დიზაინის სამყაროში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სავარძლის საკულტო მოდელი – „Bubble chair”, რომელიც ცნობილმა ფინელმა ავეჯისა და ინტერიერის დიზაინერმა, ეერო აარნიომ (Eero Aarnio) 1968 წელს შექმნა.
დიზაინერის სახელი ინოვაციურ მიდგომებთან და ფუტურისტულ სტილთან ასოცირდება. აარნიომ 1960-იან წლებში ისეთი დიზაინის განვითარებას შეუწყო ხელი, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე არ კარგავს აქტუალობას.
აღსანიშნავია, რომ „Bubble chair” შთაგონებულია ეერო აარნიოს ასევე ძალიან ცნობილი მოდელით — „The ball chair“, რომელსაც „გლობუსის სკამადაც“ მოიხსენიებენ. მისი არასტანდარტული ფორმის დამსახურბით, მოდელს სამრეწველო დიზაინის კლასიკად ითვლება.
„Bubble chair”-მა წინა სავარძლის მსგავსად, წრიული, სფეროს ფორმა შეინარჩუნა, თუმცა ფეხზე დგომის ნაცვლად, ის ჭერზეა დაკიდებული და ჰაერში მოლივლივე ბუშტის შთაბეჭდილებას ქმნის. როგორც ცნობილია, დიზაინერს სურდა, შეექმნა ისეთი მოდელი, რომელიც სინათლის შემოდინებას ყველა მხრიდან შესაძლებელს გახდიდა და ამავდროულად, პრივატულობისა და მყუდროების განცდას უზრუნველყოფდა. პროდუქტში გამოყენებულია აკრილისა და მყარი უჟანგავი ფოლადის მასალა, დასაჯდომი ადგილი კი რბილი ბალიშითაა დაფარული. „Bubble chair”-ის არატრადიციულმა ფორმამ და ინოვაციურმა დიზაინმა იმ პერიოდის დიზაინის სამყაროში დიდი გამოხმაურება პოვა და დღესაც უცვლელად ინარჩუნებს აქტუალობას. დღევანდელ სტატიაში მისი გამოყენების რამდენიმე საინტერესო მეთოდს გაგაცნობთ და მოდელის მრავალფუნქციურობაზე გავამახვილებთ ყურადღებას.
მისაღები ოთახი — მისაღებ ოთახში „Bubble chair” გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ ფოკუსირებული წერტილი, ინტერიერის მთავარი აქცენტი, რომელიც ნებისმიერი მნახველის ყურადღებას მიიპყრობს და სივრცის განსხვავებულობას გაუსვამს ხაზს. სავარძლის მოთავსება შეგიძლიათ როგორც მოსასვენებელ კუთხეში, ტახტთან და სხვა სავარძლებთან ერთად, ასევე განცალკევებით. დიზაინერების აზრით, უმჯობესია, მოდელი ფანჯარასთან განთავსდეს, რადგან მისი მთავარი ხიბლი სწორედ სინათლის თავისუფალი შემოდინების შესაძლებლობაა, რაც პროდუქტს განსაკუთრებულ ელფერს სძენს, ამიტომ სინათლის წყაროსთან სიახლოვე მას მიმზიდველობას შემატებს. გარდა მომხიბვლელი დიზაინისა, სავარძელი ძალიან კომფორტულ დასაჯდომს ქმნის და ერგონომიულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს, ამიტომ მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის საყვარელი დასასვენებელი თუ საქმიანი შეხვედრების ადგილი იქნება.
სამკითხველო, ბიბლიოთეკა — „Bubble chair”-ის დახმარებით შესაძლებელია მყუდრო სამკითხველო კუთხე მოიწყოთ და სხეულს კომფორტული პირობები შეუქმნათ სასიამოვნო კითხვისა და ნაყოფიერი მუშაობისთვის. სავარძლის დიზაინი და ფორმა პრივატულობის, დაცულობისა და განმარტოების განცდას აძლიერებს და მშვიდად კითხვისა თუ მუშაობის საშუალებას იძლევა. ამავდროულად, გამჭვირვალე გარსი სინათლის შემოდინებას უზრუნველყოფს, ამიტომ უმჯობესია, სავარძელი ფანჯარასთან ამ სანათთან განათავსოთ. კარგი იქნება, თუ ახლოს პატარა მაგიდასაც მოათავსებთ, რათა სურვილის შემთხვევაში, მაგიდასთან კითხვის ან ჩაის მირთმევის შესაძლებლობა გქონდეთ.
საბავშვო ოთახი — „Bubble chair”-ის მრავალფუნქციურობიდან გამომდინარე, სავარძელი საინტერესო დასასვენებელ, გასართობ და სათამაშო ელემენტს შექმნის საბავშვო ოთახშიც. სავარძელი, რომელიც ჰაერშია დაკიდებული და თან კოსმოსური ხომალდის ასოციაციას ქმნის, ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ და თამაშისას, მათ ფანტაზიას ფართო გასაქანს მისცემს. ამასთანავე, „Bubble chair” იდეალურია ბავშვებისა და მოზარდების საკითხავი ზონის მოსაწყობად.
აივანი და ტერასა — დიზაინერები გვირჩევენ, რომ საკულტო მოდელი არა მარტო ინტერიერში, არამედ ექსტერიერშიც თამამად გამოვიყენოთ და გარე სივრცეშიც გამოვხატოთ საცხოვრებლის ხასიათი, სტილი და ინდივიდუალურობა. „Bubble chair”-ის ექსტერიერში განთავსებით, შესაძლებელია განსხვავებული და ორიგინალური ატმოსფეროს შექმნა. ამასთანავე, კარგი იქნება, თუ აივანსა და ტერასას მცენარეებით მორთავთ, რადგან სავარძლის გამჭვირვალე დიზაინს განსაკუთრებით მოუხდება სივრცეში დამატებითი ფერების შემოტანა და სიმწვანე. ასევე, გარდა დეკორატიული დანიშნულებისა, სავარძელი მზეზე დასვენების, კითხვისა და განტვირთვის საშუალებას იძლევა და დაცულ, მყუდრო სივრცეს ქმნის ამ შემთხვევაშიც.
აღსანიშნავია, რომ ეერო აარნიოს საკულტო მოდელის — „Bubble chair”-ის შეძენა საქართველოში „Mysa“-ს შოურუმშია შესაძლებელი, რომლის მისამართია ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი 6.
რუბრიკის წარმდგენია Mysa