ინტერიერში ბუნებრივი ფერების გამოყენება ერთ-ერთი ეფექტური გზაა მყუდრო და სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად. ბუნებრივი ფერები, რომლებიც გარე სამყაროსთან, ბუნებასთან ასოცირდება, სიმშვიდესა და ჰარმონიას გამოხატავს და მაცხოვრებლების გუნება-განწყობაზე სასიკეთოდ აისახება. ამასთანავე, ის ერთიანი, საინტერესო ინტერიერის მოწყობაში გვეხმარება და ორიგინალური აქცენტების შექმნას უწყობს ხელს. დღევანდელ სტატიაში სწორედ ძირითად ბუნებრივ ტონებზე ვისაუბრებთ და მათ მახასიათებლებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
მიწისფერი ტონები
მიწისფერი ტონები ყავისფერს, კრემისფერს და შოკოლადისფერ ტონალობებს მოიცავს და სტაბილურობასთან, სიმშვიდესთან ასოცირდება. მათი გამოყენება შესაძლებელია ძირითად ფონად, იატაკსა და კედლებზე, რადგან სიღრმესა და ეთიანობას გამოხატავს. ასევე იდეალურად ერწყმის ღია ტონალობებს და თვალისათვის დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ამასთანავე, მიწისფერი ტონალობები შესაძლებელია კონტრასტულ ფერებს შევუხამოთ, ბალანსისა და ზომიერების მისაღწევად და ინტერიერის სიმსუბუქეს გავუსვათ ხაზი. ამ პალიტრის გამოყენების კიდევ ერთი უპირატესობა მისი ტენდენციურობაა. როგორც წესი, მიწისფერი ტონები ყოველთვის აქტუალურია და მოდიდან არ გადადის, შესაბამისად, მათი დახმარებით ინტერიერს მდგრად და გრძელვადიან სილამაზეს შესძენთ.
მწვანე ტონები
მწვანე ფერის მონოქრომული პალიტრა ბუნებასთან, სიმწვანესთან და ტყესთან ასოცირდება, შესაბამისად, მას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და შინაგან ჰარმონიასთან, პოზიტივთან და ახალ ენერგიასთან არის დაკავშირებული. იმის გამო, რომ მწვანე ფერის განსხვავებული ტონალობების ფართო პალიტრა არსებობს, ისინი შესაძლებელია სხვადასხვა დანიშნულებით გამოვიყენოთ. მაგალითად, თუ სივრცის მთავარ ტონალობად ღია ზეთისხილისფერს შეარჩევთ, აქცენტების სახით კი მუქ მწვანე ტონს გამოიყენებთ, საინტერესო კონტრასტს შექმნით და სივრცეს მიმზიდველობას შემატებთ.
ცისფერი და ლურჯი ტონები
ცისფერი და ლურჯი ტონები, რომლებიც წყალთან და ცასთან ასოცირდება, სისუფთავის, სიღრმისა და სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს. ისინი გარემოში წესრიგისა და სიწყნარის ატმოსფეროს ქმნის და გონებასა თუ განწყობაზე პოზიტიურად ზემოქმედებს. ამასთან ერთად, ცისფერი ტონები სივრცეს ვიზუალურად აფართოებს და მთლიანობის განცდას ამძაფრებს. ასევე, ინტერიერს დახვეწილობას და მიმზიდველობას მატებს და სივრცის ელეგანტურობას უსვამს ხაზს. განსაკუთრებით ეფექტურია მათი გამოყენება სამუშაო და მოსასვენებელ ზონებში კონცენტრაციის, პროდუქტიულობის ზრდისა და მშვიდი განტვირთვისთვის.
ნატურალური მასალის ფერები
მყუდრო გარემოს შექმნაში დიდ როლს ასრულებს ბუნებრივი მასალები და მათი შთაგონებით შექმნილი ფერები — ხის, ქვისა თუ თიხის ტონები, რომლებიც საოცრად ბუნებრივ პალიტრას ქმნის და გარე სამყაროსთან ერთიანობის განცდას აძლიერებს. ასევე, ხე განსაკუთრებულ სითბოს მატებს ინტერიერს და უხეში ტექსტურებისა და მუქი ფერების დასაბალანსებლად ხშირად გამოიყენება, თიხისა და ქვის ტონალობები კი სივრცეს მრავალფეროვანსა და ავთენტურს ხდის. ამასთანავე, ინტერიერის ამგვარი გადაწყვეტა სიჯანსაღეს მატებს გარემოს და მის ღირებულებას ზრდის, რადგან ბუნებრივი მასალები და ფაქტურები საკმაოდ ტენდენციური და აქტუალურია ბოლო პერიოდში.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი