in

სახლი ბორბლებზე ფრანგული კომპანია Carapate-სგან

Alliance Group
Alliance Group

ფრანგულმა კომპანიამ – Carapate-მა ცოტა ხნის წინ თავისი პირველი ორი ავტომისაბმელი წარმოადგინა – კომპანიის სახელობის Carapate და მისი „მსუბუქი“ კომპანიონი – Carriole.

6 კვადრატული მეტრის სიდიდის მისაბმელი მყუდროა და მასში ორ ზრდასრულსა და ბავშვს კომფორტულად დაძინება შეუძლიათ. დიზაინერებმა – ფაბიენ დენისმა და ჟან-მარი რეიმონდმა პატარა სივრცე მაქსიმალურად გამოიყენეს და მასში გარე და შიდა უჯრები, სათავსოები, დასაკეცი თაროები, კარადები, ლეიბი და ჭერის სარკმელი მოათავსეს.

ინტერიერი კარგად გააზრებული და უაღრესად ფუნქციონალურია. მაგალითად, სამზარეულოს აღჭურვილობა დიდი ზომის მოძრავ უჯრაშია განთავსებული და მისი გამოყენება როგორც შიგნით, ასევე გარეთაც შეიძლება. „ეს იყო საგულდაგულო და მეთოდური შრომა“  – ამბობს რეიმონდი. „ჩვენ ვცდილობდით თითოეული კვადრატული სანტიმეტრის ოპტიმიზაციას და მთლიანი სივრცის საცხოვრებლად, ძილისთვის და საჭმლის მოსამზადებლად წარმოდგენას“.

Carapate-ის ფასი დაახლოებით $16,500-დან იწყება ან $12,500-ად შეგიძლიათ „მსუბუქი“ Carriole მოდელი აირჩიოთ, რომელიც იმავე ზომისაა, თუმცა ნაკლები „მოკაზმულობით“. „შიდა და გარე აღჭურვილობა მინიმალურია და ბიუჯეტი შემცირებულია – ჩვენ გვინდოდა მომხმარებლისთვის რამდენიმე ვარიანტი შემოგვეთავაზებინა“ – ამბობს რეიმონდი.

მოხრილი ჩარჩო და ხის დეტალები მისაბმელს ნოსტალგიურ, იახტის მაგვარ შეგრძნებას სძენს. ექსტერიერი დამზადებულია ნავის მსგავსად ლაქით დამუშავებული ხის ნაწილებისგან, ხოლო გარედან მას ცუდი ამინდისადმი გამძლე გარსი აკრავს.

„ხის დამუშავება ცენტრალური ელემენტი იყო მისაბმელის დიზაინში – მისი მახასიათებლების, ესთეტიკისა და გარემოსდაცვითი მდგრადობის გამო“ – ამბობს რეიმონდი. „ჩვენი დიზაინი სხვადასხვა ელემენტებით არის შთაგონებული: პაწაწინა სახლები, ნავები და ქარავნები“.

შეგიძლიათ თქვენი მოდელი სხვადასხვა დანამატებით განაახლოთ. მაგალითად, ელექტრო ენერგიისთვის ჩამრთველის ან ბატარეის სისტემის არჩევის შესაძლებლობა გაქვთ. საძინებლის დამატებითი ვარიანტები მოიცავს ფარდებსა და ბავშვის ლეიბს. ასევე ხელმისაწვდომია დამატებითი საცავი, ჩანთებისა და მსგავსი ნივთების შენახვის და მცირე სივრცის მოწესრიგების მიზნით. რაც შეეხება სამზარეულოს, აქ შედის დასაკეცი ნიჟარა, 12 ლიტრიანი წყლის შესანახი საცავი, ღუმელი კემპინგისთვის, საჭმლის მოსამზადებელი და სასადილო ჭურჭელი, ასევე 40 ლიტრის მოცულობის მაცივარი.

Carapate ამჟამად ევროპის მასშტაბით საქმიანობაზე არის ფოკუსირებული. მწარმოებელი ამარაგებს ესპანეთს, გერმანიას, იტალიას, პორტუგალიას, ბელგიას, ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, შვეიცარიას და დიდი ბრიტანეთს. ასევე, კომპანიის მიზანია ამ სიის სხვა კონტინენტების ქვეყნებით გამდიდრება.

ფერებითა და ტექსტურებით დატვირთული ვილა საფრანგეთში

სად შევიძინოთ პიკნიკის ინვენტარი -#shoppingგიდი Homeis.ge-გან