in

ბრტყელი გადახურვა – ყველაფერი, რაც ამ შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ

სახლის გადახურვა მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელიც აუცილებლად ხარისხიანად და ეფექტურად უნდა შესრულდეს, რათა მომავალში უსაფრთხოებასთან და დისკომფორტთან დაკავშირებული პრობლემები არ შეგვიქმნას. განარჩევენ ორი ტიპის გადახურვას — ქანობიანსა და ბრტყელს, რომელთა მოპირკეთება სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. დღევანდელ სტატიაში ჩვენ ყურადღებას სწორედ ბრტყელ გადახურვაზე გავამახვილებთ, ვისაუბრებთ მის უპირატესობებზე, მონტაჟისათვის საჭირო ელემენტებსა და გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.

ბრტყელი გადახურვა რამდენიმე მახასიათებლით გამოირჩევა 

ეკონომიურობა —ზოგს მიაჩნია, რომ ბრტყელი გადახურვა გაცილებით ძვირი ჯდება, ვიდრე ქანობიანი სახურავი, რაც არასწორია. ორივე ვარიანტისას ღირებულება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მასალისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, ბრტყელი გადახურვა უფრო ეკონომიურია.

მარტივად ხელმისაწვდომობა და კომფორტულობა — იმის გამო, რომ ბრტყელ სახურავს ციცაბო ფერდობები არ აქვს, ტექნიკური და სარემონტო სამუშაოებისას ის ბევრად უფრო უსაფრთხო და მარტივად ხელმისაწვდომია, ამიტომ მასზე გადაადგილება სირთულეებთან არ არის დაკავშირებული.

სივრცის ეფექტური ათვისება — ბრტყელი სახურავის მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ ის დამატებით სივრცეს ქმნის სხვადასხვა გასართობი თუ რეკრეაციული ზონის მოსაწყობად. შესაძლებელია ამ ადგილას დააპროექტოთ ბაღები, საცურაო აუზი ან მომავალში, თუ სახლის გაფართოებას გადაწყვეტთ, სახურავს სართული დააშენოთ. სწორედ ამ უპირატესობის გამო, მომხმარებელთა დიდი ნაწილი ბრტყელ გადახურვას ირჩევს.

ბრტყელი გადახურვის უარყოფითი მხარეები: 

მოპირკეთების სპეციფიკა და არაეფექტური ჰიდროიზოლაცია — ბრტყელი სახურავების უმეტესობას ჰიდროიზოლაციის პრობლემა აქვს, რის გამოც სახურავი მალე ზიანდება და შესაკეთებელი ხდება. ეს კი გამოწვეულია იმით, რომ სახურავი არასწორადაა მოპირკეთებული და სათანადო ეტაპები და ხარისხიანი მასალები არ არის გამოყენებული. ამ ყოველივეს გათვალისწინებით, მაცხოვრებელთა ნაწილი ბრტყელი გადახურვისგან თავს იკავებს.

დასუფთავების საჭიროება — ბრტყელი გადახურვა მუდმივ მოვლასა და დასუფთავებას საჭიროებს, რათა დიდი რაოდენობით თოვლმა, წყალმა, ნარჩენებმა თუ ხის ფოთლებმა სახურავი არ დააზიანოს.

მინიმალისტური დიზაინი — ბრტყელი სახურავების უმეტესობას ერთნაირი, მინიმალისტური და სადა დიზაინი აქვს, ამიტომ ყველა ტიპის საცხოვრებელს შესაძლოა არ მოუხდეს. ესთეტიკური მახასიათებლის გამო კი ამგვარი სახურავი ყველასათვის მიმზიდველი არ არის.

ბრტყელი გადახურვისას აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხურის შესრულება, რათა უსაფრთხო, დაცული და ენერგოეფექტური გადახურვა მივიღოთ.

უპირველესად, ექსპერტები გვირჩევენ, რკინა-ბეტონის კონსტრუქციის დასრულებისა და გადახურვის (რკინა-ბეტონის) ფილის დაგების შემდეგ მინიმუმ 28 დღიანი ინტერვალი დავიცვათ, რათა ბეტონი გამტკიცდეს. მხოლოდ ამის შემდგომ არის რეკომენდებული ბრტყელი გადახურვის სამუშაოების დაწყება.

მომდევნო ეტაპზე ხდება ორთქლიზოლაციის მემბრანის განთავსება ბეტონის ფილაზე, რაზეც შემდეგ თბოიზოლაციის ფენა ეწყობა. თანამედროვე ბაზარზე უპირატესობას „XPS“ თბოიზოლაციას ან ქვაბამბას ანიჭებენ, რომელიც შედარებით ძვირადღირებული, თუმცა საკმაოდ ხარისხიანი და ეფექტური დათბუნების საშუალებაა. დარგის წარმომადგენლები გვირჩევენ, თბოიზოლაციისთვის მინიმუმ 5 სმ.-იანი სისქის მასალა გამოვიყენოთ, რადგან რაც უფრო სქელია თბოიზოლაციის ფენა, მით უფრო ენერგოეფექტურ გარემოს ქმნის ის და კომუნალური ხარჯების შემცირებაში გვეხმარება.

დათბუნების შემდგომ ზედაპირს დახრილობა ეძლევა, რათა ჰიდროიზოლაციის დაგების შემდეგ წყალი ერთ ადგილას არ დაგუბდეს და სასურველ ადგილას გადაადგილდეს. დახრილობის გასაკეთებლად უმეტესად პემზას იყენებენ. ეს მასალა ქვიშაზე ბევრად მსუბუქია და ამიტომ მარტივად ხდება ზედაპირისთვის სასურველი სახის მიცემა. ექსპერტები გვიხსნიან, რომ ჰიდროიზოლაციას, საშუალოდ, ზედაპირის 1,5%-იანი დახრა სჭირდება, ამიტომ უმჯობესია, შესაძლო გართულებებისგან თავის დასაცავად, 2%-იანი დახრილობა გავაკეთოთ (რაც გულისხმობს 1 მეტრში 2 სანტიმეტრიან დახრილობას).

თითოეული ფენის მოპირკეთების მომდევნო საფეხური ზედაპირის მოჭიმვა ან მასზე ბეტონის დასხმაა. მოჭიმვის შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს არმირება (მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერება სხვა მასალით), რათა მოჭიმული ზედაპირი ბზარებისგან დაცული იყოს და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი სიმტკიცე შეინარჩუნოს.

მეორე ვარიანტი ჰიდროიზოლაციამდე სახურავის მოპრიალებული ბეტონით მოპირკეთებას გულისხმობს, რომელიც მინიმუმ  B25 მარკის უნდა იყოს (მარკა ბეტონის სიმყარესა და სიმტკიცეზე მიუთითებს, რაც უფრო მაღალია ნიშნული, მით უფრო ხარისხიანია მასალაც). ბეტონი სხვადასხვა ფრაქციის ღორღისგან შედგება, ეს კი მის მაღალ მარკიანობას უზრუნველყოფს. ჩვეულებრივი ბეტონის მარკიანობა დაახლოებით 350-ია, რაც იმის წინაპირობაა, რომ მასალა ტემპერატურის ცვალებადობას ეფექტურად გაუძლებს და ზამთარში ყინვისას, ბეტონის  შეკუმშვის დროს,  ხოლო ზაფხულში  ზედაპირის +80 გრადუსამდე გახურებისას ნაპრალები არ გაჩნდება.

მოჭიმვის შემთხვევაში, მისი მარკიანობა დაახლოებით 100-მდე მერყეობს, რაც შემდეგში ნაპრალების გაჩენის და არაეფექტური ჰიდროიზოლაციის წინაპირობა ხდება. ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, უპირატესობა მოპრიალებული ბეტონის ფენას მივანიჭოთ, მოჭიმვის შემთხვევაში კი მასალა აუცილებლად არმირებით გავამყაროთ.

ასევე, სახურავის ზედაპირის მოპირკეთების შემდეგ არ უნდა დაგვავიწყდეს პარაპეტის გალესვა. სპეციალისტების მიხედვით, პარაპეტისა და იატაკის ფენების შეერთების ადგილას, სასურველია, 45 გრადუსიანი გამოლესვა ჩატარდეს, რათა პარაპეტზეც ჰიდროიზოლაცია ეფექტურად განთავსდეს და ერთიანი, გამძლე და მყარი სტრუქტურა მივიღოთ.

რაც შეეხება ღირებულებას, დარგის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბრტყელი გადახურვის მოპირკეთება, მასალისა და ხელობის გათვალისწინებით, საშუალოდ, 1 მ2-ის შემთხვევაში, 150-250 ლარი ჯდება.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როგორ შევქმნათ მდიდრული ინტერიერი მცირე ზომის ბინაში? – რამდენიმე სასარგებლო რჩევა

რემონტის გამოცდილება — ქეთი მეფარიშვილის რჩევები