in

ClassiCon – ახალი კლასიკა

გერმანული კომპანია ClassiCon 1990 წელს დაარსდა და საკმაოდ ახალგაზრდად ითვლება ავეჯის ბაზრის სტანდარტებით, სადაც ბევრი საწარმო სათავეს XX საუკუნის შუა ხანებიდან, ან თუნდაც დასაწყისიდან იღებს. ClassiCon-ის ბრენდმა იცის, როგორ დააკავშიროს კლასიკა და თანამედროვეობა ერთმანეთთან ჰარმონიულად და ეს მიდგომა ბრენდის სახელშივეა დაშიფრული. პირდაპირი თარგმანით სახელწოდება “ClassiCon” თანამედროვე დიზაინის კლასიკას ნიშნავს.

კომპანიის დაარსება

ClassiCon ბიზნესმენმა – შტეფან ფიშერ ფონ პოტურჟინმა დააარსა, რომელიც ლეგენდარული ხელოვნებისა და ინდუსტრიული ასოციაციის – Vereinigte Werkstätten-ის (დაარსდა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, მიუნხენსა და ბრემენში) დირექტორთა საბჭოს წევრი იყო. სახელოსნოებში, რომლებიც მხატვრებსა და დურგლებს აერთიანებდა, უნიკალური ავეჯი იწარმოებოდა. Vereinigte Werkstätten-ის ხელოვნების შემოქმედება, რომელიც ინდუსტრიული და ავანგარდული ავეჯის დიზაინის თვისებებს აერთიანებდა, თითო ეგზემპლარად ან შეზღუდული რაოდენობით მზადდებოდა. თუმცა, XX საუკუნის მეორე ნახევარში, როდესაც მსოფლიო მასობრივ წარმოებაზე გადავიდა, ზემოთ ხსენებული მიდგომა შემოსავალს ვეღარ გამოიმუშავებდა. ახალი კომპანია – ClassiCon პოსტინდუსტრიული სამყაროს შეცვლილ პირობებში Vereinigte Werkstätten-ის მემკვიდრე გახდა.

დიზაინის საკულტო ნამუშევრები

ახლად დაარსებული კომპანიის ყველაზე ღირებული აქტივი Vereinigte Werkstätten-ის სახელოსნოს ცნობილი კლასიკური წარმოების ლიცენზიები იყო. მაგალითად, XX საუკუნის დიზაინის პიონერების – ეილინ გრეის, ეკარტ მუთეზიუსის და ოტო ბლუმელის საკულტო ნამუშევრები. მათ მიერ შექმნილი ავეჯი თავიდანვე ClassiCon-ის პორტფელის საგანძურს წარმოადგენდა. კლასიკოსების გარდა, ფიშერ ფონ პოტურჟინი ასევე ეყრდნობოდა ახალ მოვლენებს, რისთვისაც მან მიიზიდა მრავალი თანამედროვე დიზაინერი, მათ შორის ისეთი ამომავალი ვარსკვლავები, როგორიც იყო ახალგაზრდა და იმ დროისთვის ჯერ კიდევ შედარებით ნაკლებად ცნობილი კონსტანტინ გრჩიჩი.

დღეს ClassiCon-თან თანამშრომლობს მსოფლიო დიზაინისა და არქიტექტურის ისეთი ნათელი სახელები, როგორებიც არის Barber Osgerby, Sauerbruch Hutton, Sebastian Herkner, Benjamin Hubert, Jader Almeida, Neri&Hu და მრავალი სხვა. ClassiCon-ის მიერ წარმოებული ავეჯის ისტორიული ნიმუშები გამოფენილია მსოფლიოს წამყვან თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში, როგორიცაა MoMA ნიუ იორკში, პომპიდუს ცენტრი პარიზში და საერთაშორისო დიზაინის მუზეუმი ლონდონში.

ოლივერ ჰოლი

2000-იანი წლების დასაწყისიდან ClassiCon-ის ხელმძღვანელობა გადაეცა მის ამჟამინდელ მფლობელს, ოლივერ ჰოლის, რომელიც გავლენიანი საერთაშორისო ბიზნეს დინასტიიდან – Hugo Boss-დან მოდის. ჰუგო ბოსის შვილთაშვილი – ჰოლი ბავშვობიდან იყო დაინტერესებული სახვითი ხელოვნებითა და არქიტექტურით, მაგრამ საკუთარ თავს მოდის ინდუსტრიის საოჯახო ბიზნესში ვერ ხედავდა. ასე რომ, 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც შესაძლებლობა გაჩნდა, ის სათავეში ჩაუდგა ახალგაზრდა ავეჯის კომპანიას – ClassiCon-ს, რომელიც მაღალი დონის ისტორიული დიზაინის და თანამედროვე მოდელების წარმოებაზე იყო ორიენტირებული.

ხარისხის ნიშანი

უმაღლესი დიზაინი და უკომპრომისო ხარისხი – ეს არის ბრენდის ფილოსოფიის ორი ძირითადი პუნქტი. იმის გამო, რომ ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია, ClassiCon კოლექციაში ავეჯის თითოეული ნაწილი ინდივიდუალურად არის დანომრილი და წარუშლელად დანიშნული, რაც ოსტატობისა და მაღალი ხარისხის მასალების გამოყენების გარანტიას წარმოადგენს. ორიგინალური ClassiCon-ის ავეჯის ყველა მყიდველი იღებს შესანიშნავ პროდუქტს, რომელიც უმაღლესი ხარისხის სტანდარტებს აკმაყოფილებს.

სილამაზისა და ხარისხის გარდა, ClassiCon-ის ახალი კოლექციების ავეჯი უაღრესად ფუნქციონალურია. კოლექციები მუდმივად ახლდება. მათ საერთო მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ფორმა და ფუნქცია წარმავალ ტენდენციებსა და მოდაზე უპირატესია. თითოეული ნივთი ოსტატურად არის შექმნილი. ისევე როგორც ClassiCon-ის ისტორიულ ნამუშევრებს, ბრენდის თანამედროვე კოლექციის ნიმუშებს დრო არ აშინებს.

მიმწოდებლები და წარმოება

მიუხედავად იმისა, რომ ClassiCon-ის სტილი კოსმოპოლიტურია, როდესაც საქმე ინდუსტრიული პარტნიორების შერჩევას ეხება, ბრენდის მიდგომა ძალიან პრაგმატული ხდება: ნდობას მხოლოდ ყველაზე სანდოები იმსახურებენ. 2002 წლიდან კომპანიის ყველა პროდუქტი მიუნხენში იწარმოება. ყველა საწარმოო პროცესის ერთ ადგილას თავმოყრის გადაწყვეტილება წარმოების კონტროლს უფრო საფუძვლიანს ხდის. ClassiCon-ის ავეჯი მასობრივად, მანქანა-დანადგარების საშუალებით არ იწარმოება, ამის ნაცვლად, ნამუშევრები ფორმას წარმოების პროცესის თითოეული მონაწილის მაღალი ოსტატობის წყალობით იძენს. ბრენდის წარმოების მრავალ პარტნიორს საოჯახო ბიზნესი წარმოადგენს, რომელსაც ClassiCon-ის მენეჯმენტი დიდი ხანია პირადად იცნობს და მის მაღალ პროფესიონალიზმში დარწმუნებულია.

ClassiCon-ისთვის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ავეჯის ბრენდირებული მარკირება არა მხოლოდ ადასტურებს მის ავთენტურობას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ხარისხიანი მომსახურების გარანტს წარმოადგენს. კომპანია პატივისცემით ეპყრობა პროექტებს და კონკრეტული მოდელის დიზაინში ცვლილებები მხოლოდ ავტორთან შეთანხმების შემდეგ შეაქვს.

არქიტექტორებთან თანამეგობრობა

ClassiCon-ის საქმიანობაში კიდევ ერთი უნიკალური სიახლეა არქიტექტორებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს დააპროექტონ ClassiCon-თან ერთად და თავიანთი არქიტექტურული პროექტისთვის ქარხანას საკუთარი კოლექცია შეუკვეთონ. არქიტექტურულ ბიუროსთან – Sauerbruch/Hutton-თან თანამშრომლობით, ავეჯი შეიქმნა მათ მიერ აშენებული მიუნხენის Brandhorst-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმისთვის. სხვა პროექტებში შედის ავეჯის კოლექცია ჩეხეთის რესპუბლიკაში გოეთეს ინსტიტუტისთვის, სასტუმროს ავეჯი მიუნხენში და ა. შ.

დღეს ClassiCon-ის პროდუქცია 66-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო მონობრენდული შოურუმები ციურიხში, სეულში, სიდნეიში და ტოკიოშია გახსნილი.

სახლი ლისზე პასტელური ტონებით – სტუდია “დუეს” ნამუშევარი

როგორ ვიმუშაოთ ფერთან: ექსპერტების 10 რჩევა