დაიღალეთ, სული კი თავისუფლებას, შემოქმედებით წვასა და მრავალფეროვნებას გთოვხთ, გამოსავალი არსებობს – ეს ბოჰო სტილია. ის მათთვისაა, ვისაც ექსპერიმენტების არ ეშინია, შთაგონებას მრავალფეროვნებიდან იღებს, უყვარს ეკლექტიკა, ნათელი და უცნაური ნივთები. დღეს ბინაში ბოჰო სტილის მდიდრული ატმოსფეროს შექმნის წესებზე გესაუბრებით.

სტილის ისტორია

ბევრისთვის ბოჰო 60-70 იანი წლების ჰიპურ მოძრაობასთან ასოცირდება, ვინაიდან მან ყველაზე დიდი პოპულარობა სწორედ ამ პერიოდში  მოიპოვა. თუმცა „ბოჰოს“ ფესვები მე-17 საუკუნის დასაწყისამდე მიდის. ფრანგული „bohémiens“-ს ჩეხ ბოშებს ეძახდნენ, რომლებიც ბოჰემიის ევროპული ნაწილის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. ბოჰემები მომთაბარეები იყვნენ, მათი ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთები ევროპიდან ჩინეთამდე გადაშლილი სხვადასხვა ქვეყნებისა და კულტურების მემკვიდრეობა იყო.

მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპაში აღმოსავლური ეგზოტიკის მოდა შემოვიდა, თუმცა ის თავიდან მხოლოდ ამგვარი მოტივებით შემკულ ტანსაცმელზე ვრცელდებოდა. 50-იან წლებში ბოჰო სტილი ჰიპებმა გადაიაზრეს.

დღეს ეს სტილი თავისუფალი ხასიათის მქონე ხელოვანი ადამიანების არჩევანია, რომლებისთვისაც მხატვრული „აურზაური“ და დეტალების მიმართ უყურადღებობა უცხო არაა, ხოლო ინტერიერი თვითგამოხატვის საშუალება და კაშკაშა, ქაოტური შინაგანი სამყაროს ანარეკლია.

როგორ უნდა მოვაწყოთ ინტერიერი ბოჰოს სტილში

ამ ტიპის ინტერიერის მთავარი მახასიათებელი წესების არ არსებობაა. ბოჰოს არსი დიზაინის კანონებისა და შეზღუდვების უგულებელყოფაა. სწორედ ამიტომ, ბოჰო სტილში შესრულებულ ორ ერთნაირ ინტერიერს ვერ ნახავთ. ისინი ყოველთვის ინდივიდუალური და განუმეორებელი იქნება. თუმცა ამ მიმართულებას გარკვეული თავისებურებები მაინც გააჩნია, რომლებიც დიზაინის მოფიქრებისას უნდა გავითვალისწინოთ.

მიმართულების არჩევა

ეს სტილი მრავალფეროვანი და არაერთგვაროვანია, ამიტომაც მისი რამდენიმე მიმართულება ბუნებრივად ჩამოყალიბდა:

ბოჰო შიკი

ფუფუნების გულახდილი დემონსტრირება (მათ შორის ბუტაფორიული). თუ თქვენ ბრწყინვალება მოგწონთ, ეს მიმართულება თქვენთვისაა. საკვანძო ელემენტებია: ოქრო და ბროლი, ცხოველების პრინტი, მძიმე ნაჭრები, მდიდრული დეკორი, რბილი ავეჯი და ძვირფასი ჭურჭელი.

ეკო

ეკოლოგიური ბოჰო ყველა მოგზაურობის მოყვარულს მოუხდება. ასეთი ადამიანს სხვა კულტურები აინტერესებს და ბუნებაზე ზრუნავს. როგორც წესი, ამ სტილს საფუძვლად მშვიდი ფერები და ნატურალური მასალები უდევს.

აღმოსავლეთი

ინტერიერის ამ ვარიანტში საკვანძო ელემენტი აღმოსავლური მოტივებია, დიდი ორნამენტები, ნათელი მოპირკეთება, მსხვილი პრინტით ფოტო შპალერი და ხალიჩები.

ბოჰო სტილის ფერები

ფერებში არანაირი შეზრუდვა არ არსებობს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი ფერის არჩევაა შესაძლებელი, მათ შორის ნათელი ფერების ნებისმიერი ვარიაცია. ამ მიმართულებაში არ მუშაობს არც სამი ძირითადი ფერის წესი, არც სივრცის ვიზუალური აღქმის პრინციპი. თუ პატარა საძინებლის კედლების მუქ მწვანე ან შავ ფერში შეღებვა გსურთ, ნება თქვენია. ეს სტილი ამის საშუალებას იძლევა.

თუმცა, ეკოლოგიური ბოჰოსთვის, რომელიც დღეს განსაკუთრებით პოპულარულია, სკანდინავიური სტილის მსგავსი ფერთა პალიტრაა დამახასიათებელი: ღია ფონი და ბუნებრივი ფერები (ბეჟის, რუხის, მწვანის, ტერრაკოტის, ლურჯისა და აგურისფერის ელფერები).

შეუფერებლის შეხამება

ბოჰო-შიკის სტილის მთავარი ატრიბუტი ისეთი ფაქტურების, ორნამენტებისა და ნივთების შეხამებაა, რომლებიც თითქოსდა არ უხდება ერთმანეთს. ერთ სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა ეპოქის ავაჯი, განსხვავებული ნაჭრები (მაგალითად ხავერდი, ტყავი და მაქმანი), ერთდოულად რამდენიმე განსხვავებული მოსაპირკეთებეი მასალა, ხაზები, ყვავილები, გეომეტრიული ორნამენტი და სხვადასხვა კულტურისთვის დამახასიათებელი ნივთები მოთავსდეს.

და ბოლოს, როგორ არ გადავამლაშოთ და შევძლებთ თუ არა ვირტუოზული შეფარდების მიღწევას პროფესიონალების გარეშე? წარმატების გასაღები გულახდილობაშია. სტილის არსი იმაშია, რომ მან მფლობელის ინდივიდუალურობა უნდა აირეკლოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ნივთების ის ნაკრები გამოვიყენოთ, რომელიც გულში ჩაგვივარდა, მოგზაურობიდან და საავტორო მაღაზიაბიდან ჩვენთვის ძვირფასი შენაძენების წყალობით კოლექცია გაიზრდება. ინტერიერი ცოცხალი ორგანიზმივით შეიცვლება, მისი ელემენტები კი ერთმანეთთან „დამეგობრდება“.

Ketelhuis Residence – სახლად გადაკეთებული ინდუსტრიული სივრცე

XVII საუკუნის პარიზული სახლის ტრანსფორმაცია