“Bulthaup” კომპანიაა, რომლის ისტორია 1949 წელს, სულ რაღაც 7 დასაქმებული ადამიანიდან იწყება.
მისი დამაარსებელი – მარტინ ბულტჰაუპი (Martin Bulthaup) მიიჩნევდა, რომ დიზაინი კომპლექსური პროცესია, რომლის დროსაც ყურადღება სამ მნიშვნელოვან ასპექტზე უნდა გამახვილდეს: ფორმაზე, მასალასა და პროცესზე. ის გაურბოდა ნებისმიერი სახის გაფორმებას ავეჯზე. უჩვეულო ფორმებითა და მათი ჭკვიანი ინსტალაციით ბრენდი ინდუსტრიის პიონერად იქცა.
“სამზარეულო არის ადგილი, სადაც ადამიანები ბევრ დროს ატარებენ, სწორედ ამიტომ აუცილებელია მისი მორგება საჭიროებებზე.”- ასე თვლიან “Bulthaup”-ში, ამიტომ ბრენდი ყოველთვის იკვლევს მომხმარებლის სურვილებს და ამის მიხედვით იქმნება სამზარეულო და სხვა სისტემები, რომელიც ადამიანებს ერგება.
“Bulthaup იწყება იქ, სადაც მანქანების მუშაობა შეუძლებელია. ხელით შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ნივთები, რომლის შექმნა ყველაზე დახვეწილი ტექნოლოგიითაც კი შეუძლებელია.”
ბრენდის პროდუქცია გამოირჩევა ხანგრძლივი ფუნქციონირებით. თანამშრომლების აზრით, მუდმივი განვითარება და მომხმარებლის მოთხოვნაზე კონცენტრირება აუცილებელია, ღირებულებების შენარჩუნებასთან და თანამედროვე ბაზარზე მორგებასთან ერთად.
ბრენდი აწარმოებს ე.წ “ჭკვიან სამზარეულოებს”. მათ გამოიგონეს ფუნქციური კარადა, რომელშიც სამზარეულოს ჭურჭელი და საჭირო ნივთები ისე თავსდება, რომ მფლობელი ერთი ხელის მოძრაობით იღებს საჭირო ნივთს. ბრენდმა მას სამზარეულოს ხელსაწყოების კაბინეტი შეარქვა. შესანახი ადგილი, სათავსო სწორედ ის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ყველას სჭირდება და ხშირად მათ ნაკლებობას განვიცდით. ბრენდის მიერ შემუშავებული მიდგომით, ყველა ნივთი ისე ინახება, რომ მინიმალური ადგილის ათვისება ხდება, ამასთან, გარედან დაფარულია და საერთო ინტერიერის შინაარსიდან არ არის ამოვარდნილი. დეტალები, რომლითაც მათი ავეჯი იწყობა დახვეწილი და მარტივია. ამ ყველაფერთან ერთად, გამოყოფილია ადგილი ყავის აპარატისა და პურის დასაჭრელად. ღია ჩამკეტების დახმარებით, სამზარეულო ერთ მთლიან სივრცედ აღიქმება, რომელშიც ყველა დეტალი გათვალისწინებულია.
Bulthaup აწარმოებს სამი ტიპის სამზარეულოს მოდელს:
- b1 მოდელი დაბალბიუჯეტიანი საფასო კატეგორიას მოიცავს. დამონტაჟება ხდება 1 ფუნქციური კარადისა და ნაკლები რაოდენობის დეტალით
- b2 მოდელი ორ სეგმენტს აერთიანებს. ესენია ტექნიკა და წყლის წერტილები.
- b3 მოდელი ფართო დიაპაზონის გარნიტურით არის აღჭურვილი და შესაბამისად, ყველაზე ძვირადღირებული ვარიანტია. ის მოიცავს ფუნქციურ კარადებს, რომელშიც ყველა საჭირო ნივთი ორგანიზებულია.