“HBO”’-ს საავტორო სერიალი “სექსი დიდ ქალაქში“ , რომელიც 6 სეზონისა და ორი ფილმის განმავლობაში გრძელდებოდა, ლეგენდადაა ქცეული. სერიალი ნიუ-იორკში მცხოვრები 4 ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული საუკეთესო მეგობრის, ქერი ბრედშოუს, მირანდა პრესტონის, სამანტა ჯონსისა და შარლოტა იორკის ცხოვრებას ეხებოდა. რამდენიმე წლის განმავლობაში სერიალის მაყურებელი მეგობრებს ცხოვრების კომპანიონობას უწევდა და მათ ყველგან დაჰყვებოდა, თუმცა სერიალის მრავალ გადასაღებ მოედანს შორის ერთი განსაკუთრებით გამორჩეული, საკულტო და ძვირფასია. ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩამთრევი სიუჟეტები ვითარდებდა – ქერი ბრედშოუს ლეგენდარული ბინა მანჰეტენზე.
ქერი ბრედშოუ სერიალის მთავარი პერსონაჟი იყო. მისი თავბრუდამხვევი რომანები, ძვირადღირებული და უნიკალური გარდერობი, მრავალფეროვანი ცხოვრება და საოცარი ბინა საოცრად სასურველი იყო ყველასთვის. ქერის ბინა მანჰეტენის ზედა აღმოსავლეთ ნაწილში (Upper East Side) მდებარეობდა, უბანში, რომელიც განსაკუთრებით პრესტიჟულია და სადაც სახლების ფასები ნიუ-იორკში ყველაზე ძვირადღირებულია.
სინამდვილეში ქერი ბრედშოუს ბინა იმ სახით, როგორც სერიალში ვხედავთ, არ არსებობს. მისი ინტერიერის დიზაინი სპეციალურად „სექსი დიდ ქალაქშის“ გადასაღები მოედნისთვის შექმნა დიზაინერმა ჯერემი კონუეიმ (Jeremy Conway). მისი თქმით, სერიალში ასახული ოთხი პერსონაჟის ბინა მათივე პიროვნებას ასახავს და პატრონის სულის სარკეა. შესაბამისად, ქერის სახლი მის კრეატიულ მხარეს, ჟურნალისტის პროფესიასა და რომანტიკულობას გამოხატავს. მანჰეტენურ ბინას „შინაურული“ ელფერი დაჰკრავს, მიუხედავად იმისა, რომ ქერი არასდროს ტრიალებდა სამზარეულოში და გაზქურას ფეხსაცმლის შესანახად იყენებდა. მისი სახლი მუდამ არეული, დასალაგებელი და ქაოსური იყო, თუმცა ეტყობოდა, რომ აქ ნამდვილად ცხოვრობდნენ და ნამდვილ ემოციებს განიცდიდნენ. ინტერიერში ყურადღებას იქცევს ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ავეჯი მეორადია, მასზე დიდი თანხა არაა დახარჯული, თუმცა ქერის განუზომელი სიყვარული მოდისადმი მის ორკარიან გარდერობში გამოიხატა, რომელიც ბინის მასშტაბებთან შედარებით გიგანტურია და პატრონის გატაცებებს იდეალურად გამოხატავს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქერი ბრედშოუს სახლის დასამახსოვრებელმა ინტერიერმა არანაკლებ ხუთი სახლი მოიარა – გადაღებასთან დაკავშირებული საჭიროებების გამო საკულტო სამუშაო მაგიდა, ნაცრისფერ-ცისფერ-იისფერი კედლები და სათაყვანო გარდერობი ხშირად იცვლიდნენ ლოკაციას.
„Sex And The City”-ში ნათქვამია, რომ ქერი თავის ბინას $700-ად ქირაობდა და ის 245E 73rd Street-ზე მდებარეობდა, ადგილზე, რომელიც რეალურად ნიუ-იორკში არ არსებობს. თუმცა, თუ ამ ყველაფერს რეალისტურად შევაფასებთ, და ქერის ბინის ფართობსა და მანჰეტენის თვალწარმტაც ტერიტორიას გავითვალისწინებთ, ქირა დღევანდელი სტანდარტებით მინიმუმ $3000 ეღირებოდა.
სახლი, რომლის ექსტერიერიც ქერის ბინადაა წარმოდგენილი სერიალში, რეალურად არა მანჰეტენის ზემო აღმოსავლეთ ნაწილში, არამედ მანჰეტენის West Village-ში მდებარეობს, ფოთლებით შემოსილ, ჰარმონიულ პერის ქუჩის 64-66 ნომრებში.
ქერი ბრედშოუს ბინა მისი მაყურებლებისთვის ნამდვილად საოცნებოა თავისი ტევადობით, სიგარეტის კვამლითა და ქერის სამუშაო ლეპტოპის ჩათვლით. თუმცა სახლი, რომელიც აქ რეალურად მდებარეობს, იმაზე ბევრად ძვირადღირებულია, ვიდრე ბრედშოუს ჟურნალისტის ხელფასით შეეძლო ეყიდა – ხუთ სართულზე გადაჭიმული 400 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე სახლს ხუთი საძინებელი, სამი სააბაზანო ოთახი და გიგანტური შიდა ბაღი გააჩნია, რომელიც ნიუ-იორკის ხმაურსა და ჭუჭყს გარიდებულია. სახლი 1866 წელს აშენდა და მისი პროექტი არქიტექტორ რობერტ მუკს (Robert Mook) ეკუთვნის, რომელმაც ის იტალიური ქალაქის ტიპის სახლებით შთაგონებულმა შექმნა.
სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ერთგულ მაყურებლებს არასდროს დაავიწყდებათ ის კიბეები, რომლებსაც ქერის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები ხშირად სტუმრობდნენ ჟურნალისტთან ერთად ერთი ღერი სიგარეტის გასაბოლებლად ან მასთან სასაუბროდ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები იყვნენ საკმარისად იღბლიანები, რომ ქერის თავის სახლში მიეწვია. ამ ყველაფრის გამო ეს კიბეები სერიალის ატმოსფეროს შექმნაში დიდ როლს ასრულებს. სერიალის სხვადასხვა ეპიზოდში გამოყენებულია პერის ქუჩის როგორც 64, ასევე 66 ნომერში მდებარე კიბეები, რომელთა ნახვა დღესაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.