in

თიხა, როგორც თერაპია – ინტერვიუ Ceramic Room-ის დამფუძნებლებთან, ნინო საჯაიასთან და ქეთევან  ჭიჭივეიშვილთან

კერამიკის  წარმოება უძველესი დროიდან იწყება და დღემდე ინტერიერის თუ ექსტერიერის განუყოფელი ნაწილია. გამოყენებითი და არაგამოყენებითი დატვირთვით, ნებისმიერი სტილის პროექტში შეიძლება შეგვხვდეს როგორც დეკორაცია, მოპირკეთება თუ სამზარეულოს აქსესუარი. დღეს კერამიკის სახელოსნოების მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. თითქოს, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიური სამყარო, მით მეტად გვინდება ადამიანებს მიწასთან შეხება. თან თუ მიწას ხელოვნებასაც გავურევთ, ეს ერთობა არა მხოლოდ სულიერი, არამედ ფიზიკური სიმშვიდის მომგვრელიც ხდება. ალბათ არც თუ ისე უცნაურია, რატომ გვიზიდავს თიხა ასე ძალიან და მისი მრავალფუნქციურობის გარდა, რატომ ითვლება მასზე მუშაობა თერაპიის საუკეთესო საშუალებად.

დღეს ამ თემაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ ჩვენს ინტერვიუში Ceramic Room-ის დამფუძნებლებთან, ნინო საჯაიასთან და ქეთევან ჭიჭივეიშვილთან, რომლებმაც ადრეული ასაკიდან აღმოაჩინეს თიხის მრავალფეროვანი სამყარო.

მოგვიყევით თქვენ შესახებ, როდის დაინტერესდით კერამიკით?

ნინო სჯაია: თიხა. თითქმის ბავშვობიდან, ერთი ამოსუნთქვით გაკეთებული მარტივი და  მტკიცე არჩევანი იყო. არჩევანსაც ვერ დავარქმევ… სხვა არც არაფერი განმიხილავს საკუთარ თავთან. მას ყოველთვის უსასრულო განვითარების და უთქმელი ადამიანის, გამოთქმის შესაძლებლობად ვხედავდი ან ვგრძნობდი. შესაძლოა, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მხატვრების ოჯახში გაზრდამაც იქონია გავლენა. ვფიქრობ, 22 წლის შემდეგაც, დღეს კიდევ უფრო მტკიცე, საინტერესო და მრავალფეროვანია ჩვენი კავშირი.

ქეთი ჭიჭივეიშვილი: ჩემი დამოკიდებულება ხელოვნებასთან ყოველთვის დინამიკური იყო. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო, როგორც ციფრულად (პროგრამულად) ფორმატის შექმნა, ასევე მისი ფიზიკურ მასალაში გარდაქმნა.  ვფიქრობ, კერამიკაც განსაკუთრებულად გამორჩეული სფეროა თავისი უსასრულობით.

როგორ გაჩნდა Ceramic Room-ის  დაარსების იდეა?

საკმაოდ მარტივად, სხვა გზა არც იყო. ჩვენ სამხატვრო აკადემიაში პირველ კურსზე შევხვდით ერთმანეთს. ამ დღიდან იწყება ჩვენი მეგობრობა და შემდგომში სახელოსნოს დაარსების იდეაც. ალბათ ბუნებაში არ გვხვდება დასაწყისი განვითარების გარეშე. სივრცე, სადაც მუშაობა და უბრალოდ  ყოფნა გსიამოვნებს, სადაც თავისუფალი ხარ და ზედმეტი სიტყვები არც არის საჭირო.

თავიდან გარე და შიდა სივრცის ფუნქციონალური ნაწილით დავიწყეთ, კერძოდ ფილებით, რაც დღემდე Ceramic Room-ის ძირითად მიმართულებად რჩება. გარდა ამისა, სახელოსნოში იქმნება მრავალი სხვა ნივთიც. გამოყენებითი თუ არა გამოყენებითი, რომლებიც დროთა განმავლობაში იძენენ სხვადასხვა ფუნქციას თუ დანიშნულებას. განვითარების შემდეგი ნაბიჯი კი პატარა მაღაზია იყო. Ceramic room-ი სივრცეა, სადაც იბადება და ხორციელდება ჩვენი იდეები.

როგორია თქვენი ერთი დღე სახელოსნოში?

ყოველი დღე სახელოსნოში იშვიათადაა იდენტური, გამომდინარე ჩვენივე განწყობიდან. თავისუფლება გადაწყვეტილებებში, სიმშვიდე გარემოში, ხშირად უბრალოდ სასიამოვნო პროცესი… ეს დეტალები ქმნიან თითოეულ დღეს, რომელსაც ვატარებთ ამ სივრცეში. ალბათ ამ სიმშვიდეს  სახელოსნოში ქმნის დროის, ან საათის არარსებობაც.

თიხასთან ურთიერთობა ერთგვარი თერაპიაა… გვიამბეთ თავად პროცესის შესახებაც

თერაპიაა, როდესაც პროცესით იღებ სიამოვნებას და მხოლოდ შედეგზე არ ხარ ორიენტირებული. ამას თავისთავად მოაქვს შედეგიც.

თიხასთან ურთიერთობა ცოცხალი ურთიერთობაა. ორმხრივია. მოთმინებას, ზრუნვას გაგებას, შესწავლას და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. აქ ხშირად ხდება შეცდომებიც, რომლებსაც გპატიობს და პატიობ. ეს პროცესი დაუსრულებელი განვითარების მომტანია. როდესაც ვიწყებთ კონკრეტული ნამუშევრის შექმნას, გარკვეული გეგმების გათვალისწინებით, მუშაობის პროცესში, შესაძლოა ფორმა, დეტალები, ნახატი, ფერი  სრულიად გარდაიქმნას და მივიღოთ დაგეგმილზე უკეთესი ვერსია. ეს ტრანსფორმაციაც თერაპიის ნაწილია. თიხა არის მასალა, რომელიც ინახავს ყველა განცდას – ავს თუ კარგს. ის ცოცხალი ორგანიზმია და მოგვითხრობს ყველა  ემოციის შესახებ. ნამუშევრებს თითქოს დაღივით აქვს დასმული ხასიათი და განწყობა.

რა არის თქვენი შთაგონების წყარო და რა ემოციებს დებთ თქვენს ნამუშევრებში?

შთაგონების წყარო, როგორც წესი, თვითონ მუშაობის პროცესია. ეს ემოციაც ამ პროცესს თან ერთვის, რომელიც იფილტრება გარე დაბინძურებისაგან. მთლიანად ჩართული ხარ და ივიწყებ შენ შექმნილ თუ მოწოდებულ “მეს”. თითო ნივთის შექმნას თან დაჰყვება იმწამინდელი ემოციები, რომლებიც იქვე იბადება და სწორედ ეს ხდება შთაგონება იმისა, რომ უბრალოდ იმუშაო და აკეთო ის, რაც ამ შეგრძნებას გიქმნის. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც… მუშაობის დაწყებამდე დასახული კონკრეტული ესკიზების გარდა, შთაგონება პროცესის დროს მოდის, რაც გავლენას ახდენს ესკიზზე და შესაძლოა ჩანაცვლდეს კიდეც უფრო უკეთესი ვერსიით. მომდევნო ეტაპებიც მუდმივად ხსნის ახალ შესაძლებლობებს. ყველაზე საინტერესოა, როდესაც იდეები და პროცესები რადიკალურად იცვლება და ახალ მიმართულებას იღებ. ხშირად თიხასთან ექსპერიმენტული მიდგომა ხდება ყველაზე საინტერესო პროცესი და ზუსტად ეს არის ცოცხალი ურთიერთობა და შთაგონების მორევი.

გვესაუბრეთ თქვენი სტილის განვითარების ეტაპებზე. განიცადეთ თუ არა ამ მხრივ ტრანსფორმაცია? როგორ მოერგეთ თანამედროვე ტენდენციებს და რა სიახლეები გაქვთ?

 ვფიქრობ, ჩვენი სტილი თავად სტილისგან თავისუფალია და არც ვცდილობთ მის შექმნას. ის თვითმყოფადია, მორღვეულია ჩარჩოც და ზღვარიც. განვითარება კი დინამიკურად მიჰყვება თავად პროცესს. თუ თიხას შევხედავთ როგორც ხელოვნებას, მაშინ ამ არჩევანში მეტად თავისუფალი ხარ და “სტილიც” შენ დაგყვება, ამიტომ განსხვავებულია ხშირად ხელწერა, ფორმა, ფერი, მაგრამ ხასიათის ამოცნობა მარტივადაა შესაძლებელი. სადღაც მაინც ის შენი წერტილები რჩება. ეს ალბათ უფრო ჩანს, ვიდე ვამბობთ ან აღვწერთ. ამიტომ, რა რას ერგება ვერ ავხსნით, ალბათ უფრო ერთმანეთს მიჰყვებიან. რაც შეეხება სიახლეებს, ვგეგმავთ Ceramic room-ის გამოფენას საინტერესო და თემატურ სივრცეში. თუმცა, ამ ეტაპზე დროს ვერ ვაკონკრეტებთ.

რომელიმე ნამუშევარს ხომ არ გამოარჩევთ?

 რა თქმა უნდა, გამოვარჩევთ. ზოგი განსაკუთრებულად მოგვწონს, თუნდაც არ ითვლებოდეს საჩვენებელ პროდუქტად. შესაძლოა, მასში ის კონკრეტული ემოცია იდოს, რომელიც გვახსენებს მნიშვნელოვან მოვლენას, ფაქტს და სწორედ ამან გამოარჩიოს ის სხვებისგან. ბოლომდე კმაყოფილების განცდა მაინც არ არის ხოლმე, რადგან რაზეც იმუშავე და გააკეთე, შემდგომ ყურებისას ყოველთვის გთავაზობს ახალ ვარიანტს და განცდას, რომ ეს სხვა ფერი უკეთესი იქნებოდა, ან უფრო სხვა ფორმის აჯობებდა… შექმნილი პროდუქტი თითქოს თვალწინ თავიდან ფორმირდება და შემდგომ იბადება ახალი იდეაც.

რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

სამომავლო გეგმას რაც შეეხება, ესეც ბუნებრივად დაგვეწია – იგულისხმება მორიგი სივრცის შექმნა, ძველი თუ ახალი იდეების განხორციელება და ჩვენთვის ახალი ტექნოლოგიების შემოტანა. ვგეგმავთ ფილების ხაზის განვითარება-გაზრდასაც. ასევე ვაპირებთ მეორე მაღაზიის (ისევ პატარა სივრცის) გახსნაც, რომლის კონცეფციაც თიხის უსაზღვრო შესაძლებლობის სხვაგვარად დანახული სახე იქნება. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს…

დასასვენებელი სახლი ახალ ზელანდიაში