in

მინიმალიზმის პრინციპებით შექმნილი მყუდრო სახლი მელბურნში

Banner M2
Banner M2

მელბურნში მდებარე ეს დახვეწილი სახლი ცოტახნის წინ განახლდა და ახლა ის ნეიტრალურ, თბილ და სადა ფერებს აერთიანებს, რომელთა ხარჯზეც მიმზიდველი თანამედროვე ინტერიერი იქმნება. სახლში არსებული ატმოსფერო ძალიან სასიამოვნო და დამამშვიდებელია. ნაკლები რაოდენობით არის გამოყენებული დეკორატიული დეტალები, მაგრამ თითოეული მათგანი შერჩეულია დიდი გემოვნებითა და ესთეტიკის გრძნობით.

მისაღები ოთახი სახლის განსაკუთრებულად ელეგანტური ნაწილია, რომელშიც ვხვდებით ნათელ ფერებსა და დახვეწილ ბუხარს. ეს ზონა გამოირჩევა თანამედროვე კლასიკისთვის დამახასიათებელი  დეტალებით. ოთახს აქვს დიდი ზომის ფანჯრები და აივანზე გასასვლელი კარი, საიდანაც სივრცეში მზის ბუნებრივი სინათლე იჭრება და მას კიდევ უფრო დიდსა და ნათელს აჩენს.

პროექტს აქვს ცალკე მოწყობილი მოსასვენებელი ზონაც, რომელიც ასევე გამოირჩევა დახვეწილი ბუხრითა და საინტერესო დეკორაციებით. ამ ნაწილში განსაკუთრებულ განწყობას ქმნის მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხარი, რომელიც შესანიშნავად ერგება საერთო ატმოსფეროს. მინიმალისტური სტილის სივრცეებში ფერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც ამ კონკრეტულ პროექტშიც აისახება. ინტერიერში ძირითადად ნათელი და სადა ფერებია გამოყენებული, რომლებსაც სინათლის არეკვლა კარგად შეუძლიათ.

სამზარეულოს დიზაინიც სადა და მინიმალისტურია. მონოქრომულ ფერთა პალიტრასთან კონტრასტის შესაქმნელად ხისფერი იატაკის საფარი და ხის სკამებია გამოყენებული, ტექნიკა კი მაქსიმალურად თანამედროვე და ფუნქციურია. აღსანიშნავია, რომ ამ ნაწილში ძირითადად მარმარილოს მოპირკეთებას ვხვდებით, რაც კიდევ უფრო უკეთ უსვამს ხაზს ინტერიერის დახვეწილობასა და ესთეტიკას.

საძინებელი შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა სივრცის მაქსიმალურად ათვისების ხარჯზე, ის საკმაოდ მყუდროდ და კომფორტულად გამოიყურება. ოთახს აქვს პატარა ფანჯარა, რომელიც პატარა ზომის ქოთნისა და ყვავილების დახმარებით ინტერიერში ბუნებრივ განწყობას აღვიძებს. აქვეა პატარა სამუშაო კუთხეც, რომელიც ძირითადად ხის მასალით არის გაწყობილი და კიდევ უფრო ამძლავრებს ბუნებასთან ურთიერთობის შეგრძნებას.

რაც შეეხება აბაზანას, სახლის სხვა ნაწილისგან არც ეს სივრცე განსხვავდება. ძვირფასი სანტექნიკა და ავეჯი ელეგანტურ განწყობას აღძრავს, სახასიათო ატმოსფეროს კი ამ შემთხვევაშიც ელეგანტური მარმარილოს მასალა ქმნის.

საერთო ჯამში, ინტერიერი საკმაოდ თანამედროვე, დახვეწილი და მრავალფეროვანია.  საცხოვრებელს აქვს პატარა ვერანდაც, რომელიც იდეალურია დასასვენებლად და სოციალური აქტივობებისათვის.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე ენერგოეფექტური საცხოვრებელი კომპლექსი?

როგორ ვაქციოთ ბუხარი ინტერიერის ცენტრად? – რამდენიმე საინტერესო რჩევა