„ნოსარას ჩაის სახლი“ კოსტა რიკაში, გუიონეს პლაჟზე, წყნარი ოკეანიდან სულ რაღაც 200 მეტრის მოშორებით მდებარე კერძო სახლის პროექტია. ცხადია, ზღვის სანაპიროზე ისეთი შენობის აგება, რომლის მასალა მყარი და გამძლე იქნებოდა, უკვე საკმაოდ რთული გამოწვევა იყო არქიტექტურული სტუდიისთვის. განსაკუთრებით გასათვალისწინებელი იყო კოსტა რიკას კლიმატი – აქაური ტროპიკული ჰავა, ცხელი მზე და ექსტრემალური წვიმები მასალის შლას იწვევს. სწორედ ამისთვის უნდოდა თავის არიდება დამკვეთს.
სახლში გამოყენებულია ქვა, თხელი ხე, ბუნებრივი ჩალა, შავი ფოლადი. სახლთან ერთად სეზონების ცვლილებასა და დროის გავლენას განიცდის გიგანტური პოჩოტეს ხე, რომელიც თითქოს მთელ პროექტს ერტყმის ირგვლივ და მას „ეხუტება“. რაც შეეხება ინტერიერ-ექსტერიერის დაგეგმარებას, აქ სივრცე დაყოფილია ჰორიზონტალურ, თითქმის მონოლითურ ნაწილებად, მაღალი, სქელი კედლებით, რომლებიც ხმასა და სიცხეს შთანთქავენ. სახლი მიწის დონესთან შედარებით მაღლაა აზიდული, რათა მზად დაუხვდეს პოტენციურ წყალდიდობებს. ჩალა და ხე ისე ოსტატურადაა ინტეგრირებული პროექტში, რომ დამთვალიერებელს აიძულებს მაღლა ახედვას, მათზე დაკვირვებას.
სახლის პროექტი იაპონურ გავლენას განიცდის. აქაურობის 80% სოციალიზაციისთვის გამოიყენება – სტუმრებთან, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად გასართობად, საჭმლის მოსაზამზადებლად და ა.შ., 20% კი იზოლირებულია და ჩაის ოთახების ტიპის მსგავსი კონფიგურაცია აქვს.
„ჩაის სახლის“ პროექტში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დეტალი ისაა, რომ ის არ დამთავრებულა. პროექტის ავტორების თქმით, იაპონური ინტერიერის დიზაინისა და არქიტექტურის გავლენით აქ კიდევ ბევრი დეტალის დამატებაა განზრახული, მათ შორის, შიდა ბაღის.
რუბრიკის წარმდგენია “ალიანს ჯგუფი”