პროექტი — „Bowentown Bach House“ ახალ ზელანდიაში, პლენტის ყურეში (Bay of Plenty), Bowentown-ის დასახლებაში მდებარეობს, მისი საერთო ფართობი 195 მ2-ია. ნაგებობის კონცეფცია წყლის შედეგად გამორიყული, ქვიშაში ჩაფლული ხის ნაჭრებითაა შთაგონებული, რომლებიც სანაპიროზე მრავლად გვხვდება. სახლის ირგვლივ დიდი ველები და ოკეანის ხედები იშლება. კონსტრუქცია გარემოს ერთგვარი ანარეკლია, რომელიც თბილ და მიმზიდველ საცხოვრებელ ადგილს ქმნის.
შენობის იერსახე გარედან თითქოს მუქ, უხეშ შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ინტერიერში შესვლისას, ხის კედლების დამსახურებით, მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფერო მიიღება. ხის კიბეს საცხოვრებელი სივრცის მთავარ შესასვლელამდე მივყავართ, რომელიც შემაღლებულ ადგილას, მეორე სართულზეა.
ობიექტის ირგვლივ ქვიშის დიუნების ხედი იშლება, შესაბამისად, ექსტერიერი გავლენას ახდენს შიდა ატმოსფეროსა და ინტერიერის დიზაინზე, რომელიც დიდი, გაშლილი სივრცით ხასიათდება. ფანჯარასთან მდგომი კომფორტული სავარძლები, წიგნების კუთხე და ბუხარი — მყუდრო, მოსასვენებელ ადგილს ქმნის, რაც სახლს განსაკუთრებული სითბოთი და დადებითი განწყობით ავსებს. მასიური ფანჯრები მაცხოვრებლებს საშუალებას აძლევს ბუნებასთან სიახლოვე იგრძნონ, კედლები კი გარე სამყაროს ქაოსისგან დასაცავად ერთგვარი ბარიერია.
ინტერიერში გამოყენებულია თბილი, ბუნებრივი ფერები, რაც სანაპიროს დიუნებს მოგვაგონებს. ამ გზით შიდა სივრცესა და ექსტერიერს შორის ორგანული მთლიანობა იქმნება. ღია ხისფერი იატაკი სახლს სიმშვიდესა და ჰაეროვნებას ანიჭებს და ხის ავეჯსა და ჭერს ორგანულად ეხამება. საცხოვრებელი გარემოსთან კავშირის შესაძლებლობას იძლევა და ბუნების იერსახეში ჰარმონიულად თავსდება.
არქიტექტურული ფირმა: Edwards White Architects
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”