in

ბრუტალიზმი ინტერიერში — სტილი მძიმე ხასიათით

შიშველი ბეტონი, ცივი ლითონი, ინდუსტრიული ესთეტიკა, მუქი ელფერები და მაქსიმალური ფუნქციონალურობა. ეს სტილი მხოლოდ შორიდან წააგავს ლოფტს, მაგრამ მას თუ უკეთ გაიცნობთ, ის ძალიან გამორჩეული ფენომენი აღმოჩნდება. ბრუტალიზმი, როგორც ინტერიერის სტილი, არც თუ ისე ცნობილია ფართო წრეებში, თუმცა მისი მრავალი ელემენტი დღეს მოდას უბრუნდება. როგორ ჩამოყალიბდა ბრუტალიზმი არქიტექტურასა და დიზაინში? რა ფორმით მოაღწია მან აწმყომდე?

ბეტონი

XX საუკუნე იყო გარდამტეხი მომენტი მსოფლიო არქიტექტურისთვის, როგორც დიზაინისადმი მიდგომით, ასევე ესთეტიკის საკითხებში. ელეგანტური დეკორატიული ფასადები ბეტონის მკაცრმა სილამაზემ შეცვალა.

არქიტექტურული ბრუტალიზმის ფესვები ინგლისამდე მიდის. გასული საუკუნის შუა წლებში ომისშემდგომი ბრიტანეთის მრავალი შენობა განადგურდა და სამშენებლო მასალების ნაკლებობამ მშენებლობისადმი მიდგომის გადახედვის საჭიროება მოიტანა. ლე კორბუზიეს ფუნქციური იდეებით შთაგონებულმა ადგილობრივმა არქიტექტორებმა ყურადღება მიაქციეს ხელმისაწვდომ ნედლეულს. ასე რომ, ინგლისი, სადაც სახლები ტრადიციულად წითელი აგურისგან იყო აშენებული, თანდათანობით ბეტონის ფასადებზე გადაერთო — ყველაფერი ადმინისტრაციული შენობებით დაიწყო, შემდეგ კი საცხოვრებლებიც მოიცვა. ბრუტალისტური სტილის შენობები მასიური ფორმებითა და უხეში ზედაპირის აქცენტირებული ტექსტურით გამოირჩეოდა.

ბრუტალიზმს არ ეშინოდა თამამი და რთული კომპოზიციური გადაწყვეტილებების. ბრუტალისტები, ლე კორბუზიესგან განსხვავებით, მხოლოდ ფუნქციონალურობისკენ არ ისწრაფოდნენ, ისინი არქიტექტურისადმი მიზანმიმართულად უხეშ, უკომპრომისო მიდგომას მკაცრ პოეზიას უწოდებდნენ.

შიშველი კედლები და უხეში მასალები

სტილი, რომელიც წარმოიშვა აუცილებლობით, წლების განმავლობაში მოდურ ფენომენში, შემდეგ კი ინტერიერის დიზაინში გადაიზარდა. ბრუტალისტი დიზაინერები იმავე პრინციპებს იცავდნენ — ეძებდნენ სილამაზეს სამშენებლო მასალების ბუნებრივ ფორმაში, უყვარდათ გეომეტრია, ირჩევდნენ მასიურ სკულპტურულ ფორმებს და ხაზს უსვამდნენ ფუნქციურობას.

ბეტონის ზედაპირები ხელშეუხებელი იყო, კომუნიკაციები და სტრუქტურული ელემენტები — თვალსაჩინო, ფერის პალიტრა — მუქი, ავეჯისა და დეკორაციისთვის კი მხოლოდ ყველაზე უხეში მასალები გამოიყენებოდა.

1960-იან წლებში ამერიკელმა დიზაინერმა — პოლ ევანსმა უხეშად დამუშავებული ლითონის ბრუტალისტური ავეჯი შემოიტანა მოდაში. იგი ავეჯის თითოეულ დეტალს ხელით ამზადებდა. პოლის მიდგომა გახდა ინტერიერში ბრუტალიზმის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი — ხელსაქმის პატივისცემა.

ბრუტალიზმი უფრო მკაცრია, ვიდრე ლოფტი, ის ირჩევს უფრო ერთგვაროვან ესთეტიკას და ფერებს, უპირატესობას ანიჭებს მინიმალიზმს. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ასეთ ინტერიერში დეკორატიული კომპონენტი სრულიად გაუქმებულია. შიშველი ბეტონის კედლების ფონზე, აბსტრაქტული ნახატები, შავ-თეთრი ფოტოები, გრაფიტი და სხვა თამამი ხელოვნების ნიმუშები სანახაობრივად გამოიყურება.

ბრუტალიზმს ასევე მოსწონს დაძველებული ნივთები. ძველი კასრისგან დამზადებული საწოლის მაგიდა, ძველი ველოსიპედი ოთახის ცენტში, მასალები ჟანგის ეფექტით.

1980-იან წლებში ბრუტალიზმი თანდათან ამოვარდა მოდიდან, მაგრამ ცნობილია, რომ მოდა ციკლურია.

ბრუტალიზმი ბრუნდება

XXI საუკუნეში ბრუტალიზმი კიდევ ერთხელ აფორიაქებს დიზაინერების გონებას. თუ ლოფტის სტილისთვის დამახასიათებელმა აგურის შიშველმა ზედაპირმა დროებით მოდურობის სტატუსი დაკარგა, მაშინ ბეტონის უხეში ტექსტურა მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ ინარჩუნებს ტენდენციის სახეს. დღეს ბეტონს იყენებენ სანათების, ლარნაკების, ქანდაკებების, ყავის მაგიდების დასამზადებლად.

ტენდენციის ბუნებრივი განვითარება იყო ემოციური დატვირთვის გადახედვა — მოდის კოლექციებში ფიგურირებს ვარდისფერი, ყვითელი და ცისფერი ბეტონი, რამაც წარმოშვა — ნაზი ბრუტალიზმი.

ბრუტალიზმის კიდევ ერთი მემკვიდრეობა უხეში მოპირკეთების ესთეტიკური ღირებულების აღიარებაა. ამავდროულად, სახლის „შიშველი“ ადგილები შეიძლება ჰარმონიულად თანაარსებობდეს საცხოვრებელ გარემოსთან.

ჩვენს დროში ძნელად თუ შეხვდებით ინტერიერში ბრუტალიზმს სუფთა სახით, მაგრამ მისი ცალკეული ელემენტები კარგად ერწყმის თანამედროვე ეკლექტიკურ სივრცეებს. შიშველი ბეტონის კედლები კი კვლავ შესანიშნავ საფუძველს წარმოადგენს ექსპერიმენტებისთვის.

Pylones მომხმარებლის თხოვნით უკვე ველიზეა

Entrebosques — ფოლადის მოდულებისგან შექმნილი სახლი კოლუმბიის ტყეში