დღევანდელ სტატიაში ახალ გახსნილ პრემიუმ კლასის სასტუმროს „Castor & Pollux“-ს ინტერიერს გაგაცნობთ, რომელიც პოლიკარპე კაკაბაძის 45 ნომერში მდებარეობს. დიზაინ პროექტი სტუდია „Objects“-ის მიერაა შესრულებული და სტუდიისთვის დამახასიათებელი ხელწერით გამოირჩევა.
პროექტის მიზანი იყო ყველასგან განსხვავებული სასტუმროს, რესტორნისა და ბარის შექმნა, რომელიც თითოეულ სტუმარს მაქსიმალურ კომფორტს შესთავაზებდა და სივრცეში ყოფნას დაუვიწყარ გამოცდილებად აქცევდა. სასტუმრო მდებარეობითაც გამოირჩევა და მისი ვერანდიდან თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები იშლება, რაც ობიექტის უნიკალურობაზე მეტყველებს.
დიზაინერებისთვის ნამუშევარზე მუშაობის მთავარი გამოწვევა სივრცის მასშტაბი აღმოჩნდა, რადგან როგორც დიზაინერები გვიამბობენ, 110 სასტუმროს ნომერზე აქამდე არასდროს უმუშავიათ. ასევე მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტორი, რომ პროექტი ძალიან სწრაფად, სამ წელიწადში დასრულდა და დროის სიმცირის მიუხედავად, სასურველი სახე მიიღო.
სასტუმროს მთავარი ხიბლი მისაღები სივრცეა, რომლის იატაკი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. სტუდია „Objects“-ის გუნდი აღნიშნავს, რომ ამ ელემენტის შთაგონების წყარო ცნობილი იტალიელი არქიტექტორისა და დიზაინერის, ჯიო პონტის სახელოსნოს იატაკი გახდა, რამაც სივრცეს შთამბეჭდავი იერი და გამორჩეული ესთეტიკა შესძინა. სივრცის ეს ნაწილი სითამამით, მკვეთრი, ფერადი ტონალობებით ხასიათდება და ნებისმიერი მნახველის აღფრთოვანებას იწვევს. ხის ელემენტები ჭერსა და კედლებზე და ოქროსფერი დეტალები ჰარმონიულად ერწყმის ფერად იატაკსა და დახვეწილი დიზაინის ორიგინალურ ავეჯს, რასაც ბუნებრივი გამწვანება კიდევ უფრო მიმზიდველსა და მომნუსხველს ხდის.
ცალკე აღნიშვნის ღირსია დეკორატიული განათება, რომელიც ოთახს უფრო მდიდრულსა და ელეგანტურს ხდის. კონკრეტული წერტილების გამოკვეთასთან ერთად, სანათები დეკორატიულ როლსაც ითავსებს და მიმზიდველი შტრიხები შეაქვს სივრცის დიზაინში.
მკვეთრი, მუქი ფერები ლობისთან ერთად ბარშიც მეორდება, რაც ამ ორ სივრცეს ერთმანეთთან აკავშირებს და ერთ მთლიანობას ქმნის. შედარებით სადა, მსუბუქი და ჰაეროვანი ინტერიერი გვხვდება რესტორანში, რომელიც სტუმრებს მრავალფეროვან ქართულ და უცხოურ სამზარეულოს სთავაზობს. ამ ზონაში დომინანტურ როლს კრემისფერი ტონალობა თამაშობს, რასაც დახვეწილი ავეჯი, ფერადი დეკორატიული განათება, აქსესუარები და ბუნებრივი გამწვანება მრავალფეროვან იერს ანიჭებს.
ნომრებში მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფერო იგრძნობა. თითოეულ მათგანში წამყვან ფერად ცისფერია შერჩეულია, რომელსაც იდეალურად ეხამება ოქროსფერი აქცენტები და საბოლოო ჯამში, ინტერიერს მდიდრული იერსახე ეძლევა. მინიმალიზმი და ელეგანტურობა თითოეულ ნომერშია გამოხატული, რასაც გემოვნებიანი ავეჯი, დიზაინობიექტები და განათება კიდევ უფრო ამშვენებს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს ოთახებში კარადები არ გვხვდება, მის მაგივრად მინიმალისტური საკიდებია გამოყენებული, რაც სივრცეს სახასიათოსა და ინდივიდუალურს ხდის. სასტუმრო ნებისმიერი გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანს სთავაზობს შესაბამის სივრცეს, მათ შორის, საოჯახო ტიპის ნომრებსა და სპეციალურ საჭიროებებზე მორგებულ ოთახებს, რაც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის.
თანამედროვე ავეჯითაა აღჭურვილი სასტუმროს აივნები, სადაც მოხერხებულად მოკალათება, დასვენება და ულამაზესი ხედებით ტკბობაა შესაძლებელი.
სასტუმროს ინტერიერს დახვეწილი ესთეტიკა და საოცრად მიმზიდველი დიზაინ გადაწყვეტა გამოარჩევს. თანამედროვე სტილის სივრცე მრავალფეროვნებითა და დახვეწილი სისადავით ხასიათდება. მთავარი შემოსასვლელი და ბარის ზონა შედარებით თამამი დიზაინით იქცევს ყურადღებას, რესტორანი და მოსასვენებელი ოთხები კი მინიმალისტური სტილით გამოირჩევა. ფერების, მასალებისა და ფორმების გემოვნებიანად შერწყმა სტუდია Object-თვის დამახასიიათებელი ოსტატობით არის შესრულებული, რაც საბოლოო ჯამში, ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც თითოეულ სტუმარს თავს განსაკუთრებულად და სასიამოვნოდ აგრძნობინებს.
პროექტის ავტორები: ქეთევან ასათიანი, ნუკა კორინთელი
ინტერიერის დიზაინის სტუდია: “Objects“