მექსიკაში მდებარე ეს გამორჩეული სახლი დააპროექტეს არქიტექტორებმა პერეს პალასიოსმა და ალფონსო დე ლა კონჩა როხასამ. მეპატრონეებს შეუძლიათ შაბათ-კვირას თავს მოდუნების უფლება მისცენ და დრო იზოლირებულ საცურაო აუზთან ჩამოკიდებულ ჰამაკში გაატარონ.
Casa La Quinta, რომელიც სან მიგელ დე ალიენდეში (ქალაქი ცენტრალურ გუანახუატოს შტატში) მდებარეობს, არქიტექტორებმა პენსიაზე გასული წყვილისთვის დააპროექტეს. 350მ2-ის სიდიდის სახლი სამი შიდა ეზოს გარშემოა განლაგებული, რათა მაცხოვრებლებს კერძო გარე სივრცეზე ჰქონდეთ წვდომა.
საცურაო აუზი და ჰამაკი რეზიდენციის მდებარე ყველაზე დიდ ეზოშია განთავსებული. მეორე ეზო არის ხრეშით დაფარული დასასვენებელი ადგილი, სადაც ხეებია დარგული, მესამე კი გაცილებით პატარაა.
„ეზოს სახით წარმოდგენილი სამი ცარიელი სივრციდან თითოეულს განსხვავებული ხასიათი, და დანიშნულება აქვს“ – ამბობენ პროექტის ავტორები.
პირველი სართულის სოციალური სივრცის გარემოსთან გაერთიანების მიზნით, არქიტექტორებმა ეზოსკენ განლაგებული ოთახების კედლებზე დიდი ფანჯრები და მცურავი მინის კარები დაამონტაჟეს. გარდა ამისა, ერთნაირი მასალები გამოიყენება (მაგალითად, ქვის იატაკი) როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში, რათა ერთიანობის შეგრძნება კიდევ უფრო გაძლიერდეს.
დანარჩენი ინტერიერისთვის მოპირკეთების მასალები მოიცავს თეთრად შეღებილ კედლებსა და ჭერის ხის სვეტებს, ეს უკანასკნელი, ქვის იატაკთან ერთად, ამ ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ელემენტია.
ღია დაგეგმარების მაღალი ჭერის მქონე მოსასვენებელი და სასადილო ოთახები, რომლებიც ყველაზე დიდ ეზოში გადის, მშვიდ ტონებში გადაწყვეტილი ავეჯითა და ნამუშევრებით არის გაფორმებული.
სამზარეულოში არსებულ ხის კარადებს, რომლებიც ჭერის ტონებს შეესაბამება, შესანიშნავად ერწყმის შავი ზედაპირები და გრძელი სანათები. აქედან შეგიძლიათ მოხვდეთ მთავარ საძინებელში, რომელიც გარდერობსა და აბაზანასაც მოიცავს.
კიდევ ორი საძინებელი განთავსებულია პირველი სართულის ერთ მხარეს. მესამე, ტერასასთან ერთად, სივრცის მეორე ბოლოს იკავებს. ეს ოთახები წარმოადგენს გაგრძელებას იმ მინიმალური ესთეტიკისა, რომელიც პირველ სართულზე გვხვდება.