მექსიკაში, სან მიგელ დე ალენდეში თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ულამაზეს ნიმუშს ვხვდებით – ესაა შუშის საცხოვრებელი სახლი, რომლის დიზაინიც მექსიკაში მცხოვრებ სინგაპურელ მწერალსა და დიზაინერს, პრაშანტ აშოკას (Prashant Ashoka) ეკუთვნის.
კოვიდ-19-ს ეპოქამ მსოფლიოში უამრავი რამე შეცვალა. ეს ცვლილებები დიდწილად შეეხო არქიტექტურას და მასთან გადაჯაჭვულ ბევრ დარგს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი უმთავრესი ტურიზმია. აშოკას დაპროექტებული ეს საოცარი მინის სახლი, რომელიც ჩამქრალ ვულკანზე, პალო უერფანოზე მდებარეობს, მესკიტის ხეებშია ჩაფლული და სრულიად იზოლირებულია, სტუმრებს იმ თავისუფლებას და ბუნებასთან კავშირს სთავაზობს, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ ასე დაგვაფასებინა.
Casa Etérea ორ ადამიანზეა გათვლილი. ის 75 კვადრატულ მეტრს მოიცავს და სრულიად ეკომეგობრულია – სახლი მზის ენერგიასა და წვიმის წყალზეა დამოკიდებული და ულტრაიისფერი გამოსხივების მქონე ზედაპირის წყალობით მისი შემინული ზედაპირი ჩიტებისთვის შესამჩნევი, ადამიანის თვალთათთვის კი შეუმჩნეველია.
სახლი ღია დაგეგმარების კონცეფციითაა აგებული და ორი ვერტიკალური ნაწილისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთს V ასოს ფორმის 120 გრადუსიანი გადაკვეთის წერტილით ერთიანდებიან. ცენტრალურ სასტუმრო ოთახსა და საძინებელში კედლიდან ჭერამდე გადაჭიმული მინის კარებიდან შესაძლებელია როგორც მექსიკური ხედით ტკბობა, ასევე ტერასაზე და აუზთან გასვლა, რომლებიც ზეთისხილისა და ბროწეულის ხეებითაა დაჩრდილული. იზოლირებული, ინტიმური სამზარეულოს უკან კი ვხვდებით კიბეს, რომელსაც სახურავზე ავყავართ.
ინტერიერში მეტალის ბოძები და ბეტონის კედლები იქცევს ყურადღებას. სახლში გვხვდება ბუნებრივი მასალები – ტყავი, ხე, ქვა… ხედით განებივრებული სპილენძის აბაზანა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტერიერის დეტალია, რომლის მთავარ ღირებულებას სწორედ მისი მასალა წარმოადგენს.
როგორც პროექტის ავტორი ამბობს, სახლზე მუშაობისას დიდად განიცდიდა „ემოციური არქიტექტურის“ ფენომენის გავლენას, რომელიც მექსიკელ არქიტექტორს, ლუის ბარაგანს (Luis Barragán) და მოქანდაკე-მხატვარს, მატიას გერიტზს (Mathias Goéritz) ეკუთვნით. Casa Etérea-ს შექმნის მიზანიც სწორედ არქიტექტურასა და ბუნებას შორის იდილიური კავშირის დაჭერა იყო, ექსტერიერის სარკული პანელებით ისეთი აბსტრაქტული ვიზუალის შექმნა, რომელიც ველურ და ადამიანის მიერ მოთვინიერებულ გარემოს შორის საზღვარს წაშლიდა და თითოეულ სტუმარს ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებდა.
ფოტოგრაფი: Kevin Scott