წელს ოქროს გლობუსმა და კინოაკადემიამ მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ამერიკელი ედრიან ბროუდი დაასახელა. მსახიობმა ეს უმაღლესი ჯილდო ბრუტალისტი არქიტექტორის, ლასლო ტოტის განსახიერებაში მიიღო. ჰოლოკოსტს გადარჩენილი უნგრელი ებრაელი, ბაუჰაუსის სკოლის არქიტექტორი, ევროპიდან ამერიკაში მიდის, რის შემდეგაც იწყება მისი მოგზაურობა წარმატებასა და რეალურ ბრუტალიზმში.
ლასლო ტოტი (ედრიან ბროუდი) რეჟისორ ბრედი კორბეტის მიერ შექმნილი პერსონაჟია, რომელიც ებრაელი არქიტექტორის, მარსელ ბროიერისა და ერნო გოლდფინგერის პროტოტიპია. ჰოლოკოსტიდან ოცნებების ქვეყანაში ჩასული ლასლო, მიზნის მისაღწევად უამრავ სირთულეს აწყდება. სიუჟეტი გვიამბობს ამერიკული ოცნებების ახდენისა და შემდგომი იმედგაცრუებების შესახებ. ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ბრუტალისტური შენობის, კულტურის ცენტრის დაგეგმვა-აშენებას ეძღვნება, რომელსაც ებრაელ არქიტექტორს ამერიკელი მაგნატი უკვეთავს.


ფილმის სახელწოდებაა “ბრუტალისტი”. არქიტექტურის სფეროში გათვითცნობიერებული ადამიანისთვის სრულიად გასაგებია, რას ნიშნავს ბრუტალიზმი, როგორც მიმდინარეობა. თუმცა, მათთვის, ვისაც ამ ტერმინის შესახებ არაფერი სმენიათ, ფილმის სიუჟეტი უმძიმეს სისასტიკესთან ასოცირდება. რეალურად, არც ერთი მოსაზრება არ არის შორს სიმართლისგან, რადგან ფილმის სახელწოდება ორივე განმარტებას თავისუფლად ესადაგება. ეს არის არქიტექტურული და ცხოვრებისეული ბრუტალიზმის იდეალური მაგალითი.
დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ ბრუტალიზმზე, როგორც ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმდინარეობაზე არქიტექტურაში, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას როგორც ექსტერიერში,. ასევე ინტერიერში.
ბრუტალიზმი XX საუკუნის შუა ხანებში წარმოიშვა მოდერნისტული არქიტექტურის მოძრაობიდან. ის გულისხმობდა ფუნქციონალიზმსა და დაუმუშავებელი, უხეში მასალების გამოყენებას, რაც სტრუქტურების ვიზუალურ წონასა და მასას უსვამდა ხაზს. სახელწოდებაც (Beton brut) ნედლი ბეტონის გამოყენებიდან მოდის. პირველად ეს ტერმინი შვედმა არქიტექტორმა, ჰანს ასპლუნდმა 1949 წელს გამოიყენა, ხოლო საბოლოოდ, 1955 წელს ბრიტანელმა კრიტიკოსმა საკუთარი ესეთი „The New Brutalism” დაამკვიდრა.
ბრუტალისტური შენობები მასიური გეომეტრიული ფორმებითა და დეკორაციების ნაკლებობით ხასიათდება. ომის შემდგომ შექმნილი არქიტექტურული სტილი ალბათ სწორედ ასეთი თუ იქნებოდა. ამ პერიოდში მსოფლიო, განსაკუთრებით კი ევროპა სწრაფ და ეკონომიკურ აღდგენას საჭიროებდა. ბრუტალიზმი კი ამ მოთხოვნებს იდეალურად ესადაგებოდა მარტივი მასალებითა და კონსტრუქციით. სწორედ ამ ფაქტორების კომბინაციამ ჩამოაყალიბა ეს მიმდინარეობა.
ბრუტალიზმის ფესვები თანამედროვე არქიტექტურის ფუძემდებლის, ლე კორბუზიეს ნამუშევრებში იკვეთება. მის მიერ შექმნილი საცხოვრებელი კომპლექსი Unite d’Habitation, ბრუტალიზმის ერთ-ერთ პირველ შედევრად ითვლება. 1945 წელს მარსელში აშენებული შენობა 330 საცხოვრებელ ბინას აერთიანებს. ნაგებობა ტიპური ბრუტალისტური სტილისაა ბეტონის ფეხებით, გეომეტრიული ფორმებითა და მინიმალიზმით.
ეს მიმდინარეობა განსაკუთრებით პოპულარული 1950-70-იან წლებში ბრიტანეთში, კონტინენტურ ევროპაში, აშშ-სა და საბჭოთა კავშირში გახდა.
ბრუტალისტური შენობები ცივ და მკაცრ სტრუქტურებად აღიქმებოდა, რაც ხშირად კრიტიკის საგანიც ხდებოდა. თუმცა, რეალურად, ბევრი ნიმუში იქმნებოდა ამ მიმდინარეობის შთაგონებით, რაც უზარმაზარ გავლენას ახდენდა საჯარო და ინსტიტუციური შენობების დიზაინზე.
მსოფლიოს ცნობილი ბრუტალისტური შენობებია, მაგალითად, ბოსტონის მერია, ლონდონის ეროვნული თეატრი, გეიზელის ბიბლიოთეკა სან-დიეგოს უნივერსიტეტში, ლივერპულის კათედრალი, Habitat 67 კანადაში და ა.შ





ბრუტალიზმი, როგორც არქიტექტურული სტილი, საქართველოში XX საუკუნის 70-80-იან წლებში განვითარდა და მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ურბანულ ლანდშაფტზე. სწორედ ამ პერიოდში აშენდა მრავალი ნაგებობა, რომელიც დღემდე ჩვენი ქალაქის სიმბოლოდ არის აღიარებული.
თბილისში ამ მიმდინარეობის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი არსებობს: ყოფილი საავტომობილო გზების სამინისტროს შენობა (ამჟამად საქართველოს ბანკის სათავო ოფისი), რომელიც 1975 წელს არქიტექტორებმა ზურაბ ჯალაღანიამ და გიორგი ჩახავამ დააპროექტეს. რიტუალების სასახლე ავლაბარში, რომელიც 1984 წელს არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის მიერ აშენდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ნუცუბიძის პლატოს საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც არქიტექტორებმა, ოთარ კალანდარიშვილმა და გაიოზ ფოცხიშვილმა შექმნეს. ეროვნული არქივი და ა.შ



ხშირად ისტორიული მოვლენები ხელოვნებას განვითარების გზებს კარნახობენ. ამ კარნახის შედეგად, იქმნება მსოფლიო დონის შედევრები მუსიკაში, პროზაში, მხატვრობასა და არქიტექტურაში. როგორც ნახატში შეიძლება ამოიკითხო ეპოქა, შემსრულებლის განცდები და პროტესტი, არქიტექტურული ნაგებობებიც გვიამბობენ საკუთარ ისტორიის, წარსულისა და განვლილი გზის შესახებ. ზოგჯერ მათი გავლენა აწმყოსა და მომავალზე იმდენად მასშტაბურია, რომ არასდროს რჩებიან ისტორიაში, მუდმივად ტრანსფორმირდებიან და თანამედროვე ცხოვრებაშიც აქტიურად ხვდებიან. სწორედ ასეთი მიმდინარეობაა ბრუტალიზმი, რომელიც სახეცვლილი ან შენარჩუნებული გვხვდება მსოფლიოს თანამედროვე არქიტექტურასა და დიზაინში.
ამის ნათელი მაგალითია ისეთი თანამედროვე არქიტექტორების ბრუტალიზმით გატაცება, როგორებიც არიან კენგო კუმა – ცნობილი იაპონელი არქიტექტორი, სანტიაგო კალატრავა – ესპანელი ინჟინერ-არქიტექტორი, ბეტონის მასალის უნიკალური სპეციალისტი, იაპონელი არქიტექტორი ტადაო ანდო. ბრუტალიზმის ელემენტებს აქტიურად იყენებდა ცნობილი ერაყელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი, რომლის ერთ-ერთი უნიკალური შენობაა ჩინგდაოს მუზეუმი ჩინეთში.
არის თუ არა ბრუტალიზმის ელემენტები აქტუალური საქართველოშიც? ამ თემაზე უფრო დეტალურად დღეს ქართველი არქიტექტორი, ბიხო მებუკე გვესაუბრება.
გვიამბეთ მოკლედ, რა არის ბრუტალიზმის დამახასიათებელი ნიშნები და სპეციფიკა?
ბრუტალიზმის ნიშნები მისსავე დასახელებაში ჩანს. მთავარი მახასიათებელი არის მკაცრი ფორმები, შიშველი ბეტონი და ზოგადად, ცივი მასალები. ბრუტალისტური არქიტექტურა ძირითადად გვევლინება მასიური მონოლითური ნაგებობებით, გეომეტრიული ფორმებითა და რითმული ელემენტებით.
ამ მიმდინარეობის რომელ ნიმუშებს გამოარჩევდით ჩვენს ქვეყანაში?
საქართველოში, საბჭოთა წარსულის გათვალისწინებით, ხშირად შევხვდებით ბუტალისტური არქიტექტურის ნიშნებს, როგორც გამოკვეთილად დიდ შენობებში (როგორიცაა, მაგალითად, რიტუალების სასახლე, არქეოლოგიის მუზეუმი, ყოფილი ტრანსპორტის სამინისტრო), ასევე მცირე არქიტექტურულ ობიექტებში, ან სამრეწველო ნაგებობებში, ქალაქებსა თუ რეგიონში.
ჩემი აზრით (და არა მარტო), ბრუტალიზმს გარკვეული როლი აქვს შესრულებული ქართული და საბჭოური მოდერნისტული არქიტექტურის ჩამოყალიბებაში.
გამოვარჩევდი ნუცუბიძის პლატოზე არსებულ რეზიდენტულ ბლოკებს, სადაც პირველ რიგში, საცხოვრებელი კორპუსების მიმართ რადიკალური მიდგომა ჩანს. ეს პროექტი ბრუტალისტური არქიტექტურის პირველადი იდეისა და საწყისების იდეალური ნიმუშია. შენობა პასუხობს პოსტ-II მსოფლიო ომის ურბანიზაციის გამოწვევებს. ორნამენტული ჩარჩოების დანგრევით შეიქმნა, ფუნქციონალზე დაფუძნებული დიზაინი, რომელიც გამოხატულია მკაცრი ფორმებით, მოდულარული ნაგებობით, ნედლი ბეტონით.
პარალელს გავავლებდი Le Corbusie’-ს მარსელში დაპროექტებულ სოციალურ რეზიდენტულ ბლოკთან, რაც მოიაზრება როგორც ბრუტალიზმის ერთ-ერთ პირველ გამოვლინებად და მის ფუძედ.

არის თუ არა დღეს ბრუტალიზმი კვლავ აქტუალური საქართველოში? რამდენად ხშირად ითხოვს დამკვეთი ამ სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების ინტეგრირებას ექსტერიერსა თუ ინტერიერში?
თანამედროვე, კონსუმერული სამყაროს მიდგომებიდან გამომდინარე, არქიტექტურა ინდივიდუალიზმის ნაკლებობას განიცდის. ჩამოყალიბდა ციფრებზე დაფუძნებული მოთხოვნები და სტანდარტის ჩარჩოები. შესაბამისად, დამკვეთი რგოლებისგან, იქნება ეს კერძო პირი, ორგანიზაცია თუ სახელმწიფო, არ არის ბრუტალიზმის ტიპის მიმდინარეობებზე დიდი მოთხოვნა და მეტიც, არ ხდება არსებული ბრუტალიზმის ექსპონატების დაფასება და გაფრთხილება.
მაგალითის სახით, მინდა ვახსენო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ავტოსადგომი, რომლის ,,რეკონსტრუქციაც’’ მოხდა დღევანდელი კომერციული სტანდარტებით, რითაც სრულიად დაიკარგა და განადგურდა ნაგებობის პირვანდელი სახე.
თუმცა, თუ ექსტერიერი დაცლილია ამ მიმდინარეობის ელემენტებისგან, ინტერიერში გაცილებით ხშირად გვხვდება მისი დეტალები. თანამედროვე სახლებში მეტად ითხოვენ ბუნებრივ მასალებს, გეომეტრიულ ფიგურებს, მინიმალიზმს და ფუნქციონალურ ავეჯს, უფრო მსუბუქსა და სწორი ფორმებით წარმოდგენილს.
ეპოქასთან ერთად, არქიტექტურული სტილიც ხშირად განიცდის ტრანსფორმაციას. დღეს რა სტილია ყველაზე გავრცელებული?
თანამედროვე ცხოვრების დინამიკიდან გამომდინარე, დაინერგა აკადემიური ჩარჩოები. არქიტექტურაშიც აღარ ჩნდება კონკრეტული განსაზღვრული მიმდინარეობები, როგორც იყო მაგალითად, იგივე ბრუტალიზმი, არტ-ნუვო, მოდერნიზმი და ა.შ
დღესდღეობით, ძირითადად, კონკრეტული ფუნქციის, მნიშვნელობის ან გამოწვევაზე მორგებული დიზაინი და ტენდენციები გვხვდება. მაგალითად, მდგრადი-მწვანე არქიტექტურა. ეს მიმდინარეობა ჩამოყალიბდა არქიტექტორების სურვილით, რათა გავუმკლავდეთ დღევანდელ ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.
ამავდროულად, ხშირია ფუნქციადაკარგული ტერიტორიებისა და შენობების რევიტალიზაცია და ხელახლა გამოყენება, რამაც დანერგა ახალი მიმდინარეობა – ე.წ. Refurbrished Architecture
ასევე დღევანდელი მშენებლობების მასშტაბთან გასამკლავებლად, არქიტექტურაში ხშირად გვხვდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და პარამეტრული მიდგომები დიზაინის მიმართ. ამ მოცემული პრაქტიკიდან ჩამოყალიბდა “პარამეტრული არქიტექტურის” ტერმინი და ერთგვარი მიმდინარეობაც.
ამ ყველაფრის შესაჯამებლად ვიტყვი, რომ ამ პროფესიაშიც მოთხოვნა-მიწოდების საკითხი დგას. დღეს სრულიად განსხვავებული ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, არქიტექტურაც და დიზაინიც მორგებულია კომფორტს და ტექნოლოგიებს. შესაბამისად, რასაც ითხოვს დამკვეთი, ის იქმნება და ის არის აქტუალურიც.