“Ceramic Room” ორი მეგობრის, ნინკა საჯაიასა და ქეთი ჭიჭივეიშვილის მიერ შექმნილი კერამიკის სტუდიაა, სადაც ქართული თიხისგან დამზადებულ საუცხოო ნამუშევრებს ვხვდებით. სტუდია 2010 წელს დაარსდა, სულ რამდენიმე ხნის წინ კი მას მაღაზიაც შეემატა, რომელიც ვ. ბარნოვის 30 ნომერში მდებარეობს.
“Ceramic Room”-ს ერთ-ერთ ბოლო ნამუშევარს წარმოადგენს პროექტი “კიბე”, რომელიც რუსთაველისა და გრიბოედოვის ქუჩებს ერთმანეთთან აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე პროექტის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია, ავტორების თქმით, მას ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული საბოლოო სახე და ახლო მომავალში ის დამატებითი დეტალებით შეივსება.
“კიბეში ექვსი მარშია, რომელიც შედგება 70 საფეხურისგან. მის საფეხურებში ჩასმული სათითაო ფილა, რომელიც ქართული თიხისგანაა შექმნილი, დამზადებული და მოხატულია ხელით.
თითოეული ფილის ძირითადი ზომა 10/10 სანტიმეტრია. კიბის მოსაპირკეთებლად, მთლიანობაში, ასეთი 2000 ფილაა გამოყენებული, რომლებიც საერთო ჯამში, ქართული ორნამეტის “Ceramic room”-ისეული ხედვითა და სტილით შექმნილ ერთ მთლიან პროდუქტს ქმნიან.
პროექტზე მუშაობისას ჩვენ შევეცადეთ, ერთ ადგილას მოგვეთავსებინა და სამუდამოდ ჩაგვებეჭდა ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი სხვადასხვა ქართული ორნამენტი და გადმოგვეტანა თანამედროვე ეპოქაში ისე, რომ არ დაგვერღვია მათი ძირითადი საფუძველი. პირიქით, გვსურდა, რომ ტრადიციული ჩუქურთმებისთვის შეგვეძინა ახალი სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, კიბის ყოველი საფეხური განსხვავებულია. იწყება თავისი ისტორიით, ფერით, სტილით და ასე გადადის ერთმანეთში ჰარმონიულად, დასაწყისიდან ბოლო საფეხურამდე”, – აღნიშნავენ პროექტის ავტორები Homeis.ge-თან საუბრისას.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.